შუალედური და ფინალური გამოცდები – რა ცვლილებებს ახორციელებს თსუ სტუდენტების შეფასების მიზნით
უნივერსიტეტებში შუალედური ფინალური გამოცდებისთვის ემზადებიან და გამოცდების ჩატარების ფორმებზე ამ დრომდე მუშაობენ. ონლაინ სწავლების პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების შეფასების ფორმებმა გარკვეული ადაპტაცია განიცადა. ფინალური გამოცდის ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით კი რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ არსებული რეჟიმის პირობებში გამოცდების ჩაბარება გაუჭირდებათ, რადგან ონლაინ სწავლება სხვადასხვა სირთულესთან არის დაკავშირებული, ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ კუთხით დიდ პრობლემებს ვერ ხედავს.
„უნივერსიტეტს ფინალურ გამოცდასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებია, სად და როგორ ჩაატარებს. რაც შეეხება შუალედურებს, ინდივიდუალურია, ზოგი ლექტორი შუალედურის ნაცვლად პრეზენტაციას ითხოვს, ზოგმა ტესტური სახის იქნებაო, ზოგმა – თემას გაწერინებთო, მაგრამ ზუსტად ვერც ამაზე გვცემენ პასუხს როგორ ჩატარდება და ჩვენც არაფერი ვიცით. როგორც სტუდენტი, ვფიქრობ, რომ ონლაინ ლექციებით მიღებული ცოდნა საკმარისი საერთოდ არ არის გამოცდის ჩასაბარებლად, ბევრი მიზეზის გამო. მე, მაგალითად პრობლემა მექმნება ხოლმე ინტერნეტის გამო და ზოგჯერ საერთოდ ვერ ვესწრები ლექციას. დარწმუნებული ვარ, ბევრია ასეთი, ვისაც არ აქვს სახლში საკმარისი რესურსი, თანაც ძალიან რთულია pdf- დან კითხვა, ზოგს მხედველობის პრობლემა აქვს. ასევე რთულია მასალების თავმოყრა, ზოგი ლექტორი სად ტვირთავს დავალებას და ზოგი სად, უნდა ეძებო და ყველაფერი ერთმანეთში გერევა ადამიანს. ხარისხიანად ვერაფერს ვსწავლობთ და აქედან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარებაც გაგვიჭირდება“, – ამბობს თსუ-ის სტუდენტი ანა ნიკოლაძე ჩვენთან საუბარში.
„მსოფლიოშია ასეთი სიტუაცია და ვერც ერთ უნივერსიტეტს ვერ დავაბრალებთ. მესმის, არის გარკვეული პრობლემები და სახლიდან შეიძლება ზოგჯერ დაგეზაროს კიდეც ლექციების მოსმენა, როცა ათასი კარგი ფილმი არსებობს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავუთმოთ სწავლას გარკვეული საათები. არ მესმის რატომ უწოდებენ უხარისხოს ონლაინ განათლებას, გაცილებით მეტი რესურსი მოვიძიე რომ დამჭირდა, ვიდრე აქამდე მქონდა ინფორმაცია. გამოცდების საკითხიც ნამდვილად არ ვიცი როგორ იქნება, არავის უთქვამს გაუქმდებაო, მაგრამ ვფიქრობ, სტუდენტი მომზადებული უნდა იყოს და როგორც გადაწყდება, ონლაინ თუ ფიზიკურად უნდა გავიდეს და საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს, უჩვეულო სიტუაციაში ვართ და რეალობას უნდა შევეგუოთ“, – ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი ნიკა გიორგაძე.
თსუ-ის სტუდენტ დანიელ სტეპანენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის რეჟიმი გაგრძელდება, სტუდენტებს გამოცდის ჩაბარება ლექტორებთან ინდივიდუალურად, ონლაინ რეჟიმში მოუხდებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არ გვაძლევს საშუალებას სახლიდან გავიდეთ, უნივერსიტეტში სწავლა მაინც ცხრილის შესაბამისად მიმდინარეობს. ერთი რაც აღარ გვაქვს, ესაა ლაბორატორიებში ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე). სწავლა, მე მგონი, კარგად მიდის, მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად, რადგან გზაში დრო აღარ იხარჯება. შესაძლებელია, ზოგიერთ სტუდენტს ინტერნეტთან პრობლემები აქვს, ან შეიძლება ინტერნეტი საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ პროფესორები გვეუბნებიან, რომ ყველაფრით დაგვეხმარებიან. რაც შეეხება გამოცდებს, შუალედური გამოცდები არ ტარდება, არც საკონტროლოები, 30 ან 40 ქულა უნდა ავიღოთ დასწრებით, აქტიურობით, პრეზენტაციებით ან სხვა დავალებებით და გამოცდები იქნება 60 ან 70-ქულიანი (გააჩნია საგანს). გამოცდა რა ფორმით ჩატარდება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. თუ კარანტინი ზაფხულშიც გვექნება, გამოცდებს, ალბათ პირადად პროფესორებს ჩავაბარებთ (ერთი ერთზე) ონლაინ რეჟიმში“, – ამბობს დანიელ სტეპანენკო EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
შეცვალა თუ არა შუალედური და ფინალური გამოცდების თარიღები და როგორი ფორმით ჩატარდება პროცესი. როგორი იქნება ჩაბარების პროცედურა ცალკე შუალედური და ცალკე ფინალური გამოცდის შემთხვევაში, რა პრინციპით, რა ფორმით და ვითარებაში ჩააბარებენ სტუდენტები გამოცდებს და ხომ არ გამარტივდება საკითხები EDU.ARIS.GE-მ ამ კითხვებით რამდენიმე უნივერსიტეტს მიმართა.
ამ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხებს წარმოგიდგენთ:
-დადგენილია თუ არა უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრის შუალედური და ფინალური გამოცდების თარიღები? როგორია ვადები?
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შექმნილ ვითარებაში სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის დასჭირდა რიგი ცვლილებების განხორციელება სასწავლო პროცესში. ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურას, სწავლების მეთოდებს და შეფასების სისტემას. თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები განსხვავებულია და პროგრამის სპეციფიკასაა მორგებული. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამებში, სასწავლო კურსებში და ზოგადად სასწავლო პროცესში იმგვარი ცვლილებები განხორციელდა, რაც უზრუნველყოფდა სასწავლო კურსისა და პროგრამის სწავლის შედეგებზე გასვლას. უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტების გამოყენებით სწავლება დაიწყო 16 მარტიდან ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ხოლო 23 მარტიდან შვიდივე ფაკულტეტმა ეტაპობრივად დანერგა ელექტრონული სწავლების კომპონენტები, სინქრონული და ასინქრონული. საგამოცდო პერიოდი განსაზღვრულია 29 ივნისიდან 23 ივლისამდე, დამატებითი გამოცდების ვადაა 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე.
-რამდენი შუალედური ან რამდენი ფინალური გამოცდაა?
-შეფასების ახალი ფორმები შეფასების დისტანციურად განხორციელების საშუალებას იძლევა. შუალედური გამოცდა ჩანაცვლდა სხვადასხვა სახის დავალებებით და რიგ შემთხვევებში, მათზე სასწავლო კურსის საბოლოო ქულის ნაკლები პროცენტი გადანაწილდა. ეს უკანასკნელი სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას დასკვნითი გამოცდისას დაადასტუროს სასწავლო მასალის ათვისება და შესაბამისი სწავლის შედეგები. თუ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ვერ მოახერხებს სრულად სასწავლო კურსში ჩართვას, მას ინდივიდუალურ გრაფიკს შესთავაზებენ.
-როგორი იქნება ჩაბარების პროცედურა ცალკე შუალედური და ცალკე ფინალური გამოცდის შემთხვევაში? რა პრინციპით, რა ფორმით და ვითარებაში ჩააბარებენ სტუდენტები? ან ხომ არ გამარტივდება საგამოცდო საკითხები?
-გამოცდის ჩაბარების რეჟიმს განსაზღვრავს სასწავლო კურსის ხელმძღვანელი. საუნივერსიტეტო სივრცეში საგამოცდო (როგორც შუალედური, ისე ფინალური) პროცესში ძირითადად მიმდინარეობდა წერილობით და იგეგმებოდა საგამოცდო ცენტრის მიერ. თუმცა იყო ცალკეული დისციპლინები, რომლებიც მიმართავდნენ შეფასების შერეულ ფორმას, ანუ როგორც წერილობითს, ისე ზეპირს. ამჟამად, რიგ სასწავლო დისციპლინებში შეფასებამ განიცადა ცვლილება სამი ფაქტორის გათვალისწინებით: ონლაინ სწავლების სპეციფიკა, სასწავლო კურსის სპეციფიკა და სწავლის შედეგების მიღწევის აუცილებლობა. შეფასების ფორმებმა განიცადა ადაპტაცია ზემოთ ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით. გამოკითხვის ფორმები გახდა უფრო მრავალფეროვანი და ონლაინ სწავლების ფორმატზე მორგებული. ფინალური გამოცდის ჩატარების ფორმატზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს ინსტიტუციაში. განიხილება რამდენიმე ვარიანტი და ის დამოკიდებული იქნება იმ რეალობაზე, რომელიც დადგება საგამოცდო პერიოდისთვის.
-გვითხარით, რა ელის სტუდენტს, ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდას, როდის შეძლებს გადაბარებას და რა ფორმით? ელექტრონული გამოკითხვა განიხილება თუ სხვა ინდივიდუალურ ფორმაზეა საუბარი?
-დასკვნითი გამოცდების ჩატარდება იგეგმება დადგენილ ვადებში. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოითხოვენ სამაგისტრო და/ან საბაკალავრო კვლევის განხორციელებას და კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდებოდა ონლაინ რეჟიმში ნაშრომზე მუშაობა. ასევე, სადაც აუცილებელი კომპონენტია ლაბორატორიული და/ან პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ასევე ვერ განხორციელდებოდა შექმნილ ვითარებაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და სტუდენტებისთვის შედგება გრაფიკები კურსის წარმატებით დაძლევისთვის.
-რა მოლოდინები აქვს უნივერსიტეტს ამ ახალი პრინციპის გათვალისწინებით, როგორი იქნება სტუდენტების შედეგები?
-უნივერსიტეტს აქვს მოლოდინი, რომ სტუდენტები წარმატებით დაასრულებენ ამ სემესტრს, რადგან სტუდენტების დიდი უმრავლესობა ესწრება ონლაინ სასწავლო კურსებს და სრულად არის ჩართული სასწავლო პროცესში.
რამდენად კარგად გაართმევენ თავს უნივერსიტეტები და თავად სტუდენტები შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებას, ჯერ ვერ ვიტყვით. სტუდენტების ინტერესი კი მზარდია და აღნიშნულის გათვალისწინებით, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმებთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს მიმართა, მათ პასუხებს ეტაპობრვად შემოგთავაზებთ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება