სკოლის ბუფეტები – ბიზნესი მოსწავლეების ჯანმრთელობის ხარჯზე
ტკბილეული, ჩიფსები, ცომეული, გაზიანი სასმელები, არომატიზატორებით გაჟღენთილი სასუსნავები – ეს იმ საკმაოდ მავნე პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თქვენი შვილები ყოველდღიურად სკოლებში იკვებებიან. ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს სტანდარტები, რომლითაც სკოლებში ბავშებისა და მოზარდების კვებაზე სახელმწიფო იზრუნებდა.
შესაბამისად, თუკი ზემოთჩამოთვილილი პროდუქტების გაყიდვა იქ არათუ სკოლაში, არამედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი აკრძალულია, ქართულ სკოლებში მათ გარდა ვერაფერს ნახავთ.
ბუფეტებში ვერასდროს შეხვდებით წვნიანებს, ბოსტნეულის სალათებს, ბურღულეულს, ხილს, კომპოტებს, რძის ნაწარმს, თევზს, კვერცხს და ა.შ. ანუ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რითიც წესით ბავშვი უნდა იკვებებოდეს და სრულფასოვან სადილს იღებდეს. მათ ნაცვლად მოსწავლეები შაქრითა და მარილით უხვად გაჯერებულ სასუსნავებს ეტანებიან, რაშიც, მაღაზიებთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასს იხდიან.
არცთუ იშვიათად კი, ამ პრობლემას სხვა, არანაკლებ მძიმე პრობლემებიც ემატება – ბუფეტებში ჰიგიენური ნორმების დარღვევა, პროდუქციაზე ვადების არასათანადო კონტროლი, წინა დღეს გამომცხვარი ღვეზელებისა თუ ხაჭაპურების მეორე დღეს გაიყდვა და ა.შ. ბევრია ისეთი სკოლაც, სადაც მაცივარიც არ არის, ან ეკონომიის მიზნით გამორთულია და პროდუქტი ისე ინახება.
“ჩემი შვილი შარშან ბუფეტში ნაყიდი საჭმლით მოიწამლა, მაგრამ ეგ რომ გავაპროტესტე დირექტორმა აქეთ დამდო ბრალი – ჯანსაღი კვება თუ გინდა თავად დაუმზადე საჭმელიო. არანაირი სტანდარტი არ არსებობს. გამყიდვლები მუშაობისას თმასაც კი არ იფარავენ. რამდენჯერ მინახავს ღვეზელებს თავსაბურავის გარეშე რომ ამზადებენ. ერთი შეხედვითაც კი ადვილად შეამჩნევთ, რომ ჰიგიენის ნორმებისგან ძალიან შორს არიან,” – ამბობს ნინო, რომელსაც მეხუთეკლასელი შვილი ჰყავს.
იგივე პრობლემაზე საუბრობს სოფო ფიცხელაური, რომლის მესამე კლასელი გოგონაც თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში დადის.
“ბუფეტში შესვლა სკოლაში პირველივე კლასიდან ავუკრძალე, რადგან ვნახე თუ რა პირობები იყო იქ. სასადილოში ვერ ნახავთ საკვებს, რომელიც ოდნავ მაინც ჯანსაღი და ბავშვისათვის მისაღებია. მხოლოდ იაფფასიანი კეჩუპითა და მაიონეზით მომზადებული პიცა და საეჭვო შიგთავსის მქონე ხაჭაპური იყიდება.ასევე ტკბილეული და გაზიანი სასმელები.
“ძალიან ცუდია, როცა დაწესებულებაში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მათ კვებაზე არავინ ზრუნავს. იძულებული ვარ თავად გავუმზადო ყოველ დილას სადილი და სკოლაში გავატანო, რადგან გაკვეთილების შემდეგ ცეკვა ან ინგლისური აქვს და ამდენ ხანს მშიერი ვერ გაძლებს,” – ამბობს სოფო.
საქართველოში 2 085 საჯარო და 250 კერძო სკოლაა, სადაც ყოველწლიურად, 6-დან 18 წლამდე ასაკის 600 000-მდე მოსწავლე სწავლობს. უმეტეს სკოლას სასადილო იმავე შენობაში აქვს განთავსებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სჯარო სკოლების თითქმის ნახევარს ბუფეტი საერთოდ არ აქვს.
თითოეულ სკოლაში მოსწავლეების კვებაზე სხვადსხვა ინდმეწარმე ზრუნავს. სასადილოს მოსაწყობად ადგილი იჯარით გაიცემა. ტარდება ტენდერი და მასში ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს წარადგენს. იმის გამო, რომ საერთო წესი არ არსებობს, მეიჯარეები სურვილისამებრ აწყობენ სასადილოებს და იმას ყიდიან რაც თავად სურთ.
“ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 50-ე მუხლის II პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა, მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დანარჩენს საკითხებს არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები,“ – განმარტავენ განათლების სამინისტროში.
როგორი უნდა იყოს კვების ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ამას საქართველოს მთავრობის 173-ე დადგენილება განსაზღვრავს.
“სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი განსაკუთრებით უნდა იცავდეს სისუფთავეს. უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (მათ შორის, ხელთათმანები, თავსაბურავი და ფეხსაცმელი) საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის,“ – ვკითხულობთ მასში.
სწორედ ამ დადგენილებით ხელმძღვანელობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელსაც სკოლების სასადილოების მონიტორინგი ევალება. თუმცა, ინსპექტირების განხორციელების პროცესში იგი უფლებამოსილია, ჰიგიენის ზოგადი წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სკოლის ბუფეტების შემოწმება 2015 წელს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მთელი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მათ 345 გეგმური ინსპექტირება, 4 არაგეგმიური და 255 განმეორებითი ინსპექტირება განახორციელეს.
თუკი შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორი ხარვეზებს აღმოაჩენს, იგი მეიჯარეს მათ გამოსასწორებლად “გონივრულ ვადას” აძლევს. ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა ამოწმებს და თუკი რეკომენდაციები გათვალისწინებული ისევ არაა, იგი 400 ლარით ჯარიმდება. ამასთანავე, მას ისევ ეძლევა ვადა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. თუკი ბიზნესოპერატორმა ეს ისევ არ გააკეთა, ჯარიმა სამმაგდება.
გასულ წელს ეროვნულმა სააგენტომ 15 სკოლა დააჯარიმა. თუმცა, განმეორებით დაჯარიმება საჭირო აღარ გამხდარა.
“სკოლებს დიდი ხანია ვამოწმებთ, მაგრამ ადრე ინსპექტირების ჯგუფში სულ 12 კაცი იყო და საქმეს ვერ ავუდიოდით. 2013 წელს ახალი კადრები ავიყვანეთ და ამჟამად 120-ზე მეტი ინსპექტორი გვყავს. შესაბამისად, მონიტორინგი ოპერატიულია. მათ შორის რეგიონებშიც. სკოლის ბუფეტებისა და საბავშვო ბაღების სასადილოების შემოწმება ამ წელსაც პრიორიტეტულია,” – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის ინსპექტირების დაპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ქურდაძე.
ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობაზეა ორიენტირებული. როცა სკოლა ბუფეტის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს, ზოგად რეკომენდაციებს სააგენტო იძლევა თუმცა, მენიუს შედგენაში, და იმაში, თუ რა უნდა გაყიდოს ტენდერში გამარჯვებულმა სასადილოში, არ ერევა.
შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეიჯარეს არავინ ავალდებულებს, რომ ბავშვებს ჯანსაღი პროდუქტი ადეკვატურ ფასად მიჰყიდოს. ამიტომ, სასადილოებში ძირითადად ის იყიდება, რაზეც მოთხოვნაა – ტკბილეული და სასუსნავი.
სხვა ქვეყნების მაგალითი
ამ დროს კი, ევროპასა და ამერიკაში ბავშვებისა და მოზარდების კვებაზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ზრუნავენ და შესაბამისად, ადგენენ ახალ წესებსა და სტანდარტებს, რაც სკოლების სასადილოებმა უნდა დააკმაყოფილონ. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რამხელა ყურადღებას უთმობენ მოსწავლეების ჯანსაღ კვებას განვითარებულ ქვეყნებში, ეს ორიოდე მაგალითიც კმარა:
ინგლისში პეპსისა და კოკა–კოლას, გაყიდვა როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელების, არათუ სკოლებში, არამედ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსშიც კი იკრძალება.
აშშ-ში 2010 წლიდან სკოლების სასადილოებში ჰოთ-დოგების, ჰამბურგერებისა გაზიანი და შაქრის შემცველი სასმელების გაყიდვა აიკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოზარდების კვების რაციონში სწრაფი კვების პროდუქტების (ჰამბურგერი, ჩიპსები და ა.შ) მკაცრად შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევა.
საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს კანონი, რომელიც სკოლაში კვების საკითხს დაარეგულირებდა.
მართალია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015წლის 27 ოქტომბრის ბრძანებითდამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”, მაგრამ ვინაიდან ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა ვალდებულება, მას არავინ ასრულებს.
“საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, წარმოდგენილი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცით. სასკოლო კვება უნდა უზრუნველყოფდეს ყველა აუცილებელი სახეობის სურსათის მიწოდებას მოსწავლეთათვის: მარცვლოვნები, ბურღულეული, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო, ცილების შემცველი სხვა პროდუქტები.
“აკრძალულია ე.წ. წასახემსებლები, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც არ აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი. აკრძალულია კანფეტები, შოკოლადი ან შოკოლადით დაფარული პროდუქტები. აკრძალულია მზა საკვებზე მარილის დამატება, კეტჩუპი და სხვა მსგავსი საწებლები გამოყენებულ უნდა იქნას შეზღუდული რაოდენობით,” – ნათქვამია გაიდლაინში.
სპეციალისები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სადილობისთვის განკუთვნილი დროის ხანრგძლივობაც. მას მინიმუ 45 წუთი უნდა ეთმობოდეს, რათა მოსწავლემ ჯეროვანი სადილის მიღება მოასწროს. ისინი სავალდებულო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სრულფასოვანი საკვები ბავშვების გონებრივ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ეტიკეტი“ სკოლების სასადილოებს დამოუკიდებლად ამოწმებდა. თუმცა, როგორც მისი ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებში არასამთავობოების შესვლა აკრძალა.
მისი თქმით, კატასტროფაა, რომ არ არსებობს სახელმწიფო ნორმატიული დოკუმეტაცია და ერთიანი წესი. შედეგად, ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვ და პასუხისგებაშიც ვერავის მისცემ.
„დადგენილი უნდა იყოს საშუალოდ რამდენი და რა სახის პროდუქტი სჭირდება ბავშვს ნორმალური კვებისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, სკოლებშიც ნატურალური პროდუქტი უნდა შევიდეს და არა მისი მიმსგავსებული. ბავშვის ორგანიზმი სუსტია და მას ჯეროვანი კვება სჭირდება. ეს სკოლებში გათავლისწინებული არაა. ნორმატიული დოკუმენტაცია კი, რაც ამას დაარეგულირებს, არ არსებობს,“ – აცხადებს ამირან შენგელია.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ამჟამად ახალი პროექტი მზადდება, სადაც 6 სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართულები – განათლების სამინისტრო, იფნრასტრუქტურის სამინისტო, თბილისის მერია და ა.შ. ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ერთიანი მიდგომა შემუშავდება და დადგინდება თუ როგორ უნდა მოეწყოს სკოლის ბუფეტები, რა უნდა გაიყიდოს იქ და ა.შ. მას რეკომენდაციის სახე ექნება თუ სავალდებულო შესასრულებელი გახდება, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
Aris.ge-განათლება შეეცადა, განათლების სამინისტროში პროექტის დეტალები გაერკვია, მაგრამ სამინისტრო მოკლე პასუხით შემოიფარგლა:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა უწყებებთან ერთად მონაწილოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამუშაო შეხვედრები იმართება ინტენსიურ რეჟიმში, რის შემდეგაც მოხდება მოსწავლეთა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით ყველა საკითხის შემუშავება,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
მანამდე კი, სანამ სახემწიფო მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გადაწყვეტდეს, სპეციალისტები მშობლებს დაბეჯითებით ურჩევენ შვილებს სადილი სახლიდან გაატანონ და არავითარ შემთხვევაში არ მისცენ თანხა ბუფეტში წასახემსებლად.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება