GE

„სისტემაზე გაბრაზებული ვარ“ – მასწავლებლობის მსურველები წარმატებული საგამოცდო შედეგებითა და პესიმისტური მოლოდინებით

„დასაქმების სულ მცირე შანსიც რომ იყოს, მე მაინც ვცადე, მინდა საყვარელი პროფესია შემოსავლის წყაროც გახდეს” – ეს მასწავლებლობის მსურველი ერთ-ერთი აპლიკანტის სიტყვებია, რომელმაც სერტიფიცირების გამოცდა მიმდინარე ზაფხულს გაიარა და ახლა, წარმატებული შედეგითა და პესიმისტური განწყობით, საჯარო სკოლებში მუშაობის დაწყებას ცდილობს.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე, რომლებიც ივლისში ჩატარდა, 12 ათასი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. მათი შედეგების გამოქვეყნება კი გასულ კვირაში დასრულდა. საკუთარი შედეგებით კმაყოფილებმა წარმატება იზეიმეს, უკმაყოფილეობმა აპელაციას მიმართეს. სოციალურ ქსელებში სპეციალურად პედაგოგებისათვის შექმნილ ჯგუფებში ისინი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და დასაქმების იმედს გამოთქვამენ. თუმცა მოლოდინი, უმეტეს შემთხვევაში, არცთუ ოპტიმისტურია.

სტატიაზე მუშაობისას ჩვენ იმ აპლიკანტებს ვესაუბრეთ, რომელთაც გამოცდა წარმატებით გაიარეს, საკუთარი შედეგებით კმაყოფილნი არიან და ვეცადეთ მათი მოლოდინების შესახებ შეგვეტყო. ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა ახალგაზრდა, ახლახანს სწავლადასრულებული, პედაგოგობაზე შეყვარებული და ენთუზიაზმით აღსავსეა. თუმცა მიუხედავად ენთუზიაზმისა და მომავლის რწმენისა, ზოგიერთი მათგანის საუბარში აშკარა პესიმიზმი შეიმჩნევა, რადგან კარგად უწყიან, რომ გამოცდაზე აღებული მაღალი ქულები არც დასაქმების გარანტიაა და შესაძლოა, არც წინაპირობა იყოს.

მელანო კობახიძე 22 წლისაა და უნივერსიტეტიც ახლახანს დაასრულა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მელანო ამბობს, რომ უკვე მრავალი წელია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სურს. გამოცდაც აღნიშნულ საგანში ჩააბარა (VII-XII კლასი). იმის მიუხედავად, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და კერძო რეპეტიტორადაც, გამოცდაზე გასვლითა და წარმატებული შედეგით, მელანოს თქმით, მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოხდა. ახლა უკვე დიდი იმედი აქვს, რომ სკოლაში საყვარელი საქმით დაკავებას მალე შეძლებს. მისი ოცნებაა მოსწავლეებს ლიტერეტურა ისევე შეაყვაროს, როგორც თავად უყვარს.

მელანომ გამოცდაზე კარგი შედეგი აჩვენა – თითოეულ საკითხში მაღალი ქულა, ხოლო ერთ – ერთ საკითხში მაქსიმალური ქულა აიღო. მიუხედავად ამისა, ესმის, რომ ოცნების ასრულება და საჯარო სკოლაში დასაქმება მარტივი არ იქნება. ამას შეგრძნებას უმყარებს ის პესიმისტური განწყობა, რომლებიც გარშემო სუფევს – რომ ამ ქვეყანაში შრომა ძნელად ფასდება.

„ვისმენ, რომ მიუხედავად წარმატებით ჩაბარებული გამოცდისა, არავინ მომცემს შანსს, ჩემი შრომით მიღწეული შედეგით რეალიზება შევძლო. ვიცი, რომ ეს სიტყვები რეალობას მოკლებული არ არის. ვიცი, რომ ძალიან პრობლემურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ სწორედ ამიტომ არ უნდა დავნებდე. შესაბამისად, მაინც მტკიცედ მჯერა, შევძლებ და ჩემთვის ყველაზე ძვირფას სფეროში დავსაქმდები. მინდა ღრმად მწამდეს, რომ სწავლაც და შრომაც, საბოლოოდ, მაინც ფასდება. ალბათ, ამიტომ მინდა მასწავლებელი ვიყო, რომ მოსწავლეებიც ამაში დავარწმუნო. ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, იოლია გარემო-პირობებმა გაგტეხოს. მე კიდევ მინდა, მომავალი თაობა ბრძოლისუნარიანი, ჭკვიანი, თავისუფალი და ლაღი იყოს და ამით უკეთესი გარემო შექმნას ”, – ამბობს მელანო.

იგი სისტემის ხარვეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროფესიაში შესასვლელად სისტემამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ საგნობრივი კომპეტენცია, არამედ ისიც, თუ რამდენად შეუძლია მასწავლებელს მოსწავლის სიყვარული, მისი დაფასება, პატივისცემა, როგორც ინდივიდის, რომლის აზრი, ემოცია, თუ შეხედულება პატივისცემის ღირსია.

„მგონია, რომ სერტიფიცირებით ყველაფერი არ არის ნათქვამი. ეს მხოლოდ გზაა, შედეგი კი მოსწავლეების ბედნიერი თვალებია და ის, შევძლებთ თუ არა, მათ ჩვენი საგანი შევაყვაროთ”, – დასძენს ის.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტიც ახალგაზრდა პედაგოგია. თამარ ფესვიანიძემაც ახლახანს დაასრულა უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. როგორც აღმოჩნდა, მისი საოცნებო პროფესიაც, ბავშვობიდან, მასწავლებლობა იყო. ამ პროფესიის დაუფლება ცუდი მასწავლებლებისადმი პროტესტის ნიშნადაც გადაწყვიტა. ამბობს, რომ სწორედ პროტესტის გრძნობა იქცა მისთვის მთავარ მოტივატორად საკუთარ თავსაც და სხვებსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ შეიძლება იყო კარგი პროფესიონალი, გიყვარდეს შენი საქმე, მოსწავლეს საკუთარი გამოცდილება სიყვარულით გაუზიარო და მომავალ დაბრკოლებებთან გასამკლავებლად იმუნიტეტი შესძინო.

„მინდა ჩემი პროფესია სააუდიტორო აღმაფრენად ან კარადაში დადებულ დიპლომად არ დარჩეს. ლიტერატურა ჩემი კომფორტული სივრცეა, ამიტომაც ჩავაბარე გამოცდა. ხომ უნდა მოგვეცეს შანსი საიდანღაც დავიწყოთ?! სულ მცირე შანსიც რომ იყოს დასაქმების, მე მაინც ვცადე, მინდა საყვარელი პროფესია შემოსავლის წყაროც გახდეს. ახლა თავი მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად წარმომიდგენია”, – აღნიშნავს ის.

თამარს კერძო მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება აქვს რაც შეეხება, სხვა ტიპის გამოცდილების მიღებას, ამბობს, რომ ეს დღევანდელი სისტემიდან გამომდინარე შეუძლებელიც კია. მიუხედავად გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა, საჯარო სკოლაში დასაქმების იმედი თითქმის არ აქვს. სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიმე კერძო სკოლაში მუშაობას გეგმავს და ფიქრობს, რომ იქ დაგროვილი გამოცდილებით შეიძლება საჯარო სკოლებისთვის საინტერესო კადრადაც იქცეს.

“სისტემაზე გაბრაზებული ვარ. მაშინ, როდესაც პროფესიონალი კადრის ასეთი უკმარისობაა, უნივერსიტეტებიდან განათლებულ ადამიანს სასწაულის იმედად ქუჩაში უშვებენ. უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის პირდაპირი ურთიერთობა უნდა იყოს. უნივერსიტეტი უნდა სთავაზობდეს სკოლას ჩამოყალიბებულ და საინტერესო კადრს. ჩვენ, სტუდენტებს, ახლა უკვე მაძიებლებს, უნდა მოგვცენ შანსი დავაგროვოთ გამოცდილება და ვიმუშაოთ ღირსეულ გარემოში. გამოცდა კი ჩავაბარე, მაგრამ ჩემი დასაქმება სათუოა. მოთხოვნა ბევრგან გავგზავნე, მაგრამ ჯერ არსაიდან შემხმიანებიან. ახლა გამოცდებს ბევრი აბარებს, მასწავლებლობა მოთხოვნადი პროფესია გახდა. დასაქმება კი ოცნებაა, რომელიც ან ასრულდება ან – არა”, – მიიჩნევს თამარი.

მარიამ გვიანიძემ კი I-VI კლასის მათემატიკა ჩააბარა. ამბობს, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მოსწავლეებთან ურთიერთობა კერძო მასწავლებლად მუშაობისას შეუყვარდა და გამოცდის ჩაბარებაც გადააწყვეტინა. მისთვის აღნიშნული სისტემა შანსია – მიუხედავად პედაგოგიური განათლების არარსებობისა, მუშაობა სკოლაში, მასწავლებლად დაიწყოს.

„ბაკალავრით ეკონომისტი ვარ, ხოლო მაგისტრის ხარისხი სურსათის უვნებლობაში მაქვს დაცული. გამოცდით ძალიან კმაყოფილი ვარ – 75 % მივიღე, ეს ჩემთვის საუკეთესო შედეგია, რადგან მათემატიკოსი არ ვარ. დასაქმებული ვარ, პარალელურად ვაკანსიებს თვალს ვადევნებ. იმედი, რომ დავსაქმდები, ნამდვილად მაქვს. უცებ არაფერი ხდება. ვფიქრობ, არსებობს სკოლაში მუშაობის დაწყების შანსი, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ რადგან გამოცდა ჩავაბარე სექტემბერში უკვე ახალ სამსახურს დავიწყებ. ეს სისტემა ძალიან მომწონს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ამ პროფესიის, მომეცა შანსი მასწავლებელი გავხდე და ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო“, – ამბობს მარიამი.

წინა რესპონდენტებისგან განსხვავებული განწყობა და მოლოდინი აქვს კიდევ ერთ ახალგაზრდა მაძიებელს მარიამ მოლაშვილს, რომელმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტი წელს დაასრულა და უკვე გამოცდის ჩაბარებაც მოასწრო. აქამდე ის კერძო მასწავლებლადაც მუშაობდა და სამომავლოდ I-VI კლასების მათემატიკის გამოცდის ჩაბარებასაც გეგმავს.

მარიამი იმედოვნებს, რომ საჯარო სკოლაში სამსახურს შოვნას წელსვე შეძლებს. მიუხედავად მწირი გამოცდილებისა, მისი აზრით, შეუძლებელი არაფერია.

„ვფიქრობ, მთავარია კომისიას მოტივაცია დავანახო – ვინ ვარ და რა მინდა. სხვა ყველაფერს თავად მასწავლიან. კომუნიკაბელურობას არ ვემდური და არც კითხვის დასმის მრცხვენია, ამიტომ მიმაჩნია, რომ დავსაქმდები და სრულფასოვნად მოვერგები კიდეც.

„მე ძალიან მომწონს, რომ გამოცდის ჩაბარებით საჯარო სკოლებში დასაქმების გარანტია არ არსებობს, ვინაიდან მარტო ამით არ განისაზღვრება ცოდნა და იმ საჭირო უნარების ქონა, რაც პედაგოგს უნდა გააჩნდეს. მიმაჩნია, რომ გასაუბრებაც საჭიროა. მასწავლებელს გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, დირექციასთან გასაუბრება გაიაროს და სამოდელო გაკვეთილი ჩაატაროს. თუმცა ვფიქრობ, რომ კომისია ლმობიერი უნდა იყოს დამწყებ პედაგოგებთან, ვინაიდან დრო და გამოცდილება პროფესიული განვითარებისთვის ყველას გვჭირდება“, – აცხადებს მარიამი.

სტატიაზე მუშაობისას ჩვენ გაცილებით მეტ მაძიებელს ვესაუბრეთ. მათი განწყობა, უმეტესად, არცთუ იმედიანია. ვესაუბრეთ ისეთებსაც, რომელთაც საგნის გამოცდა წინა წლებში აქვთ ჩაბარებული, რეზიუმეებს აქტიურად გზავნიან, არაერთ გასაუბრებაზეც იყვნენ, თუმცა საჯარო სკოლებში სამუშაოს შოვნა მაინც ვერ შეძლეს. მათი საერთო განწყობა ასეთია – რისთვისაა საჭირო გამოცდა, თუკი მისი ჩაბარება-არჩაბარებით ბევრი არაფერი წყდება?

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური