GE

„სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მთავარი კომპონენტი სასადილოების მოწყობაა“

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილოების მოწყობა. ასე გამოეხმაურა დღეს, 24 აპრილს, გიორგი ამილახვარი 20 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება.

მინისტრი სამბობს, რომ აუცილებელია, ბავშვებს ხარისხიანი კვება ჰქონდეთ.

„იუნისეფის“ კვლევაში ბევრი პოზიტიური ფაქტორია გამახვილებული. მაგალითად ის, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტამდე კმაყოფილია სკოლამდელი განათლებით, 80 პროცენტამდე კმაყოფილია ზოგადი განათლების მიღწევებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ – ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია ორი-სამი წლის განმავლობაში. ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, ანუ სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე, კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, როგორ შეგვიძლია, სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე იხილეთ:

„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს

ერთი მოსწავლის კვება სახელმწიფოს დღეში 2.50 ლარიდან 4.50 ლარამდე დაუჯდება – ახალი დეტალები სასკოლო კვების პროგრამის შესახებ

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური