GE

შეცდომის დაშვების შიში მოსწავლეებში – „როცა რაღაცას არასწორად ვამბობ ან რამეს ვერ ვიგებ, მასწავლებლებისგან ძირითადად ირონიული პასუხები მოდის“

ყველაფერს სკოლაში ვერ ვისწავლით და მხოლოდ სკოლა ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რა ღირებულებები ჩამოგვიყალიბდება და რა თვისებები გვექნება. მთელი ეს პროცესი, რასაც ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში გადის, ვერ იქნება მხოლოდ ერთ ინსტიტუციაზე დამოკიდებული. თუმცა, ჩემთვის სკოლაში ერთ მასწავლებელს მაინც რომ ეთქვა, რომ შეცდომების დაშვება ტრაგედია არ არის, რომ ყველაფრის ცოდნა ჩვენი ვალდებულება არ არის და ნიშანს არა დაშვებული შეცდომების, არამედ სწორი პასუხების რაოდენობა განაპირობებდა, იქნებ არც უნივერსიტეტის პირველ სემესტრს ჩაევლო ფუჭად. იქნებ, აღარ შემშინებოდა ხელის აწევის და აუდიტორიაში საკუთარი აზრის დაფიქსირების.

ბუნებრივია, სკოლის დასრულების შემდეგაც არის შესაძლებელი იმ თვისებების გამომუშავება, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თორმეტი წლის განმავლობაში მკაცრად ჩაბეჭდილი დამოკიდებულებების შეცვლას დიდი დრო სჭირდება. დრო კი ჩვენს რეალობაში ყველაზე ძვირფასი რამაა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს განათლების სისტემა დროის საკითხს არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, რაც შეიძლება, გვიან დაიწყონ.

დღეს მე აღარ მეშინია შეცდომების დაშვების, მაგრამ წლების განმავლობაში, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით, ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი. სამწუხაროდ, მოსწავლეთა უმრავლესობა დღესაც იმავე გზას გადის, ისევ ისე თრგუნავს საკუთარ თავში ცნობისმოყვარეობას, ისევ ისე ჩუმად, მხოლოდ გვერდით მჯდომი კლასელის გასაგონად ჩაილაპარაკებს პასუხს მასწავლებლის დასმულ შეკითხვაზე, როგორც მე 2000 – დან 2012 წლამდე.

,,მახსოვს, მერვე კლასში ერთ-ერთ საგანში ჯგუფური სამუშაო გვქონდა. ჩემმა ჯგუფმა მოცემულ დავალებაში რაღაც სიტყვა არასწორად გაიგო. მასწავლებლისგან ძალიან ცუდი რეაქცია წამოვიდა, როგორ შეიძლება მერვეკლასელმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდეს, საერთოდ წიგნებს თუ კითხულობთო. ეს დღე კარგად მახსოვს, რადგან მაშინ თავი დამნაშავე მეგონა, ის სიტყვა რომ არ ვიცოდი”, – ნინა, 17 წლის.

განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი სოფო მელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ხაზს უსვამს ადამიანის განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის პროცესში შეცდომების დაშვების აუცილებლობას.

სოფო მელაძე: „ადამიანი, რომელსაც შეცდომის დაშვების ეშინია, ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას აწყდება: ის არ გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, არ საუბრობს საკუთარ ინტერესებზე, მიზნებზე. უჭირს საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ჩვენში ამ უნარის დათრგუნვას იწვევს სკოლა, ოჯახი, საზოგადოება და სოციუმი, რომელშიც ვიმყოფებით. ყველა ზემოთჩამოთვლილი ინდივიდს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, რაც საბოლოო ჯამში, მასში იწვევს შიშს, რომ სხვებს იმედი არ გაუცრუოს“.

„პირადად ჩემთვის სკოლაში არავის უსწავლებია, რომ შეცდომების დაშვებით რაღაც ახლის სწავლა შეიძლება. პირიქით, როცა რაღაცას არასწორად ვამბობ, ან რამეს ვერ ვიგებ, მასწავლებლებისგან ძირითადად ირონიული პასუხები მოდის“ – ლიკა, 15 წლის.

ფსიქოლოგი სოფო მელაძე საუბრობს ასევე შეფასების სისტემის ხარვეზებზე. ახალი სკოლის მოდელის მიხედვით, შეფასება არ უნდა იყოს მხოლოდ ნიშნებზე მიბმული. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი სწავლობენ სწავლისთვის და არა ნიშნებისთვის. ახალი სკოლის მოდელი 2018 წელს დაინერგა და როგორც აღნიშნავენ, 2024 წლამდე ეტაპობრივად ყველა სკოლაში უნდა ინტეგრირდეს. 2024 წლამდე სამი წელია დარჩენილი. 2018 წლიდან დღემდეც სამი წელი გავიდა, მაგრამ მოსწავლეები, რომლებსაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, ახალი მოდელის პრინციპებით ნამდვილად არ სწავლობენ. საინტერესოა, იქნება თუ არა მომდევნო სამი წელი უფრო ეფექტური, ვიდრე განვლილი.

„როცა მოყოლის ან წერის დროს შეცდომას ვუშვებთ, ნიშანს გვაკლებენ. უფრო მეტი ყურადღება ნიშანს ექცევა, ვიდრე სწავლას. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. განსაკუთრებით ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ჩემი აზრით, ნიშნებს ამხელა ყურადღება რომ არ ექცეოდეს, არც შეცდომის დაშვება დაგვსტრესავდა და მათი გამოსწორების მოტივაციაც უფრო გვექნებოდა“, – სალომე, 16 წლის.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სკოლის მოდელის დანერგვის პროცესში ძალიან დიდია ცალკეული მასწავლებლების როლი. მათი ჩართულობისა და მზაობის გარეშე, რთულია საკლასო ოთახში მოსწავლისთვის საჭირო და ღირსეული გარემოს შექმნა. მიუხედავად მითითებებისა და რეკომენდაციებისა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწორედ მასწავლებლების პირისპირ რჩებიან. შესაბამისად, მასწავლებლებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც შეცდომის დაშვება სწავლების პროცესის ნაწილი იქნება, კითხვის დასმა კი მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გამომხატველი.

„როდესაც მოსწავლე ვიყავი, აღნიშნული საკითხი ჩემთვის დიდ გამოწვევად იქცა. მახსენდება არაერთი შემთხვევა, როცა შეცდომის დაშვების შიშით, დისკუსიაში არ ჩავერთე და პასუხი, რომლის გაზიარების გამბედაობაც არ მეყო, მართებული აღმოჩნდა. ეს ჩემს თვითშეფასებას სერიოზულ ზიანს აყენებდა და მომდევნო გაკვეთილზე აზრის გამოთქმის სურვილს კიდევ უფრო მიკარგავდა.

არსებული გამოცდილების საფუძველზე, ვცდილობ მოსწავლეებთან ერთად ხმამაღლა გავიაზრო, რომ მოსაზრების თავისუფლად გამოთქმა, რომელიც შესაძლოა კონკრეტულ კითხვაზე მართებულ პასუხს არ გულისხმობდეს, არათუ ნებადართული, არამედ აუცილებელია. ამ აუცილებლობის საფუძველი კი ის არის, რომ გარდა სოციალიზაციის ხელშეწყობისა, გაზიარების პროცესი პასუხისმგებლობასთან ერთად თავდაჯერებულობას გვმატებს და ამასთანავე, შესაძლებლობა გვეძლევა, გავერკვეთ რა გამოგვრჩა მსჯელობისას, რამდენად ახლოს ვართ სწორ პასუხთან და ვიფიქროთ მის მნიშვნელობაზე” – აღნიშნავს ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ლაშა ჩალაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

„ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლაში ჩემი აზრის დაფიქსირების შემშინებია ზუსტად იმიტომ, რომ არ მინდოდა შეცდომა დამეშვა. ბევრი მასწავლებლისგან მომისმენია, შეცდომებით ვსწავლობთო, მაგრამ ზუსტად ამავე მასწავლებლებთან დამიშვია შეცდომები და მათ არ უპატიებიათ. ბევრჯერ ვყოფილვარ მართალი, მაგრამ შემშინებია პასუხის გაცემის, ისინი რომ არ გაბრაზებულიყვნენ და თავი შემიკავებია. მასწავლებლების დიდი ნაწილი ნიშნებით გვაშინებს, რაც მოსწავლეებს ძალიან გვთრგუნავს,“ – მანჩო, 12 წლის.

ახალი სკოლის მოდელის მიხედვით, დირექტიული სწავლება, სადაც სწავლების პროცესის მთავარი ცენტრი მასწავლებელია, უნდა შეიცვალოს კონსტრუქტივისტული სწავლებით. ეს გულისხმობს, რომ მასწავლებელი და მოსწავლე ერთ სიმაღლეზე უნდა იყვნენ, მათ ერთად უნდა აღმოაჩინონ, ერთად ისწავლონ. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მასწავლებელი არის სწავლის კონსულტანტი, რომელიც ბავშვის დაინტერესებას ცდილობს ცოდნით, სიახლეებით და არა ნიშნებით.

სოფო მელაძე: „როცა მასწავლებელი ბავშვს აჩვენებს, რომ თავადაც უშვებს შეცდომებს და არის რაღაცები, რაც არც თვითონ იცის და მასთან ერთად სწავლობს, მოსწავლეს უკვე აღარ ეშინია შეცდომების დაშვების და ის იწყებს ექსპერტირებას“.

„არიან მასწავლებლები, რომლებიც კეთილგანწყობილად მიგვითითებენ შეცდომებზე და არიან ისეთებიც, რომლებიც ყვირიან და დაუბრალებიათ, რომ არ მისმენ, მაგის ბრალია, არასწორად რომ ხსნი ამოცანასო. არადა ვუსმენდი, უბრალოდ ვერ გავიგე და დიდად სურვილი არც მაქვს ხოლმე, რომ ჩავეკითხო. ყველა ჩაკითხვა და ვერ გაგება ჩხუბთან და კონფლიქტთან ასოცირდება. მეც აღარ ვეკითხები. ან ვიწერ დავალებას სხვა კლასელებისგან, ან საერთოდ არ ვაკეთებ. ძალიან მიჭირს ასეთ გაკვეთილებზე კონცენტრირება. სულ ვფიქრობ, რომ რამე არ შემეშალოს“ – დათო, 13 წლის.

შეცდომის დაშვება ადამიანის ცხოვრების თანმდევი პროცესია და ეს პროცესი იწყება მაშინ, როცა ის სიარულს სწავლობს. სანამ გაივლის ძალიან ბევრჯერ ეცემა. ეცემა და დგება. და ამას აკეთებს, სანამ მყარად არ დადგება ფეხზე. სწორედ ეს უნდა იყოს სწავლების მთავარი პრინციპი – მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, შეცდომების დაშვების გზით აღმოაჩინონ ახალი და მრავალფეროვანი სამყარო.

ამავე თემაზე:

მზად არის სკოლა და მასწავლებელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის? – პედაგოგებისა და ექსპერტის თვალით დანახული სინამდვილე

„დღეს განათლების სამინისტროს ყველა კარი ჩაკეტილია, გადაწყვეტილებებს განხილვების გარეშე, ან სასურველი NGO-ების დახმარებით იღებენ“

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური