GE

„სკოლაში საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის ღრმად შესწავლაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“

„გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის, უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 27 ნოემბერს ისაუბრა.

მისი განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სრულად აღსრულდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცეს და სწორედ ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, შემდეგ კი მთლიანად სკოლის სასწავლო პროგრამა თავისი სახელმძღვანელოებით.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და წლიდან წლამდე სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან და პროგრამიდან რომლებიც მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებს.

„რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს.

„ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართლებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში.

„ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანადე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სრულად აღსრულდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ. ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და შემდეგ მთლიანად სასწავლო პროგრამა თავისი სახელმძღვანელოებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოს ისტორიის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე და ქართული ლიტერატურის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან არაერთი საკითხის ამოღებას, კობახიძე ამბობს, რომ არაპროგრამული თემების საგამოცდო პროგრამიდან ამოღების მოთხოვნა თავად მოსწავლეებს ჰქონდათ.

„არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, წლიდან წლამდე, მიზანმიმართულად, განსაკუთრებით ისტორიისა და ლიტერატურის მიმართულებით ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა სწორედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული იდენტობის თუ რელიგიური იდენტობის და ა.შ აღქმები.

„იქ არის კიდევ ინსტიტუციური მომენტები, ყველაფერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასე იქმნებოდა კომისიები, ამ კომისიებში ხშირად იყო საეჭვო ხალხი, ის საეჭვო ხალხი მერე იღებდა გადაწყვეტილებებს იგივე ასეთი ნაწარმოებების ამოღებაზე და ა.შ.

„გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები, რატომ ხდებოდა გარკეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება. ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ, სისტემურად. გახსოვთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების დროს და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ. ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თმაზე:

„ვინც ამ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, ოდნავადაც არა აქვს წარმოდგენა, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ლიტერატურული ტექსტი“

ქართულის სპეციალისტი საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე: „სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ“

„ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური