GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „,IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა 2019“ გაიმართა

17 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ,,იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადა 2019” გაიმართა. საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, ზუგდიდი) დაფინანსების მოსაპოვებლად 1500-მდე აბიტურიენტმა მოიყარა თავი.

,,დიდი იმედი მაქვს, რომ სასწავლო გრანტს მოვიპოვებ. ჯერ არ დავრეგისტრირებულვარ, თუმცა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია. იბსუ-ს სწავლის ხარისხი და საუნივერსიტეტო აქტივობები მოტივაციას მაძლევს, რომ სტუდენტი გავხდე’’, – აღნიშნა აბიტურიენტმა.

,,ჩემი შესაძლებლობებით იმდენად კმაყოფილი არ ვარ, მგონია, რომ მეტი შემეძლო, თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ამ უნივერსიტეტში ჩაბარებისას გარკვეული შეღავათებით ვისარგებლებ’’, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

,,დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ გრანტის მოპოვებას. უნივერსიტეტები არჩეული გვაქვს უკვე და და სიის სათავეში სწორედ შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელია. ჩვენთვის ძალიან დიდი რამეა მსგავსი ტიპის ოლიმპიადები, როგორც ფინანსურად, ასევე მოტივაციისთვის’’, – განაცხადა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

,,წელს ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი უპრეცედენტო იყო. თითქმის ორმაგი, რაც გასულ წლებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ოლიმპიადის მასშტაბურობაზე. გვიხარია, რომ უამრავმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ’’, – გვითხრა სალომე სუხიშვილმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულთა ვინაობა 2 კვირაში გახდება ცნობილი. მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტები iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100% -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით დაჯილდოვდებიან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 15 წელზე მეტია, რაც მსგავსი ტიპის სასკოლო ოლიმპიადას ატარებს. ყოველწლიურად დაინტერესებულ აბიტურიენტთა რიცხვი კი მატულობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური