„შეგუება მასწავლა“ – რა მომცა სკოლამ, სადაც 12 წელი გავატარე
თუ დავფიქრდებით, ჩვენი ცხოვრების 12 წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სკოლაში გვაქვს გატარებული. ეს დრო საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ უამრავი ტკბილ-მწარე მოგონება გვქონდეს გასახსენებელი. ვინ მოგქაჩა თმაზე, როცა პირველ კლასში იყავი, ვინ შეგიჭამა საყვარელი სასუსნავი, ვინ დაგიწერა პირველი ცუდი ნიშანი, რამდენჯერ ყოფილხარ შატალოზე, ვინ იყო კლასის ყველაზე დაუმორჩილებელი მოსწავლე, ვინ სწავლობდა ყველაზე კარგად და რომელ მასწავლებელს აბრაზებდით განსაკუთრებით… მოგონებები, რომლის გახსენებასაც შეძლებთ, მართლაც უამრავია.
EDU.ARIS.GE – მ 2023 წლის ბოლო ზარის დღეს, მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოების თითმის ყველა წევრს ჰკითხა – რა ასწავლათ ან რა მიიღეს მშობლიური სკოლისგან.
ნუცა აბესაძე, 175-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: სკოლამ მომცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მგონია, რომ მთავარია ცხოვრებაში -მეგობრები, ცოდნა და მოტივაცია! იმედი მაქვს, რომ როცა სტუდენტი გავხდები, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩემი სამეგობრო წრე და მინდა, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინო.
კითხვაზე, რას გაიხსენებდა განვლილი 12 წლიდან, ნუცა ამბობს, რომ არაფერს ცუდს და ნეგატიურს: ყველაფერს სუკეთესოს გავიხსენებ. ეს მოგონებები და ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება.
ანი გეორქიანი, კურსდამთავრებული: ყველაზე კარგი წლები ონლაინ სწავლების გამო გამოვტოვეთ. ალბათ, ყველაზე კარგი მოგონება, რაც მახსენდება, არის ის, რომ წელს წავედით მთელი კლასი ერთად გასართობად და ძალიან ვიმხიარულეთ, ბავშვობიდანაც მაქვს მოგონებები, მაგრამ ეს მახსენდება განსაკუთრებულად.
რაც შეეხება კითხვას, რა მომცა სკოლამ გეტყვით, რომ სკოლამ მომცა სამი რაღაც. პირველი – მასწავლა შეგუება. ეს, შეიძლება, ცუდად ჟღერდეს ერთი შეხედვით, მაგრამ ვიცით, რომ გამოწვევები და რთული სიტუაციები მომავალშიც გვექნება და მგონია, ეს დაგვეხმარება წინააღმდეგობების დაძლევაში. სკოლამ ასევე მომცა ბაზისური ცოდნა, რომელსაც გავიღრმავებ და რასაკვირველია, მომცა მეგობრები. ბედნიერი ვარ მეგობრებისთვის.
175-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი მზია ბექაური კი იხსენებს, რომ მოსწავლეობის პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო.
“სხვა თაობა ვარ და სკოლაში 10 წელი გავატარე. სკოლამ ერთ ოჯახად შეგვკრა. ყიოველთვის იყო ცელქობები, ახლაც არის და მიხარია, რომ სკოლას არ დაუკარგავს მხიარულება. ვფიქრობ, სკოლის მოგონებები ისეთი წარუშლელია, მთელი ცხოვრება გაგვყვება. ამიტომ, ხშირად გავიხსენოთ სკოლა”, – გვითხრა მზია ბექაურმა.
სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი, ნანა ტუღუში კი, მძიმე პანდემიურ პერიოდს იხსენებს და ფიქრობს, რომ ამ დიდი გამოწვევის მიუხედავად, მოსწავლეებმა მათ თაობაზე მეტი ცოდნა მაინც მიიღეს:
“პანდემიის პერიოდი მართლაც მძიმე იყო მოსწავლეებისთვის, მაგრამ მგონია, რომ იმაზე მეტი ნამდვილად ისწავლეს, ვიდრე ჩვენ. ეს თაობა ისეთი განსაკუთრებულია, ყველაფრიდან შეუძლია სწავლა და ცუდიც აძლიერებთ. მინდა, ჩემს შვილს და ყველა მის თანატოლს ვუსურვო წარმატება, სკოლას და მასწავლებლებს მარტო ისინი კი არა, ჩვენც ხშირად გავიხსენებთ, ვაფასებ თითოეული პედაგოგის შრომას და გათენებელ ღამეებს”.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება