GE

სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 2 დღით გახანგრძლივდა

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 28 ივნისს გაავრცელა.

უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მსურველებს, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს აქვთ.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება აქვთ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

სამინისტროს ცნობით, 1 ივლისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 2 ივლისს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

  • პირადობის ან პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4;
  • სამოტივაციო წერილი;

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება”, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური