GE

სკოლების ნაწილი უფლებას მიიღებს, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სასკოლო მზაობის პროგრამები განახორციელოს

პარლამენტში „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიღების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი შეძლებს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამები განახორციელოს.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტში ვკითხულობთ, ასეთ უფლებას ყველა სკოლა ვერ მოიპოვებს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილია, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მიეცეთ მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. (საჯარო სკოლებს ამ ეტაპზე მსგავსი პროგრამები არ აქვთ).

ასეთი ცვლილების განხორციელების აუცილებლობას კანონპროექტის ავტორები კონკრეტული ციფრებითაც ხსნიან, დღეს არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ და ცვლილების გათვალისწინებით მიღებული რეალობის ოპტიმისტურ შედეგს წარმოადგენენ.

“ხაზგასასმელია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყანაში. 2022-2030 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2024 წწ. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების წილი (2-დან 5 წლამდე) საერთო რაოდენობასთან მიმართებით იყო 71%, ხოლო ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო მზაობის პროგრამებში, სკოლაში მისვლამდე ერთი წლით ადრე შეადგენდა 80%-ს. ამასთან, 2024 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა 80% და 90%-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამები. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სისტემაში უკვე შემოსული სკოლების მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმიზაციას, გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე გაიზრდება სკოლამდელ განათლებაში ჩართული ბავშვების რაოდენობა”, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღებს ამ უფლებას მხოლოდ კერძო სკოლა და არა საჯარო, ობიექტური გარემოებები ცვლილების ავტორებმა ასე ჩამოაყალიბეს:

1. საჯარო სკოლების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის /სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, არსებობას მაღალი ალბათობა იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებით მოხდეს პირველი კლასის დაკომპლექტება. შესაბამისად, სხვა ბავშვები, რომლებიც ამ სკოლის სასკოლო მზაობის პროგრამით არ სარგებლობდნენ, მაღალი ალბათობით ვერ ჩაირიცხებიან ამ სკოლაში. აღნიშნული შეზღუდავს დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობას;

2. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებს მართავს თვითმმართველი ერთეული, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს – სახელმწიფო ხელისუფლება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულსა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებები გამიჯნულია, შესაბამისად ამ ნაწილშიც გამიჯვნის საჭიროება დადგება. ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილების შეტანა „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში;

3. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, საჯარო სკოლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, გადასაწყვეტი იქნება დაფინანსების საკითხები.

ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით დავის განხილვის საკითხი.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროს აღიარება – „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გახანგრძლივდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური