GE

სკოლის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი განცხადებით პასუხობს

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც მარნეულში 13 წლის განმავლობაში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება არაგეგმიური შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღეს.

სკოლა-ლიცეუმთან, რომელიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, პირველ მარტს, სკოლის დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ ქ. მარნეულში მდებარე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და შედეგებს და გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულ ენაზე. აღნიშნული ფაქტი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

სკოლის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული და დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს.

„შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, იგივე გზით ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ამავე პერიოდში, აღნიშნული სკოლების გენერალური დირექტორი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, დაკავებულ იქნა და იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები და საბჭოს მსვლელობისას ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პროცესების გაგრძელებას.

„აღსანიშნავია, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების უფლებები და საუკეთესო ინტერესები და სასწავლო პროცესი შუა სემესტრში გაწყვიტა. საბჭო არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა დაუყოვნებლივ. სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება უსამართლოა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე, სკოლა მიმართავს ყველა გზას სამართლიანობის აღსადგენად“, – ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საპროტესტო აქციას პირველი მარტის დღის ბოლოს, განცხადებით გამოეხმაურა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განმარტა, რომ განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ ქ. მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქ.მარნეულში დღეისათვის არსებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.

მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბჭოს გადაწყვეტილება შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან“, – ვკითხულობთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებაში.

განათლების მინისტრის მოადგილის,თამარ მახარაშვილის უწყება განმარტავს, რომ შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღეში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური