სკოლის პირველი დღეები და სსსმ მოსწავლე – გზამკვლევი დაწყებითი კლასების მასწავლებლებს
ავტორი: ლალი მჭედლიძე, თბილისის 191-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი
როგორ დავეხმაროთ დაწყებით კლასებში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
დამეთანხმებით, რომ სკოლის პირველი დღეები ყველა პირველკლასელისთვის ემოციური და სტრესულია. პატარებს დიდი მოლოდინები აქვთ, ნერვიულობენ და თამამად ან პირიქით, მორცხვად გამოხატავენ ემოციებს. ეს ბუნებრივია, რადგან მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ეს პროცესი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (სსსმ), რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა და ადაპტაციისთვის უსაფრთხო გარემო სჭირდებათ.
სსსმ მოსწავლეებისთვის სკოლის პირველი დღეები შეიძლება გარდამტეხი იყოს მათი მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან არა მხოლოდ ბავშვები და მშობლები, არამედ მასწავლებლებიც. კლასის დამრიგებლის დამოკიდებულება, კომუნიკაციის სტილი და ყოველდღიური პრაქტიკა არსებითად განსაზღვრავს, რამდენად წარმატებით ინტეგრირდება სსსმ მოსწავლე კლასში. მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება და შემოგთავაზოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც ამ პროცესში დაგეხმარებათ
რჩევები მასწავლებლებისთვის:
1.გაეცანით მოსწავლის საჭიროებებს – გაეცანით მოსწავლის პორტფოლიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სპეციალისტების რეკომენდაციებს. ესაუბრეთ მშობელს და გაარკვიეთ, რა დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება მოსწავლეს და რა მოლოდინები აქვს მშობელს სკოლისგან. კარგი იქნება, თუ სკოლის დაწყებამდე შეხვდებით მოსწავლეს და დაათვალიერებინებთ საკლასო ოთახს, დერეფანს, საპირფარეშოს და გააცნობთ მასწავლებლებს.
2.შექმენით პოზიტიური გარემო – კლასის სივრცე მკაფიოდ უნდა იყოს ორგანიზებული. მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, განათავსეთ ვიზუალური ნიშნები, რესურსები და მერხები უსაფრთხო ორიენტირებისთვის. მოსწავლე დასვით შედარებით წინ, რომ მასწავლებელთან მარტივი კომუნიკაცია შეძლოს.
3.დაამყარეთ მზრუნველი ატმოსფერო – შექმენით თანადგომის კულტურა, რათა თავიდან აიცილოთ სტიგმა და იზოლაცია. შესთავაზეთ ისეთი აქტივობები, სადაც სსსმ მოსწავლე თავს სრულფასოვან წევრად იგრძნობს.
4.ითანამშრომლეთ სპეციალისტებთან – ითანამშრომლეთ სხვა მასწავლებლებთან, სპეციალურ პედაგოგებთან, ფსიქოლოგთან და მშობლებთან. დამატებითი რეკომენდაციებისთვის ხშირად მიმართეთ სპეციალურ მასწავლებელს.
პრაქტიკული აქტივობები სკოლის პირველ დღეებში
აქტივობა N1 — „გულების ჯაჭვი“
მიზანი: ბავშვების გაცნობა და იმის სწავლა, რომ ყველა კლასელი მნიშვნელოვანია.
მიმდინარეობა: მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს გულის ფორმის ფერად ქაღალდებს. თითოეულმა ბავშვმა უნდა დახატოს ან დაწეროს ერთი რამ, რაც მოსწონს. სსსმ მოსწავლეს დაეხმარება მასწავლებელი ან თანაკლასელი. ამის შემდეგ მასწავლებელი დიდ ფორმატზე აწებებს გულებს ისე, რომ „გულების ჯაჭვი“ შეიქმნას. ბოლოს, მასწავლებელი კლასს ეუბნება: „ჩვენი კლასის ჯაჭვი იმითაა ძლიერი, რომ ყველა გული ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თითოეული თქვენგანის როლი საჭიროა, რომ ჯაჭვი არ დაიშალოს.“
შედეგი: ბავშვები ხედავენ, რომ მათი სსსმ თანაკლასელი კლასის განუყოფელი ნაწილი და თანაბრად მნიშვნელოვანია.
აქტივობა N2 – „ემოციები“
მიზანი: ბავშვებმა ისწავლონ სხვისი ემოციების ამოცნობა და ერთმანეთის პატივისცემა.
მიმდინარეობა: მასწავლებელი აჩვენებს „ემოციის ბარათებს“. ბავშვებმა უნდა ამოიცნონ, რა ემოციაა გამოხატული ბარათზე. შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, მაგალითად: „თუ მეგობარი მოწყენილია, რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ?“ ამ დროს სსსმ მოსწავლეს შეუძლია აჩვენოს ბარათი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს მის იმჟამინდელ განწყობას.
შედეგი: ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების პატივისცემასა და თანაგრძნობას.
აქტივობა N3 – „გავიცნოთ ერთმანეთი“
მიზანი: კომუნიკაციის უნარების განვითარება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ნახატიან ბარათებს. ზოგიერთ ბარათზე ერთნაირი ილუსტრაციებია, რომლებიც მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით დაურიგდებათ. მათ უნდა იპოვონ თანაკლასელი, რომელსაც მისი იდენტური ბარათი აქვს. შემდეგ გაიცნობენ ერთმანეთს და ბოლოს კლასს წარუდგენენ. სსსმ მოსწავლეს მხარდაჭერის მიზნით, მას შესაძლოა ჰქონდეს წინასწარ გამზადებული „საკომუნიკაციო პასპორტი“, რომელიც მის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიზუალურ მასალას მოიცავს. ეს არის სახალისო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მომზადდეს მშობლის მიერ. (იხ. ნიმუში)
შედეგი: სსსმ მოსწავლე თავს იგრძნობს კლასის სრულფასოვან წევრად.
შენიშვნა: ნებისმიერი აქტივობის მოდიფიცირება შესაძლებელია საჭიროებისა და სურვილისამებრ.
ამოსაბეჭდი რესურსები:
გთავაზობთ კითხვარის ამოსაბეჭდ ვერსიას
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი