GE

„სკოლაში მიღებული ცოდნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ეს გამოცდა ჩააბაროს“

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის დასაწყისში გამოცხადდება.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს, 6 თებერვალს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„როგორც წესი, რეგისტრაციას ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე მარტის დასაწყისში. ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ აბიტურიენტებს ვთხოვ, თვალი გვადევნონ და როგორცკი დაიწყება რეგისტრაცია, დროულად დარეგისტრირდნენ.

„ტესტების შედგენისას, ჩვენი სპეციალისტები ყოელთვის ცდილობენ, რომ არ გავცდეთ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი ცოტათი უფრო ფართოა ვიდრე ის, რაც სახელმძღვანელოშია მოცემული, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის მასალა შევიტანოთ, რაც სახელმძღვანელოებშია. შესაბამისად, სკოლაში მიღებული ცოდნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ეს გამოცდა ჩააბაროს. გამოქვეყნებულია ტესტებიც და შეიძლება ითქვას, რომ თუ აბიტურიენტი კარგად მეცადინეობს სკოლაში და ხელი მიუწვდება ელექტრონულ რესურსებზე, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ კარგად მოემზადონ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ 2023 წლის აბიტურიენტის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე, სულ მალე გამოქვეყნდება. იქამდე კი, ზოგადი პროცედურული ინფორმაციის მიღების მიზნით, შეუძლიათ, რომ გასული წლის ცნობარით იხელმძღვანელონ.

ცნობარში მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ასევე იხილეთ:

ფიზიკა და ქიმია აბიტურიენტებისთვის – სპეციალისტები სწორად მეცადინეობის ტექნიკებზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური