GE

სკოლების მუშაობის უსაფრთხოდ აღდგენის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდა

იუნესკომ, იუნისეფმა და მსოფლიო ბანკმა სკოლების მუშაობის უსაფრთხოდ აღდგენის სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავეს. გაერთიანებული ერების განათლების ორგანიზაციის მონაცემებით, სასწავლო დაწესებულებების დახურვის გამო, მსოფლიოში 1,3 მილიარდი მოსწავლე ამჟამად სკოლაში არ დადის.

სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, პანდემიის საპასუხოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა ბავშვების განათლებისა და კეთილდღეობისთვის უპრეცედენტო რისკს წარმოადგენს. ის განსაკუთრებულად მწვავედ ბავშვების მარგინალიზირებულ ჯგუფებზე აისახება, ვინაიდან მათ სკოლის იმედი განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და კვების ასპექტებში აქვთ. სახელმძღვანელო პრინციპები ნაციონალური და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს.

იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეს თქმით, სკოლების დახურვის გამო ბევრი მოსწავლე სწავლაში ჩამორჩა, თუმცა ასეთ დროს პრიორიტეტულ ამოცანად სკოლების უსაფრთხოდ მუშაობის განახლება უნდა გახდეს. ის განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აანთებს, განათლების სისტემის ფუნქციონირების გასაგრძელებლად მთელი რიგი ზომების მიღება იქნება საჭირო.

ეს სახელმძღვანელო პრინციპები ქვეყნების მთავრობებისთვისა და პარტნიორებისთვის არის განკუთვნილი. მათი მთავარი მიზანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნების ხელშეწყობაა.

,,ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – ყოველი მოსწავლის განათლების მიღების უფლების დაცვა და განხორციელება. უთანასწორობის ზრდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ძალადობა, გაუპატიურება, ბავშვთა შრომა და ადრეული ქორწინება, ეს იმ საფრთხეების ნაწილია, რომლებიც მოსწავლეებს შეიძლება მაშინ შეექმნათ, როდესაც ისინი სკოლაში არ დადიან. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო დიდხანს არ დადიან ბავშვები სკოლაში, მათი სასწავლო დაწესებულებაში დაბრუნების ალბათობა მცირდება. თუ ჩვენ სკოლების მუშაობის განახლებას პრიორიტეტულ ყურადღებას არ დავუთმობთ, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება, ჩვენ განათლების სფეროში მიღწეული წარმატების კატასტროფულ დანაკარგს შევეჯახებით“, – განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გენრიეტა ფორემ.

სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ნაციონალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა გადაწყვეტილება სკოლების მუშაობის განახლებაზე ბავშვების ინტერესებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთო მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. ამ დროს მათ ის რისკები უნდა გაითვალისწინონ, რომელთა წინაშე განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროების დგას.

სკოლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი მუშაობის ეფექტურად გააგრძელებენ. საჭიროა სწავლების ხარისხის ამაღლება და ბავშვების მრავალმხრივი თანადგომა, ჯანდაცვისა და კვების სფეროს ჩათვლით. სასწავლო დაწესებულებამ სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გარდა ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაც უნდა გაუწიოს.

იუნესკოს მიერ გამართულ მსოფლიოს განათლების მინისტრების თათბირზე, სადაც სკოლების მუშაობის განახლების გეგმები განიხილებოდა, შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები წარადგინეს:

პოლიტიკის რეფორმა. პოლიტიკური მდგომარეობა სახელმძღვანელო პრინციპების ყველა ასპექტს, მათ შორის ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს სკოლების დახურვასა და გახსნას მოიცავს. რეფორმებმა ბავშვების მარგინარიზირებული ჯგუფებისთვის განათლება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. გარდა ამისა, საჭიროა დისტანციური სწავლების პრაქტიკის სტანდარტიზაცია და გამყარება.

დაფინანსების მოთხოვნა. აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა გავლენა მოახდინა COVID-19-მა განათლების სისტემაზე. ამის შემდეგ სფეროს აღდგენისა და გამყარების მიზნით, მასში სახსრების ინვესტირებაა საჭირო.

უსაფრთხო ოპერაციები. სკოლებმა ისეთი პირობების უნდა შექმნან, რომლებიც დაავადების გავრცელებას ხელს შეუშლის. ამისთვის აუცილებელია ძირითადი მომსახურების და ინვენტარის უზრუნველყოფა, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. ამისათვის მოსწავლეებს სუფთა წყალთან და საპონთან წვდომა ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

სწავლების კომპენსაცია. ძირითადი ყურადღება პრაქტიკას უნდა დაეთმოს. ის დაკარგული დროის კომპენსაციასა და პედაგოგის პროფესიონალიზმის გამყარებას შეძლებს. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ახალი ვირუსის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება მათ შორის დაავადების გადაცემისა და მისი პროფილაქტიკის შესახებ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური