სკოლების შემდეგ, ელექტრონული ჟურნალი პროფესიულ სასწავლებლებსაც ექნებათ – წარმოების წესი დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 19 სექტემბრის ბრძანებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სკოლების შემდეგ, ელექტრონული ჟურნალის წარმოება უკვე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც დაიწყება.
მინისტრის ბრძანება, რომელიც უკვე ძალაშია, 2026 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებულ მიღებებზე გავრცელდება.
ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი მათ შორის განსაზღვრავს: ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებებს, დაწესებულების მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელ აქტივობებს, პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელ აქტივობებს, ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალობას, შენახვის ვადას და ა.შ.
უფრო კონკრეტულად კი, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა, რომ ელექტრონული ჟურნალი მათ შორის მოიცავს:
- ინფორმაციას ჯგუფების შესახებ, რომლის ფორმირებასაც უზრუნველყოფს დაწესებულება პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების გათვალისწინებით;
- კალენდარს, სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, უქმე დღეებისა და არდადეგების შესახებ;
- სასწავლო განრიგს, რაც გულისხმობს მოდულების გაწერას კვირებისა და საათების მითითებით, სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ელექტრონული ჟურნალის სუბიექტები არიან:
- სამინისტრო, ინფორმაციის/მონაცემებზე ხედვის უფლებით;
- მართვის სისტემა, ტექნიკური ადმინისტრირების უფლებით;
- დაწესებულება, ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;
- პროფესიული განათლების მასწავლებელი, ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;
- პროფესიული სტუდენტი, ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით.
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს ელექტრონული ჟურნალის მონაცემთა წყაროს, კერძოდ, ელექტრონულ ჟურნალში სისტემიდან აისახება:
პროფესიული განათლების მასწავლებლის:
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი;
- განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, გავლილი ტრენინგები/სასწავლო კურსები) და სამუშაო გამოცდილება;
- განხორციელებული მოდულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების მითითებით.
პროფესიული სტუდენტის:
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, კვალიფიკაცია);
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდული და თითოეული მოდულის სასწავლო გეგმა/ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
გაითვალისწინეთ: ელექტრონულ ჟურნალში ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე ინფორმაციის შეტანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სუბიექტი უფლებამოსილია ჟურნალი მატერიალური სახით აწარმოოს. მატერიალური სახით წარმოებულ ჟურნალში მითითებული ინფორმაცია, ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ ჟურნალში უნდა აისახოს. მატერიალური სახით წარმოებულ ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებული ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაცია იქნება.
დაწესებულების მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები
დაწესებულება ელექტრონულ ჟურნალში, სისტემაში ასახული სასწავლო გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
- სასწავლო განრიგის შექმნას და კალენდრის ფორმირებას;
- ჯგუფების ფორმირებას;
- პროფესიული სტუდენტის განაცხადზე შესაბამის რეაგირებას.
დაწესებულება უფლებამოსილია:
- პროფესიული განათლების მასწავლებელს განუსაზღვროს ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირებისთვის საჭირო ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;
- პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ჩაანაცვლოს სხვა პროფესიული განათლების მასწავლებლით;
დაწესებულება ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს ელექტრონული ჟურნალის ამ წესის შესაბამისად წარმოებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი გამოსწორება 1 თვის ვადაში.
პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები
პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:
- ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი;
- ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სასწავლო პროცესზე დასწრების შესახებ, დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;
- ჩანიშნოს მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგის დადასტურების თარიღი, აღნიშნული თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე;
- განსაზღვროს შეფასების ინსტრუმენტი;
- შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითოეული პროფესიული სტუდენტის მიმართ მონიშნოს სწავლის შედეგის დადასტურება ან სწავლის შედეგის არდადასტურება და უზრუნველყოს შეფასების უწყისის ფორმირება დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;
- დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში პროფესიული სტუდენტის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახოს პროფესიული სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები;
- ელექტრონულ ჟურნალში, მის მიერ არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს დაწესებულებას არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების გაუქმების მოთხოვნით.
პროფესიული განათლების მასწავლებელი უფლებამოსილია:
- პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგის დადასტურების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში კალენდარში განსაზღვროს დადასტურების აღდგენის ვადა;
- ელექტრონულ ჟურნალში ატვირთოს მოდულთან დაკავშირებული სასწავლო რესურსები;
- ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების გვერდიდან („ჩატი“) გაუგზავნოს შეტყობინება პროფესიულ სტუდენტს.
პროფესიული სტუდენტის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები
პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:
- გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შეფასებებს, დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას;
- ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით დაწესებულებას წარუდგინოს განაცხადი;
- ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების გვერდიდან („ჩატი“) გაგზავნოს შეტყობინება და დაუბრუნოს პასუხი პროფესიული მასწავლებლისგან მიღებულ შეტყობინებაზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაციისა და სხვა დეტალების შესახებ იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანება.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები