GE

შაკო გორიდან, ანი ჭიათურიდან და კახა თბილისიდან – ისტორიაში მაღალქულიანების ისტორიები

ამ სტატიაში, მომავალ დიპლოპატსა და იურისტებს გაიცნობთ ზოგიერთი იმ აბიტურიენტების სახით, რომელთაც ისტორიაში უმაღლესი ქულები აიღეს. შაკო გორიდან, კახა თბილისიდან და ანი ჭიათურიდან EDU.ARIS.GE-ს მკითხველს თავიანთ ისტორიას უყვებიან და იმ ფაქტორებსაც გვიმხელენ, რამაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი წარმატება განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გაგვიჭირდა მოგვეძებნა აპლიკანტები, რომელთაც ისტორიის გამოცდაში უმაღლესი – 60 ქულა მიიღეს. აბიტურიენტები ჩვენს ამ სურვილს გაღიზიანებითაც კი ხვდებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ უამრავმა მათგანმა ზღვარიც კი ვერ გადალახა და მასიურად დაბალი ქულები დაიწერა. ამის დანამდვილებით თქმა, სტატისტიკის გამოქვეყნებამდე, შეუძებელია, თუმცა ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში აბიტურიენტები რთულ ტესტზე, დამაბნეველ დავალებებსა და ორაზროვან კითხვებზე ჩივიან.

ერთ-ერთი უმაღლესქულიანი აბიტურიენტი, რომლის მოძებნაც შევძელით, შაკო ხიზანიშვილია, რომელმაც ისტორიაში მასქიმალური – 60 ქულა აიღო. მან გორის მე-9 საჯარო სკოლა დაასრულა და საერთაშორისო სამართლის შესწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში აპირებს.

„ჩემი წარმატება, პირველ რიგში, საგნის დიდმა სიყვარულმა განაპირობა. ისტორია ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საგანი იყო და ყოველთვის საფუძვლიანად ვსწავლობდი. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი ჩემი სკოლის მასწავლებელს მიუძღვის. მისი დამსახურებაცაა და იმ შრომის შედეგისაც, რომელსაც წლების განმავლობაში ვდებდი. აუცილებლად მინდა გამოვყო ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით, მამაჩემის მხარდაჭერა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა. ასევე, დიდი იყო კლასელების, სკოლის, დამრიგებლის თანადგომა. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობდი.

„იურისპრუდენცია ძალიან მომწონს. თავიდანვე ამ სფეროში მოღვაწეობა მინდოდა. საერთაშორისო განხრა კი მეტ შესაძლებლობას მაძლევს საზღვარგარეთ გავიდე და ჩემი თავი იქაც წარმოვაჩინო“, – აცხადებს შაკო.

მისი თქმით, აბიტურიენტების პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტი გაუჭირდათ, არ უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ შაკოს აზრით იქ არაპროგრამული არაფერი ყოფილა, დასძენს, რომ არაერთი საკითხი არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნას, არამედ მათზე ლოგიკურ მსჯელობასა და ნიუანსების სრულ გააზრებას მოითხოვდა.

„ტესტები ნამდვილად არ იყო რთული, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც სკოლაში არ გვისწავლია. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ გასააზრებელი კითხვები, რომელთაც შედარებით დიდი დრო სჭირდებათ. ახალი არაფერი იყო, მაგრამ პროგრამის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვდა. ვფიქრობ, ბევრს იმიტომ გაუჭირდა, რომ თარიღებთან ერთად საჭირო იყო ფაქტებს შორის ლოგიკური ჯაჭვის დადგენა. ისტორიის ტესტებში, ბოლო წლებში, ეს ტენდენცია მოდის – უფრო ლოგიკურ აზროვნებასა და მსჯელობაზეა დაფუძნებული და ამას საკმაო დრო მიაქვს. შესაბამისად, ხანდახან შედეგი ისეთი არ არის, როგორსაც ელიან.

„სხვათაშორის, რამდენიმე საკითხი საკმაოდ ორაზროვანიც იყო. ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემას თითოეული ნიუანსის სრულფასოვნად ცოდნა სჭირდება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სწორი პასუხის გაცემა შესაძლებელი. მაგალითად, დახურულბოლოიან შეკითხვებში რამდენიმე ისეთი იყო, რომ შეიძლებოდა ორი სავარაუდო პასუხი მიგესადაგებინა. თუმცა, თუ ყველა დეტალს გაითვალისწინებდი, მიხვდებოდი, რომ სწორი მხოლოდ ერთი პასუხია და ამ პასუხამდე მისვლა ძალიან რთულია ხოლმე“, – გვეუბნება შაკო.

ანი კაპანაძემ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახეობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა დაამთავრა. ის მომავალი იურისტია. სამართლის ფაკულტეტზე სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში, ან თავისუფალ უნივერსიტეტში აპირებს. მან ისტორიაში 59 ქულის აღება შეძლო.

ამ პროფესიას რომ აირჩევდა, ბავშვობიდან იცოდა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ იტანს. მისი ეს ხასიათი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში გამოჩნდა, როცა მუდმივად დაჩაგრულს ესარჩლებოდა. მას შემდეგ, რაც ცოტა წამოიზარდა, გადაწყვიტა  უსამართლობასთან უკვე პროფესიულ დონეზე ებრძოლა.

„ყოველთვის მინდოდა სისტემაში არსებული ხარვეზები გამომესწორებინა. ვერ ვეგუები უსამართლობის ფაქტს და არ მინდა ასე შორიდან ვებრძოლო. მინდა უშუალოდ პროცესებში ვიყო ჩართული. ვაპირებ  უცხოური განათლებაც მივიღო, მაგრამ ასევე მინდა ჩემი ცოდნა სამშობლოს გამოადგეს. არ მინდა რომელიმე სხვა ქვეყანაში ვიმუშავო და ჩემი განათლებაც სხვა ქვეყანამ გამოიყენოს“, – ამბობს ანი.

ამბობს, რომ საკუთარ წარმატებაში სკოლას და ისტორიის პედაგოგს გადამწყვეტი როლი მიუძღვით. ამ საგნით დაინტერესებული ყოველთვის არ ყოფილა. ანი გვიყვება, რომ ისტორია მისი საყვარელი საგანი მეცხრე კლასიდან გახდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიის შესწავლა დაიწყეს.

“სკოლის მასწავლებელმა კი ჩაუყარა საფუძველი ჩემი ისტორიისადმი სიყვარულს, მაგრამ ბოლო წელს, ჩემმა რეპეტიტორმა, ნარგიზა კუტალიამ ეს სიყვარული განავითარა და განმიმტკიცა. მისი თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, რომ მისმა მოსწავლეებმა კარგი შედეგები დავდეთ“, – დასძენს ის.

აღსანიშნავია, რომ ანი უკვე მეორეა აღნიშნული სკოლიდან და თავისი კლასიდან, ვინც უმაღლესქულიანების რანგში ჩვენს რესპონდენტებს შორის მოხვდა. მისი აზრით, რაიონში მდებარე პატარა სკოლა და ის ფაქტი, რომ მის კლასში მხოლოდ 12 მოსწავლე იყო, უკეთეს განათლებას განაპირობებს.

„რაც უფრო ცოტა მოსწავლეა, მასწავლებელს მეტი შესაძლებლობა ეძლევა გასწავლოს, გამოგკითხოს, ხარვეზი გამოგისწოროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უმჯობესია საკლასო ოთახში ნაკლები მოსწავლე იჯდეს, რადგან მასწავლებელს მეტი შანსი აქვს დაინახოს თითოეულის შესაძლებლობა და აღმოფხვრას ნაკლოვანებები“, – მიიჩნევს ანი.

59 ქულა აიღო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულმა კახა კირეულიშვილმაც, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიას თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლება. გადაწყვეტილი აქვს, რომ მაგისტრატურაზე სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრება, შემდეგ კი დაბრუნდება და დიპლომატის კარიერის აწყობას თავისი ქვეყნიდან შეეცდება.

„ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა  და ყოველთვის კარგად ვსწავლობდი.  შესაბამისად,   ტესტი ადვილი იყო და მისი შესრულება არ გამჭირვებია. ასევე ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული დიპლომატიისა და პოლიტიკის სფეროთი“, – ამბობს ის და დასძენს, რომ სკოლამ და მასავლებლების პროფესიონალიზმმა ამ სურვილის შესრულების საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიის ქულები დღეს გამოქვყენდა და ასევე, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ სტატიაში წარმოდგენილია მხოლოდ ზოგიერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური