სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა
სკოლის მოსწავლეებისთვის ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის – #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოსტერების კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობით შეგიძლიათ ჩაერთოთ საინფორმაციო კამპანიაში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდის პროცესში.
პოსტერების კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:
– კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საქართველოს მასშტაბით, 12-იდან 18 წლამდე;
– ფორმატი – საკონკურსო პოსტერი უნდა მოიცავდეს ერთ გვერდს. შესრულებული უნდა იყოს კონკურსანტისთვის სასურველი ზომით (A1, A2, A0 და ა.შ.). ნამუშევარი გადმოგზავნილი უნდა იყოს PDF, PNG ან JPG ფორმატით;
– შინაარსობრივი მხარე – პოსტერის თემატიკა ლოგიკურად უნდა ეხმიანებოდეს „ნუ წაართმევ ბავშვობას“ კამპანიის მიზნებსა და ნაადრევი ქორწინების საფრთხეებს;
– ვიზუალური მხარე – დატანილი იყოს წარწერა/სლოგანი, ფოტო, ნახატი, გრაფიკულად შესრულებული დიზაინი ან ნებისმიერი სხვა ვიზუალურად გამოხატული ნამუშევარი, რომელიც მოიცავს ნაადრევი ქორწინების თემატიკას;
– ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამოა, შეიცავს უცენზურო, დისკრიმინაციულ, ძალადობრივ ლექსიკას ან გრაფიკას, რომელიც არ შეესაბამება ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს, წარმოდგენილია არასრულყოფილად ან კონკურსის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ მიიღება. ასევე, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ან ნამუშევარი, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია მოიხსნება კონკურსიდან.
– გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლა, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, პოსტერის სათაური და მისი მოკლე აღწერა;
კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. კრეატიულობა;
2. შინაარსობრივი მხარე;
3. ვიზუალური მხარე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები, ყველა კონკურსანტს კი მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემა.
– თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი;
– წარმოდგენილ პოსტერზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რამე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ პოსტერთან დაკავშირებით;
– კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით, გამოხატავს თანხმობას, ჩაერთოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში;
– კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი პოსტერი შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ;
– გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს;
– საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 1 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.
პოსტერები უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე – adamianisuflebebi@mia.gov.ge.
კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით: თამარ ბასილაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი – 598 98 00 04 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს პოსტერის ორიგინალი ვერსიის გადმოგზავნა.
გისურვებთ წარმატებას!
-
ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
by
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები