GE

„სკოლებში უცხო ენის სწავლების დონე რომ ამაღლდეს მეტყველებაზე უნდა გადავიდეს დიდი აქცენტი“ – მასწავლებლობის მსურველები გამოცდის შემდეგ

დღეს მასწავლებლობის მსურველები და მაძიებლები პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდას უცხო ენაში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებდნენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. აპლიკანტების თქმით, საგამოცდო საკითხები საშუალო სირთულის იყო და სკოლაში დასაქმების მსურველს მსგავსი ტესტების დაწერა არ უნდა გაუჭირდეს. გამოცდების მონაწილეებმა EDU.ARIS.GE-სთან სკოლებში უცხო ენების სწავლების პრობლემებზეც ისაუბრეს.

ალინა ბანძელაძე, მასწავლებლობის მსურველი: ადვილი საკითხები იყო, ჩვენთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, პედაგოგობის მსურველს მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. საქართველოს სკოლებში უცხო ენის სწავლება არ არის ისეთ მაღალ დონეზე, რომ მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობა აღარ სჭირდებოდეს, ამიტომ მგონია, რომ საჭიროა მასწავლებლების უფრო ხშირად დატრენინგება. ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, იგივე სწავლების მეთოდებში და უფრო მეტი გამოცდილების ქონაა სასურველი. მე კანადაში გავიარე ოთხთვიანი კურსი სამხედრო აკადემიის ეგიდით, იქ სულ სხვა მიდგომებია, უფრო პრაქტიკული გამოყენების კუთხით უყურებენ განათლებას. მასწავლებელი მარტო ის არაა, რომ გადაშალოს წიგნი და დახუროს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კლასებში მოსწავლეების რაოდენობა 25-30 ბავშვში ძნელია ინდივიდუალურად მიუდგე მოსწავლეს, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ალბათ, რაც ცოდნის დაბალ დონეს განაპირობებს.

სალომე შარაშენიძე, გამოცდის მონაწილე: ინგლისურს ვაბარებდი, მარტივი, B2 დონის ტესტი იყო ჩემი შეფასებით და მე არ გამიჭირდა. თემა იყო ერთი სამოტივაციო წერილი და მეორე უნდა გვესაუბრა შემდეგ საკითხზე: თვითგანვითარება თუ ტრენინგები, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. მოსმენის ნაწილიც ძალიან ადვილი და გასაგები იყო. წინა წლების ტესტები ნანახი მქონდა და მსგავსი საკითხები იყო, დამატებული ან გართულებული არაფერი არ მომჩვენებია. ჩვენს სკოლებში უცხო ენის სწავლების დონე რომ ამაღლდეს, მეტყველებაზე უნდა გადავიდეს უფრო დიდი აქცენტი, ახლა ყურადღებას  უფრო წერას და გრამატიკას უთმობენ. დიდი დრო უნდა დაეთმოს ასევე მოსმენის ნაწილს, ფილმებს, ვიდეოებს უნდა ასმენინებდნენ ბავშვებს, ყური უნდა გაივარჯიშოს ბავშვმა, რომ უცხო ენის გაგება და მეტყველება შეძლოს, მარტო გრამატიკის წესების დაზეპირებით ვერ მიიღებს სასურველ შედეგს. სამწუხაროდ, სკოლა დღეს მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ბავშვმა გამოცდა ჩააბაროს.

მარიამ ხარაული, გამოცდის მონაწილე: ინგლისური ენა ვწერე, საშუალო სირთულის იყო. თემა მომეწონა – “მასწავლებლისთვის თვითგანვითარება უფრო უკეთესია, თუ ტრენინგების გავლაო”, ამ საკითხზე უნდა გვეწერა და კარგი სააზროვნო იყო. ზოგადად რომ შევაფასო, არ იყო ისეთი რთული, რომ მასწავლებელი ვერ გაუმკლავდეს. მოსმენის ნაწილი ცოტა არ იყოს გამიჭირდა, წინა წლების ტესტებს რომ ვაკეთებდი არ იყო რთული, მაგრამ რაღაც არ ვარ კმაყოფილი. მე ვერ შევძელი მობილიზება თუ რა იყო მიზეზი, ვერ გეტყვით. თითქოს ტესტის რთული ნაწილი უფრო კარგად დავწერე, ვიდრე ეს მოსმენა, ალბათ ხმაც არ ისმოდა კარგად. წელს დავამთავრე უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგია, სურვილი მაქვს სკოლაში დავიწყო მუშაობა და გამოცდილება მივიღო. მსგავსი გამოცდა არ მიმაჩნია ზედმეტად, კარგია, უნდა ვითარდებოდეს მასწავლებელი, მაგრამ როცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს, ხშირად არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს რომ კომპეტენცია აქვს. ისედაც ბევრი რამ შეიცვალა სკოლაში და ბევრი აქტივობის ჩატარება უწევს მასწავლებელს. ძალიან კარგი იქნება, რომ სკოლებში ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების შესწავლა ხდებოდეს და სწავლებაც თითოეულ მათგანზე იყოს მორგებული, ყველას სხვადასხვა უნარები აქვს და ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. მე, მაგალითად, თუ სკოლაში ვიქნები, დიფერენცირებულ მიდგომას ავირჩევდი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სიახლე უნდა შევიდეს სკოლებში, სახელმძღვანელოებიც უნდა შეიცვალოს. საჯარო სკოლებში უცხო ენას, მაგალითად ინგლისურს, მარტივი პროგრამით გადიან, ენების ცენტრებში უფრო რთული პროგრამებია, ამიტომ, დამატებითი მეცადინეობა სჭირდებათ ხოლმე მოსწავლეებს.

რაც შეეხება ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდის მონაწილეებს, მათი განცხადებით ტესტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან შედარებით, ძალიან მარტივი იყო.

მარიამ ვეკუა აპლიკანტი 173-ე სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, ალბათ უფრო საშუალო დონის. ადამიანის მომზადების დონეზეა დამოკიდებული, მე მემარტივა, 7-12 კლასის და დაწყებითების ქართული ჩაბარებული მაქვს და ეს გამოცდა მასთან შედარებით ბევრად მარტივია, მით უმეტეს როცა შენი მშობლიური ენაა. მე სკოლაში ვმუშაობ უცხოელებთან, სპეციფიკას კარგად ვიცნობ და ჩემთვის მარტივი იყო. ზოგადად, თუ შევხედავთ წინა წლებთან შედარებით, იგივე დონის ტესტი იყო. არგუმენტირებული ესე იყო შედეგი: “დამოკიდებულია თუ არა მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ის, რომ პარალელურ კლასებში სხვადასხვა აკადემიური მოსწრების ბავშვები არიან”, საინტერესო საკითხი იყო. დანარჩენი იყო გრამატიკული და პროფესიული ნაწილი, ასევე მოსმენა და მისი დავალებები.

მილენა, აპლიკანტი 173-ე სკოლის ცენტრიდან: ქართული, როგორც მეორე ენა ეს ტესტი ვწერე, ქართველი არ ვარ  და ჩემთვის არ იყო მარტივი ამ გამოცდის ჩაბარება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლაში ვიმუშაო, ქართულად მეტყველება ზოგადად არ მიჭირს, მაგრამ როდესაც საქმე ტესტს და მასწავლებლის სპეციფიკას ეხება, საქმე ცოტა რთულადაა, ამიტომ მეშინია და არ ვიცი მეყოფა თუ არა ქულები იმისთვის, რომ სერტიფიკატი მივიღო. არგუმენტირებული ესეს თემა იყო საინტერესო მასწავლებლის მუშაობაზე დამოკიდებულია თუ არა, რომ სხვადასხვა კლასში ზოგი მოსწავლე კარგ ნიშნებს იღებს და ზოგი ცუდს, მე დავწერე, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მხოლოდ პედაგოგი არ განსაზღვრავს მათ მიღწევებს. ვნახოთ რა იქნება, შედეგები გვაჩვენებს რა გამომივიდა.

მასწავლებლობის მსურველებისთვის და მაძიებლებისთვის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდა უცხო ენასა და ქართულში, როგორც მეორე ენაში დღეს არ დასრულებულა, ისინი ხვალ გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე იმუშავებენ, რისთვისაც მათ საგამოცდო ცენტრებში 15 წუთი ექნებათ გამოყოფილი.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური