გათავისუფლებული სკოლის დირექტორის კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენას სახალხო დამცველი ითხოვს
2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს/მინისტრს და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნანა ჯალაღონიას კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.
სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება – საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს ნ.ჯ.-ს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს.
როგორც რეკომენდაციის დოკუმენტშია აღნიშნული, განსახილველ საქმეში ცალსახად იკვეთება, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ნანა ჯალაღონიას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი, რომლითაც გაწერილია თუ როდის შეუძლია სამინისტროს როგორც საზედამხედველო და მაკონტროლებელ ორგანოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ვერ წარმოუდგინა ინფორმაცია ნანა ჯალაღონიას მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევებისთვის მათი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით რატომ იყო მიზანშეწონილი და აუცილებელი აფხაზეთის ა/რ-ს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სხვა სახის უფრო მსუბუქი სანქცია რატომ ვერ იქნებოდა გამოყენებული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით…”, – წერია რეკომენდაციაში.
ლევან იოსელიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს შემდეგი რეკომენდაციით მიმართავს: “ნანა ჯალაღონიას კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, ჩაატაროთ ადმინისტრაციული წარმოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2023 წლის 13 ივლისის N67/კ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება”.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება