GE

სიკო ჯანაშია „ის განათლება, რასაც ვიღებდით საბჭოთა კავშირში, ძალიან ჰგავს იმას, რასაც იღებენ დღევანდელი ბავშვები“

ის განათლება, რასაც ვიღებდით საბჭოთა კავშირში, ძალიან ჰგავს იმას, რასაც იღებენ დღევანდელი ბავშვები – ამის შესახებ განათლების მკვლევარმა, სიკო ჯანაშიამ „რადიო თავისუფლების“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლიდან მეორე დღეს განაცხადა. მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში 1 დეკემბერს მოუსმინეს.

სიკო ჯანაშიას აზრით, მიხეილ ჩხენკელის მიერ განათლების სისტემაზე საუბარს კონკრეტული არაფერი მიუცია არც მასწავლებლების და არც მოსწავლეებისათვის, რადგან სისტემურ ცვლილებაზე საუბარს თუ საქმეს, აქამდე არანაირი შედეგი მოუტანია საგაკვეთილო პროცესისთვის.

„გადაწყვეტილებების მიმღებები საუბრობენ სისტემის რეფორმაზე და ამ დროს ხალხი მოელის, რომ რეფორმა მოხდება საკლასო ოთახის დონეზე, ანუ გაკვეთილი შეიცვლება და დავალება შეიცვლება. ან ის რესურსი შეიცვლება, რომლითაც ხელმძღვანელობს ვთქვათ მასწავლებელი, რომლითაც სწავლობს ბავშვი და ა. შ. ბევრი სისტემური ცვლილება გვინახავს, მაგალითად იცვლება დაფინანსების სისტემა, მასწავლებლების შეფასების სისტემა ან სკოლები შენდება, რემონტდება, რაღაც რეგულაციები იცვლება, მაგრამ გაკვეთილი თავისთავად არ იცვლება და ამაშია პრობლემა. როგორ ტარდება გაკვეთილი, როგორ დავალებას აძლევენ, როგორ ურთიერთობენ ბავშვები ახალ ცოდნასთან, ქმნიან თუ იღებენ და ა. შ.“, – ამბობს დღეს სიკო ჯანაშია, რომლის აზრით, მთავარი სირთულე განათლების სისტემაში ის არის, რომ ცვლილებები კონკრეტული მასწავლებლის პრაქტიკამდე არ დადის.

განათლების სპეციალისტის აზრით, მასწავლებელი სკოლაში მშობლებს როგორც სპეციალისტები ისე კი არ უნდა ელაპარაკებოდნენ, არამედ როგორც თანამშრომლები.

ჯანაშია მიიჩნევს, რომ მინისტრის გამოსვლაში არ ჩანს, როგორ გარდაქმნის განათლების სისტემას ბავშვების ყოველდღიური ყოფისთვის და როდესაც ითქმება, რომ ოდესღაც დავიწყებთ სკოლების შეფასებას, რამდენი წელი მოუნდება იმას, რომ ამ შეფასებამ იმოქმედოს კონკრეტული მასწავლებლის, კონკრეტული საგნის სწავლებაზე, არასოდეს ვიცით.

„როდესაც ერთი ლაპარაკობს და ბევრი უსმენს, ეს მეთოდი არ არის მაინცდამაინც პროდუქტიული არც სკოლაში, არც სკოლის გარეთ და არც პოლიტიკის დონეზე. ვიცით, რომ ბავშვებს აინტერესებთ, როცა ისინი აქტიურად არიან აქტიურად ჩართული ყოველდღიურ საკითხებთან დაკავშირებულ პატარა თუ დიდი პრობლემების გადაჭრაში და როდესაც ტექსტები არ არის მათთვის უცხო, წარსულთან, შორეულ ცხოვრებასთან საკითხებზე და ა. შ… რთული იქნება, სპეციალისტებმა დაუმტკიცონ მასწავლებლებს და მერე მასწავლებლებმა მშობლებს, რომ იმის მაგივრად, რომ 50 ამოცანა გამოიყვანოს თქვენმა შვილმა ჯობია, იფიქროს ცხოვრებისეული პრობლემების მათემატიკურ ანალიზზე“, – ამბობს სიკო ჯანაშია.

სიკო ჯანაშიამ, „რადიო თავისუფლების“ ეთერში, საბჭოთა კავშირის დროინდელი განათლების სისტემაზე, გადაცემის მსმენელის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და ერთი დღეს ფრიად აქტუალური საკითხის ამბავიც გაიხსენა. განათლების მკვლევარი ამბობს, რომ ახლა ყბადაღებული კომპლექსური დავალებების თემა თავის დროზე საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში იგეგმებოდა უცხოელი სპეციალისტების მიერ, მაგრამ მერე მიდგომა შეიცვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს რჩება შთაბეჭდილება, საბჭოთა კავშირის დროს სხვა ტიპის განათლება იყო, ის განათლება, რასაც ვიღებდით საბჭოთა კავშირში, ძალიან ჰგავს იმ განათლებას, რასაც იღებენ დღევანდელი ბავშვები, სამწუხაროდ… იყო თუ არა რაიმე კარგი საბჭოთა კავშირში? რა თქმა უნდა იყო. ერთი საინტერესო ამბავი მაქვს საბჭოთა სისტემის მოტრფიალეებისთვის. მაგალითად, დღევანდელი ინიციატივები, ვთქვათ ბოლო სამი წლის ინიციატივა, რომ სკოლებში შევიდეს ე. წ. კომპლექსური დავალებები და ამ კომპლექსური დავალებების ფარგლებში გარკვეულ მინი პროექტებზე იმუშაონ ბავშვებმა და აქ მოხდეს ინტეგრირება, ეს საბჭოთა კავშირში სცადეს 20-იან წლებში… ეს იყო ყველაზე პროდუქტიული წლები საბჭოთა კავშირის, როდესაც სულ ახალი შექმნილი იყო ის და ძალიან ბევრი პედაგოგიური ექსპერიმენტი ტარდებოდა, რომელზეც მერე უარი თქვეს, უბრალოდ, უარესი მეთოდების სასარგებლოდ, თორემ ეს პროექტული სწავლება საბჭოთა კავშირში ამერიკელი და ინგლისელი სპეციალისტების დახმარებით ინერგებოდა 20-იან წლებში. შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ სისტემების დანერგვას სჭირდება გაცილებით მეტი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, ვიდრე ჰყავდათ მაშინ,“ – მოყვა სიკო ჯანაშიამ.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური