ემიგრანტი მასწავლებლის სიურპრიზი ბოლო ზარის მთავარ გმირებს და ემოციური ვიდეო მიმართვა იტალიიდან ქუთაისში
საქართველოდან წასულ ათასობით ემიგრანტს შორის ღვაწლმოსილი პედაგოგებიც არიან, რომლებმაც სამშობლო და საკუთარი პროფესია სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს და თითოეული მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება, მათთვის განსაკუთრებულად ემოციურია.
19 მაისს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარი იზეიმეს. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ერთი წლის წინ ემიგრაციაში წასული ქუთაისელი პედაგოგისთვის. ამჟამად იტალიაში მყოფი ნინო გურეშიძე, ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი გახლავთ 27 წლიანი გამოცდილებით.
როგორც ის EDU.ARIS.GE – სთან საუბარში აღნიშნავს, ვერ შეძლო, ამ ბედნიერ დღეს ფიზიკურად ყოფილიყო თავისი მოსწავლეების გვერდით, თუმცა მოიფიქრა ის, რაც მოსწავლეებისა და მისი კოლეგებისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდიდა ამ შთამბეჭდავ დღეს.
ნინო მასწავლებელმა, დედის დახმარებით, ქუთაისის ერთ-ერთ საკონდიტროს განსაკუთრებული სიურპრიზის მომზადებაში დასახმარებლად მიმართა და კრეატიული საჩუქარი, წერილთან ერთად სკოლაში, ზუსტად ბოლო ზარის დღეს მიიღეს.
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო!
დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი. ჩემი ოცდაშვიდწლიანი სასკოლო მოღვაწეობის მანძილზე, უჩემოდ დაირეკა ბოლო ზარი…
დიდი სიხარულით და უსაზღვრო მოლოდინით ვხვდებოდი ამ დღეს! ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, თითქოს მეც ვამთავრებდი, თითქოს ჩემთვისაც იწყებოდა ცხოვრების ახალი ეტაპი. წელსაც მოვემზადე, ამჯერად თქვენგან, ჩემი სამშობლოდან შორს. ამჯერადაც დიდი გულმოდგინებით, განსაკუთრებულად თქვენთვის, თქვენი სიყვარულისთვის დავიწყე მომზადება, რომ გადმომეცა ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემა.
მეძვირფასება თქვენთან გატარებული ყოველი წუთი. მეამაყებით თითოეული თქვენგანი და მინდა, რომ იყოთ ბედნიერები, წარმატებულები და გახარებულები!
ჩემი საჩუქარი, რომელსაც გიგზავნით გაგიხალისებთ ამ დღეს. თქვენგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ახლა ვარ თქვენთან ერთად და კვლავაც გართობთ და გეფერებით!
ასახელოთ თქვენი ქვეყანა, თქვენი ოჯახები და თქვენი სკოლა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წარმატება არ მოგაკლოთ შინ და გარეთ! მუდმივად თქვენი გულშემატკივარი ნინო მასწავლებელი.
ასევე იხილეთ:
პედაგოგის წერილი ბოლო ზარის დღეს – „ასე მივიღებთ აზრიან მოქალაქეს მოსწავლისგან“
მოამზადა მზეო შველიძემ
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან