GE

„სკოლებს გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად თავისუფალ გრაფიკს მივცემთ“

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, არდადეგების გახანგრძლივების გამო, გაცდენილი საათების ანაზღაურების მიზნით, საჯარო სკოლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება მოუწევთ.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, სამინისტრო სკოლებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს თუ როგორ აანაზღაურონ გაცდენილი საათები.

“ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტები ამ ეტაპისთვის მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგლებშიც, თითოეულ სკოლას თავისი მოსწავლეთა რაოდენობის, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ მოდიფიცირებას, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შაბათი დღე, შესაძლებელია დამატებული იყოს გაკვეთილები. ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას მივცემთ თავისუფალ და მოქნილ გრაფიკს”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

როგორც ცნობილია, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემერმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნული რეჟიმი განსაკუთრებით ეხება განათლების სამინისტროსაც.

“მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

განათლების სამინისტრომ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციაც გამოაქვეყნა:

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს. სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას. აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური