„სკოლაში დასაქმებული 754 მენტორი მასწავლებლიდან მხოლოდ 24-ს უჭირავს სასწავლო ლიდერობასთან დაკავშირებული პოზიცია“ – კვლევის შედეგი
„მასწავლებლის პროფესიული დაწინაურების არხები არ არის ქმედითი და მორგებული სკოლის საჭიროებებზე და წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ფრაგმენტულად ან საერთოდ არ ინაწილებენ სასწავლო ლიდერობის სტანდარტში გაწერილ ფუნქციებს“, – ვკითხულობთ მასწავლებელთა სქემის შეფასების კვლევაში, რომელიც განათლების სამინისტროს დაკვეთით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.
კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული ამ ერთ-ერთი ძირითადი მიგნების წყარო სკოლის დირექტორები არიან და როგორც მაია მიმინოშვილის უწყების მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში წერია, დირექტორები გამოთქვამენ წუხილს, რომ სქემით მინიჭებული სტატუსი არ შეესაბამება მასწავლებლის როლს სკოლაში.
“ჩვენი რესპონდენტების მიერ გამოთქმული ეს ვარაუდი დასტურდება რაოდენობრივი კვლევის მონაცემებითაც. სკოლაში დღეს დასაქმებული 754 მენტორი მასწავლებლიდან მხოლოდ 24-ს (3.2%) და 9 022 წამყვანი მასწავლებლიდან მხოლოდ 241-ს უჭირავს სასწავლო ლიდერობასთან დაკავშირებული (მაგალითად, კათედრის გამგის) პოზიცია. საგულისხმოა, რომ სასწავლო ლიდერების პოზიციები უჭირავთ 854 უფროს და 241 უსტატუსო მასწავლებელს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევაში გვხვდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ არაერთგზის გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელთა მხრიდან სქემაში ჩართვის მოტივს ეხება და ნათქვამია, რომ მასწავლებლებისთვის სქემაში ჩართვის მთავარი მოტივატორი ხელფასია:
“შეკითხვაზე, რა არის მასწავლებლისთვის სტატუსის მოპოვების ძირითადი მოტივატორი, მასწავლებლების 60% და დირექტორების 63% დასახელებული ხუთი მიზნიდან, პირველ ადგილზე სახელფასო დანამატს უთითებს. ამასთან, მასწავლებლისთვის სტატუსი არ ასოცირდება კონკრეტულ ვალდებულებებთან“.
კვლევამ დაადგინა ისიც, რომ სტატუსის მოპოვებაში მასწავლებლები დიდ დროსა და ძალისხმევას დებენ, რაც მოსწავლეებს აკლდებათ. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სქემამ მასწავლებელი მოსწავლეებს ჩამოაშორა.
“მასწავლებლების ¾ და დირექტორების ნახევარზე მეტი ეთანხმება დებულებას, რომ „სქემა ზედმეტად ბევრს მოითხოვს მასწავლებლებისგან“. ასევე, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი და დირექტორების უმრავლესობა თვლის, რომ სქემა მასწავლებელს ართმევს სწავლებისთვის საჭირო დროს”, – წერია ანგარიშში.
ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება; მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება და დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6 814 მასწავლებელმა და 286-მა დირქტორმა.
ასევე იხილეთ:
გამოქვეყნდა მასწავლებლის სქემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების კვლევების შედეგები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება