სკოლის მანდატურის სამსახური: „ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 5 726 ახალი შემთხვევა შემოვიდა“
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი 2023 წლის განმავლობაშიც განაგრძობდა უფასო ფსიქოსოციალური მომსახურების შეთავაზებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სუბიექტებისთვის.
როგორც მანდატურის სამსახურის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში შევიდა 5 726 ახალი შემთხვევა. აქედან, 4 625 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 1 101 ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადამისამართდა სხვა სუბიექტის მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით, და/ან შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ.
გარდა ამისა, გასულ წელს არაერთ შემთხვევაზე მოუხდა რეაგირება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც საჭიროებისამებრ, მუშაობს მოსწავლეთა მშობლებთან და სკოლასთან და რომლის მიზანია კრიზისული შემთხვევების შეფასება ადგილზე, სიტუაციის პირველადი მართვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა:
“2023 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, კრიზისული ინტერვენციის ფარგლებში, განხორციელდა 38 ვიზიტი საჯარო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით; ხოლო შემთხვევაზე/შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით – 1 732 ვიზიტი”, – აღნიშნულია 2023 წლისშესახებ მომზადებულ ანგარიშში.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დასაქმებულია 51 ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა 2 ფსიქიატრი და 2 პროფესიული ზედამხედველი ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარებისთვის დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. განათლების სამინისტროს სსიპ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, 24 საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 701 შეტყობინება.
“ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, ფუნქციონირებს ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ სასაუბროს საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია. საანგარიშო პერიოდში, ვებგვერდის მეშვეობით, შემოვიდა 132 შეტყობინება”, – წერია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2023 წლის ანგარიშში.
ასევე იხილეთ:
საქართველოს სკოლებში ყველაზე ნაკლებად მოსწავლებისგან თანაკლასელის მიმართ დაცინვის ფაქტები შემცირდა
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება