სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში
მაშინ, როდესაც განათლება და განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის დასახელებული, ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ბავშვები არც მეტი არც ნაკლები მაღაზიაში სწავლობენ. უფრო სწორად სკოლად გადაკეთებულ მაღაზიაში. 21-ე საუკუნის “მაღალი სტანდარტების” სკოლა ჩემი თვალით რომ არ მენახა მონაყოლს ალბათ არც კი დავიჯერებდი. იქ, სადაც ადრე პური, შაქარი ორცხობილა და ტკბილეული ელაგა ახლა იაკობ გოგებაშვილის, შოთა რუსთაველისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტებია ჩამწკრივებული.
უფრო დაწვრილებით, რომ გიამბოთ ეს “მაღაზია-სკოლა” წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში, კანთის უბანში მდებარეობს. ყოველდღიურად ამ სკოლაში 19 მოსწავლე და 11 პედაგოგი დადის. სწავლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, კომბინირებულ კლასებში მიმდინარეობს. როგორც პედაგოგები ამბობენ, სასწავლო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხებულა. კანთელები გაკვეთილებს იშვიათად აცდენენ.
ძველი მაღაზია ოთხ საკლასო ოთახადაა დაყოფილი. თითოეული კლასი იმდენად პატარაა, რომ მისი მთლიანად ერთ ფოტოში ჩატევა Aris.ge-განათლების ფოტოგრაფმა ვერცერთი რაკურისთ ვერ მოახერხა. გადაღებული ფოტომასალას სტატიის დასკვნით ნაწილში შემოგთავაზებთ და დასკვნების გაკეთებაც თქვენთვის მოგვინდია.
3 წლის წინ კანთის უბნელებს ხის დიდი სკოლა ჰქონდათ, თუმცა გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილ ხანძარს მხოლოდ რამდენიმე მერხი გადაურჩა. დღეს ეს ინვენტარი მაღაზიის მთავარი ინფრასტრუქტურული ნაწილია. მერხები ძველი და თითქმის უვარგისია. ინვენტარში ალბათ უფუნქციო ორი კომპიუტერიც უნდა ჩავთვალო. უფუნქციო იმიტომ, რომ მაღაზიაში უკვე წლებია ელექტროენერგია არ არის.
თუმცა კანთის უბნელების სკოლის ტრაგიზმი ამით არ სრულდება. მაღაზია პედაგოგებს ნაქირავები აქვთ და ყოველთვიურად მის მეპატრონეს ას ლარს უხდიან – საკუთარი ხელფასებიდან.
ამის მიუხედავად, პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ფუნქციურად სულ სხვა შენობა სკოლას დაამსგავსონ. კედლებზე გაკრულ გაკვეთილებისა და მორიგეობის ცხრილებს, მოსწავლის ქცევის წესებს, მინის სხვადასხვა ნაჭრისგან აწყობილ ფანჯრებზე კოხტად ჩამოკიდებულ ფარდებს რომ უყურებ, უბრალოდ გეფიქრება, სასაცილოა თუ სატირალი.
– ადრე ამ მაღაზიის გვერდით სკოლა იყო, კანთის საჯარო სკოლა. შემდეგ დაუდგენელი მიზეზით დაიწვა. წინა ხელისუფლებას 32 ლარიანი დამლაგებლის აყვანის საშუალება, რომ მოეცა ეს არ მოხდებოდა. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ ე.წ. ნასკოლარი.
– გამოძიება თუ დაიწყო?!
– არა რას ამბობთ, კაციშვილს არ მოუკითხავს რა და როგორ მოხდა. არავინ დაინტერესებულა, გამგებელიც კი არ ჩამოსულა. ძველ სკოლასთან ეს მაღაზია იდგა, მეპატრონისგან ვიქირავეთ და ყოველთვიურად ას ლარს ვუხდით. ცოტა ხნის წინ პრობლემები შეგვექმნა, თანხა ვეღარ შევაგროვეთ და ლამის ამ შენობის გარეშეც დავრჩით,”- ამბობს Aris.ge-განათლებასთან სკოლის ყოფილი დირექტორი ჯღაკუ კვარაცხელია.
სკოლა მაღაზიის შენობის გარეშეც რომ არ დარჩენილიყო ამაზე წალენჯიხის განათლების რესურსცენტრმა იზრუნა. ცენტრის ხელმძღვანელის შუამდგომლობით ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკოლას გარკვეული თანხა ჩაურიცხა. კანთის უბნელებს მაღაზიის დაცლის საშიშროება სექტემბრამდე არ ემუქრებათ.
“სოფელ ჯგალს აქვს საჯარო სკოლა. ბავშვებსაც და პედაგოგებსაც შეუძლიათ, იმ სკოლაში გადასვლა. პედაგოგებს საათები არ დაეკარგებათ. გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის სკოლის ტრანსპორტი უფასოა. თუმცა უარზე არიან. არადა მაღაზიაში რომელ ხარისხიან განათლების მიღებაზე შეიძლება საუბარი. მივდივართ, მონიტორინგს ვატარებთ, მაგრამ ხარისხის კონტროლზე საუბარი ზედმეტია,”- განუცხადა Aris.ge- განათლებას რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ.
რატომ არ გადადინ კანთის უბნის მასწავლებლები ჯგალის სკოლაში?! – პასუხი ერთი შეხედვით მარტივია – მათ უბნის დაცლის ეშინიათ.
“აქ ყოველი მესამე სახლი ცარიელია. ეს სკოლაც რომ არ იყოს სულ დაიცლება აქაურობა. საშინელი მიგრაციული პროცესები წავა. მართალია, დღეს აქ 19 ბავშვი დადის, მაგრამ თუ ახალი სკოლა გვექნება ის 35 მოსწავლე, რომელიც ყოველ დღე 5 კილომეტრს გადის ჯგალის სკოლამდე, აღარ წავა და აქ დარჩება,”- აღნიშნა Aris.ge-განათლებასთან ჯღაკუ კვარაცხელიამ.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიასთან ახლოს კლუბის ძველი და უფუნქციო შენობაა. მისი სკოლად გადაკეთების პროექტი უკვე არსებობს და ეს 53 ათასი ლარი ჯდება. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა საჭირო თანხის მოძიება კანთის უბნისთვის ვერ მოხერხდა.
მართალია კანთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს სკოლა ღვთისგანაც დავიწყებულია, თუმცა ერთხელ, წინასაარჩევნოდ, მათ მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. პედაგოგები მასთან გადაღებულ ფოტოსაც და დანაპირებსაც სათუთად ინახავენ.
“2013 წლის სასწავლო წელს თუ ახალ სკოლაში არ შეხვდით ეს პროცესი იანვარს არ გაცდებაო” კი დაგვპირდა, მაგრამ მას შემდეგ მისგან სიტყვაც არ გვსმენია. აქეთ აღარ მოუხედავს,”- დანანებით ამბობენ კანთის უბნელები.
სანამ სტატიისთვის ინტერვიუებს ვწერდი “სკოლის” ეზოში, Aris.ge-განათლებასთან თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად მოსწავლეების მშობლებიც მოგროვდნენ. ყველა მათგანი ერთ ურყევ პოზიციაზეა – “სკოლა-მაღაზიას” არც ერთი მოსწავლე არ დატოვებს.
ახლა არდადეგები იწყება. ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს და მოსწავლეებს კვლავ პრობლემები ელოდებათ. ახალ შენობაში გადასვლაზე მეტად, ახლა ის ადარდებთ უსახსრობის გამო ეს მაღაზიაც არ დაკარგონ.
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება