„სკოლაში ერთი კლასელი გოგონა მიყვარდა…“
ავტორი: სანდრო ელოშვილი, რეჟისორი
სკოლაში ერთი კლასელი გოგონა მიყვარდა, როგორც “შერეკილებში” ამბობენ ნამეტნავად…
როგორც იქნა გავბედე, ვუთხარი… ხოდა ასე მითხრა, თუ მართლა გიყვარვარ ცისფერი ვარდი მაჩუქეო. მე და ჩემი მეგობარი მივდექით, მოვდექით, ფული სულ 20-20 თეთრად მოვაგროვეთ სკოლაში და ათ ლარად (ეს ის დროა, პენსია რომ 9 ლარია) “ზემელზე” ყვავილების მაღაზიაში ვიყიდეთ საოცნებო ცისფერი ვარდი… მერე რა, რომ ცოტა საღებავის სუნი ასდიოდა!
გაუხარდა, დადიოდა სკოლაში და ყველას ანახებდა… მართლაც, თუ არ მიუახლოვდებოდი და “რასტვარიწელის” სუნი ცხვირში არ გეცემოდა, ისე, შორიდან, სხვების სტანდარტულ ბუკეტებში ყველასგან გამორჩეული იყო…
ჩემთვისაც ძალიან კარგი და იმედის მომცემი დღე იყო, რადგანაც თანხმობა განმიცხადა – სადმე წავსულიყავით სავახშმოდ…
ამჯერად უფრო დიდი შემართებით მომიგროვეს მეგობრებმა ფული… უკვე ქაღალდის ფული!
შეხვედრა პიცერიაში დავთქვით…
მე ცოტა ადრე მივედი, მისი გასაცილებელი ტაქსის ფული თავიდანვე გადავინახე, შემდეგ მენიუ გულდასმით შევისწავლე, ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე…
ის კი ორ დაქალთან ერთად მოვიდა… თითომ თითო პიცა ჭამა, თითო წვენიც დააყოლეს…
– თქვენ რას მიიართმევთ? – მკითხა მიმტანმა…
– მე წყალი…
გავაცილე, მადლობა ღმერთს, ერთ-ერთის სახლში მიდიოდნენ სამივე და არა სამ ლოკაციაზე… ტაქსი რომ გავაჩერე, მთელი ტანი შევყავი მანქანაში, სახე ახლოს მივუტანე მძღოლს… ეს გოგოები აქა და აქ წაიყვანე მეთქი და ისეთი სევდიანი თვალებით გავუწოდე ორი ლარი… გამიგო და კი შვილოო…
არც ამ დღეს ჩაუვლია უშედეგოდ…
დაბადების დღეზე დამპატიჟა – სახლში!
გულით მინდა რაღაც გთხოვოო… მთხოვე მეთქი…
კარტოფილს გამათლევინებო?
რა თქმა უნდა! იუბილარი ხარ, რა შენი საქმეა კარტოფილის გათლა, მე მივხედავ-მეთქი…
იცით რამდენი სტუმარი მოვიდა?..
ყველა!
სამზარეულოდან არ გამოვსულვარ… ერთი მარნეული კარტოფილი გავთვალე და შევწვი! საღამოს, პირდაპირ “კუხნიდან” რომ წამოვედი სახლში, გაკრახმალებული საბანი მეგონა თავი…
გადამიყვარდა, აბა რა იქნებოდა?!
გავიდა წლები, სკოლა დავამთავრეთ, ის გათხოვდა…
მეც სტუმრად მივადექი და ყველაფერი შევუჭამე რაც ჰქონდათ სახლში!
მას მერე მე მხოლოდ მეგობრობის დღეს ვაღიარებ…
ვმეგობრობ მშობელთან, შეყვარებულთან, შვილთან… მეგობრებთან ხომ ვმეგობრობ და ვმეგობრობ…
თან წმინდა გიორგისავითაა… 365 მეგობრობის დღე გვაქვს წელიწადში!