GE

„სიტყვა სიტყვას აღარ ჰგავს და ბგერა – ბგერას“ – ანუ რამდენად გამართლებულია ინგლისურის სწავლება ქართული ასოებით

რამდენიმე დღის წინ EDU.ARIS.GE-მ  მოსწავლის მშობლის წერილი მიიღო, სადაც ის  ინგლისურის პედაგოგის სწავლების მეთოდზე გვიყვებოდა  – ბავშვებს, რომლებმაც ინგლისურად წერა-კითხვა იციან მასწავლებელი სიტყვების ე.წ. „ტრანსკრიპციებს“,  ქართული ასოებით უწერს. მშობელს აინტერესებდა, რამდენად გამართლებულია მსგავსი მეთოდი და ხომ არ არის ეს დარღვევა.

EDU.ARIS.GE -მ ამავე შეკითხვით ინგლისურის გამოცდილ პედაგოგებსა და ექსპერტებს მიმართა. ისინი თანხმდებიან, რომ მსგავსი მიდგომა დაუშვებელია  და ეს არათუ სწავლებაა, პირიქით  – უკუეფექტს ახდენს მოსწავლის განვითარებაზე, უქვეითებს უცხო ენის სწავლის უნარებს. ისინი კოლეგებს სიტყვების სწავლების ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობენ და გამოცდილებას უზიარებენ.

„მსგავსი მეთოდით სწავლება დაუშვებელია. თუ ბავშვმა კითხვა არ იცის, სიტყვების სწორად წარმოთქმის უნარი ბევრჯერ მოსმენით უნდა გამოვუმუშავოთ. თუ მოსწავლეს ქართული ასოებით დაწერილის წაკითხვას მივაჩვევთ, ტვინი გაზარმაცდება და ქართულზე დამოკიდებული გახდება“, – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურის პედაგოგი  გიგა ჯოჯიშვილი.

ვართ თუ არა ინგლისურის ცოდნის დონით ბოლოდან მესამე ადგილზე? – პედაგოგთა მოსაზრებები და სწავლა/სწავლების პრობლემები

ამერიკული სასწავლო ცენტრის პედაგოგი ლანა ჩხარტიშვილიც მიიჩნევს, რომ სიტყვების სწავლების საუკეთესო გზა მისი ბევრჯერ განმეორებაა, რაშიც ბავშვს პედაგოგი უნდა დაეხმაროს:

„ქართულით ინგლისურის სწავლება ყოვლად გაუმართლებელია. ქართულის წაკითხვით რას ეჩვევა მოსწავლე? ქართულად თუ ინგლისურად წაკითხვას? ცხადია, ქართულს. სწავლება მარტივია არაა, მაგრამ არც შეუძლებელია. სიტყვის სწავლის საუკეთესო გზა სწორი წარმოთქმით  ბევრჯერ გამეორებაა.  პედაგოგი უნდა დაეხმაროს ბავშვს სიტყვების სწორად წარმოთქმაში და იმდენჯერ გაამეორებინოს, რამდენჯერაც დასჭრდება.

და თუ პედაგოგს მაინც უნდა, რომ მოსწავლეებს ლექსიკონი აწარმოებინოს, სიტყვების გამოკითხვის დროს თვითონ წაიკითხოს ინგლისურად და ბავშვმა უთხრას რას ნიშნავს“, – ამბობს ჩხარტიშვილი.

თსუ-ის ინგლისურის პედაგოგმა ხატია ნამიჭეიშვილმა  EDU.ARIS.GE – სთან მასწავლებლების მიერ დამკვიდრებულ სხვა არასწორ მიდგომებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განგვიმარტა, რომ ქართული ასოებით ინგლისურის სწავლება მოსწავლის ინგლისურის დონეს აქვეითებს:

„ქართულად მიწერა არასწორია, რადგან ეს აქვეითებს ინგლისურად სწორად გამოთქმის უნარს. ხშირ შემთხვევაში, ამ უნარის გამომუშავება შესაძლებელია. მოსწავლემ შეიძლება არ იცოდეს, რატომ კითხულობს ამა თუ იმ სიტყვას ასე, მაგრამ მას უმუშავდება უნარი და თვითონ ხვდება, რა, როგორ უნდა წაიკითხოს. ამას გარდა, ქართულში არაა ის ბგერები, რაც ინგლისურში. ამ მეთოდით ნასწავლი რაღაც უცნაურ „ქართულ-ინგლისურს“ გვაძლევს. ხშირად კიდევ, ბავშვი იმასაც ამახინჯებს, რაც ქართულად აქვს მიწერილი და სიტყვა აღარც კი ჰგავს იმას, რასაც გულისხმობს. სიტყვა სიტყვას აღარ ჰგავს და ბგერა – ბგერას.

ბავშვებს ჰგონიათ, რომ ჯგუფში ვერ ისწავლიან, რაც არასწორი მიდგომის ბრალია. ხშირად, რასაც არასწორად აკეთებენ მასწავლებლები არის წინდებულების თარგმნა. მაგალითად ჩვენ თუ ვამბობთ „ხუთშაბათს“ ინგლისურად არის „on thusday” „on” “ზე“-ს ნიშნავს და ეს უკვირთ ბავშვებს. მოსწავლეებმა წინდებულები სიტყვებთან მიმართებაში ინგლისური გააზრებით უნდა ისწავლონ და არა ქართული თარგმანით.

გრამატიკის  წესების დაზეპირებაც ენის სწავლაში მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნით – მაგალითად,  კონკრეტული მიმანიშნებელი სიტყვებით ხვდებიან რომელ დროშია წინადადება. ესეც სწავლების ბრალია“, – ამბობს ხატია.

მასწავლებლის სახლის ინგლისური ენის ექსპერტი ნონა პოპიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიდგომა საქმის გამარტივებაა და არა მოსწავლის განვითარებაზე ზრუნვა. ის პედაგოგებს 21-ე საუკუნისთვის შესაფერის სწავლების მეთოდებს სთავაზობს:

„პირველ რიგში, ეს იწვევს მეტყველების გაუარესებას, რაც  იმდენად გაჰყვებათ ბავშვებს, რომ მასწავლებლის შეცვლის შემთხვევაშიც უჭირთ პრობლემის დაძლევა.

„პედაგოგები ხშირად იყენებენ არა მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდებს, არამედ შედარებით მარტივ გზებს – წავიკითხოთ, გადავთარგმნოთ, დავიზეპიროთ, ჩავაბაროთ – მსგავსი მიდგომა დაუშვებელია. სწავლებას სპეციალური მეთოდოლოგია სჭირდება, თუმცა სიტყვების სწორად წარმოთქმა  მასწავლებლებსაც ხშირად უჭირთ. 21-ე საუკუნეში სიტყვების სწორად გამოთქმის არაერთი გზა გვაქვს. არსებობს სპეციალური ელექტრონული რესურსები, სადაც შეგიძლია მოუსმინო, თუ როგორ  უნდა თქვა ესა თუ ის სიტყვა, გვაქვს სიტყვებზე აწყობილი სიმღერები, თამაშები და სამწუხაროა, რომ დღეს კვლავ არსებობს ასეთი მიდგომა სიტყვების სწავლებასთან დაკავშირებით“ , – ამბობს ნონა პოპიაშვილი.

საქართველო ინგლისური ენის ცოდნით, ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური