GE

სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების დამატებითი სესია ჩატარდება? – ვის შეეხება ცვლილება კანონში

„ტესტირებაზე დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით“, – ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრის მოავალეობის შემსრულებელი თამარ მახარაშვილი (მიხეილ ჩხენკელის ქვეყანაში არ ყოფნის გამო ავტ.).

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში კიდევ ერთი ცვლილება აისახა, რომელიც ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს ადგენს:

ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში:

ა. მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია;

ბ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს იმ დირექტორობის მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ. ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულმა პირებმა შესაბამისი ტესტირების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ე) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის სისტემის მიერ მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

ვ) დამატებით ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“

“ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამჟამად მიმდინარე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ნაწილზეც”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ზემოაღნიშნული ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტესტირების ჩატარების შემდეგ მიიღო და ბრძანებაში აღნიშნული ვადები, სხვადასხვა ცნობის წარდგენისთვის უკვე გასულია. შესაბამისად, გაურკვეველია, მიეცემათ თუ არა ზემოჩამოთვლილ შემთხვევებში აღმოჩენილ დირექტორობის მსურველებს ტესტირების დამატებით სესიაზე გასვლის უფლება. იხილეთ ბრძანება დეტალურად.

ასევე იხილეთ: 

რა შემთხვევაში მიიღებენ დირექტორობის მსურველები კურიკულუმის ანალიზის დავალებაში მაღალ ქულას – სპეციალისტის განმარტებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური