GE

სკოლის შენობას, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მიწისძვრამ ბზარები გაუფართოვა – ვეკუას სკოლის გასაჭირი

13 თებერვალს, საქართველოში ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, მიზეზად კი ამჯერად პანდემიური სიტუაცია კი არა, სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობა ჩაითვალა. სკოლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე ეს განცხადება გაჩნდა:

„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლა 25 თებერვლამდე იმუშავებს ონლაინ რეჟიმში. მიწისძვრის შემდგომი საფრთხეების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აღნიშნულ პერიოდში, მოხდება შენობის მდგომარეობის შესწავლა. ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ მოგაწვდით ეტაპობრივად“ .

სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას მშობელთა აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც EDU.ARIS.GE-მ სკოლის დირექტორ ნუგზარ კედელაშვილთან საუბრისას შეიტყო, შენობა, სადაც ბავშვები სწავლობენ, დიდი ხანია ავარიულია და ამის შესახებ ყველა უწყება ინფორმირებულია, ექსპერტიზა კი ამბობს, რომ სკოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თუკი საფრთხე იქნება, შენობიდან გაიყვანენ. სკოლა ამჟამად ექსპერტიზის ახალ პასუხს ელის, ონლაინ სწავლებას 25 თებერვლამდე გააგრძელებს და ის კლასები, სადაც ბზარებია გაუქმებული იქნება.

კედელაშვილი კი ამბობს, რომ „ყველაფერი კეთდება“ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ირკვევა, რომ ბავშვებს საშიშ გარემოში ყოფნა კიდევ კარგა ხანს მოუწევთ. დირექტორის ინფორმაციით, ახალი სკოლის თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებულია, მაგრამ  მშენებლობა, რომლის დასრულებასაც მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება, ჯერ არ დაწყებულა.

„ძველი შენობაა და ბზარი არსებობს ორ სხვადასხვა მიშენებას შორის. ყოველ წელს ტარდება ექსპერტიზა. ისე არ არის, რომ შენობა ავარიულია და ინგრევა“ , – გვითხრა სკოლის დირექტორმა, რომელიც კითხვაზე, რა წერია წლების განმავლობაში ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებში, გვპასუხობს:

„ექსპერტიზის პასუხებში წერია, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სკოლაში სწავლა შეიძლება. რიგი ოთახებისა, სადაც ბზარებია, გავაუქმეთ. როგორც კი საფრთხე იქნება, გაგვიყვანენ შენობიდან. ჯერჯერობით მსგავსი საფრთხე არ არის“.

-საფრთხე როგორ არ არის,  მიწისძვრისგან დაზღვეულები ხომ არ ვართ? 

-მიწისძვრამ არსებული ბზარები ოდნავ გააფართოვა. საკითხი შეისწავლება განათლების სამინისტროსა და ექსპერტების მიერ და პასუხიც გვექნება. ძველი შენობაა, 1950 წელშია აშენებული. სამინისტრო ინფორმირებულია, ყოველ წელს ვიღებთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნებსა და შეფასებებს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ჩამონათვალი, რაც უნდა გაკეთდეს.

-რა უნდა გაკეთდეს?

-ის, რომ სკოლას უნდა აუშენონ ახალი შენობა. სასწავლო წლის ბოლომდე ასე გაგრძელდება და მერე ალბათ უკვე გადაგვიყვანენ სხვა შენობაში.

-„ალბათ“- ზეა მინდობილი ასობით მოსწავლის ბედი?

-გადაწყვეტილი არ არის და ცალსახად ვერაფერს ვამბობ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებით არის ამ საკითხის მიმართ, კონტროლზე ჰყავთ აყვანილი და ახლაც, როცა მიწისძვრის გამო ამ ბზარმა რამდენიმე ადგილას მოიმატა, ორი კვირით გადაგვიყვანეს ონლაინ რეჟიმზე, რომ შესწავლილ იქნას ექსპერტების მიერ და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ განახლდეს სწავლა. ის, რომ შენობა ავარიულია, სულს ღაფავს და სწავლა არ შეიძლება, ასეთი მდგომარეობა არ გავქვს. ერთი ოთახი უკვე გავაუქმეთ და კიდევ ორი ოთახის გაუქმების საკითხი დგას, რადგან სასურველია, იქ არავინ შევიდეს, რადგან ბზარებია.

-მშობლები ალბათ ძალიან ღელავენ, ბავშვები რომ ავარიულ შენობაში სწავლობენ.

-მშობლებმა იციან ამის შესახებ, მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას. მეც მშობელი ვარ და, რა თქმა უნდა, სხვის შვილებსაც ვუფრთხილდებით. რამე საფრთხე რომ იყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, განგაშს ჩვენ ავტეხავთ, მაგრამ ჯერჯერობით, მყარად დგას ძველი შენობა. მოშენება იყო გაკეთებული და იმ მოშენებასა და ძველ შენობას შორის არის ბზარი. ეგ არის და ეგ. იქ, სადაც ბზარია, იქ ვკეტავთ ოთახებს და ვვიწროვდებით, რადგან უსაფრთხოება უპირველესია.

-ამბობთ, რომ სკოლას ახალი შენობა უნდა აუშენონ. უკვე დაწყებულია მშენებლობა?

-არ არის დაწყებული. ჯერ ადგილი უნდა მოიძებნოს. თანხები კი გამოყოფილია ბიუჯეტში და ამ სასწავლო წლის ბოლოდან დაიწყება მშენებლობა. ალბათ წელიწადში-წელიწად ნახევარში აშენდება.

ასევე იხილეთ:

ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება 25 325-მა სკოლის მოსწავლემ მოითხოვა – ბოლო სტატისტიკა

„არ ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია ჩაივლის, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით დისტანციური სწავლების რეჟიმს“ – კახა ერაძე ონლაინ სწავლების შედეგებსა და მშობლების პასუხისმგებლობაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური