GE

სკოლებს ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციებით ახალი ვალდებულება დაეკისრებათ

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა, რომლის თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლს ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციებით, არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი ხნით მესამე პირის მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე გაყვანის დროს ტრანსპორტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნები: “ტრასპორტირება განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება, სატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია (აქვს მგზავრების დაზღვევა), ყავს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი და გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით.”

ახალი მიდგომით კი, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა რეკომენდაციები შეიმუშავა სახელმწიფომ არასრულწლოვანთა ქალაქგარეთ გაყვანის შემთხვევაში გასათვალისწინებლად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური