„არ ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია ჩაივლის, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით დისტანციური სწავლების რეჟიმს“ – კახა ერაძე ონლაინ სწავლების შედეგებსა და მშობლების პასუხისმგებლობაზე
„სოციალიზაციის ნაკლები ხარისხი აბსოლუტურ გავლენას ახდენს მოსწავლის არა განათლების დონეზე, არამედ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ერაძემ, რომელიც ამ უწყებაში ზოგადი განათლების მიმართულებას კურირებს. ერაძე ონლაინ სწავლების პლუსებსა და მინუსებზე საუბრობს და აკონკრეტებს, თუ რა დროს შეიძლება პანდემიის დასრულების შემდეგ, ონლაინ სწავლების რეჟიმი კვლავ იქნას გამოყენებული.
ერაძე ამბობს, რომ ზოგადი განათლების განვითარების კუთხით დაწყებულია სკოლების პილოტირება, რამაც უნდა გამოავლინოს, შეუძლია თუ არა სკოლას თვითშეფასებით განვითარება.
„ძალიან საინტერესო გახლავთ ის, რომ მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ პილოტირება სკოლების თვითშეფასებისა. სკოლას აქამდე მუდამ აფასებდა გარედან მიმსვლელი. შესაბამისად, არ არსებობდა ეროვნულ დონეზე შეთანხმებული ინდიკატორები ზოგადი განათლების ხარისხისა. სხვადასხვა შემფასებელი ზოგადი განათლების ხარისხს სხვადასხვა კუთხით აფასებდა. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ტენდენციური შეფასება და ხშირ შემთხვევაში – არატენდენციური და ობიექტური. ზოგადი განათლების კანონში ინიცირებული ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ, რომ ჩამოყალიბდეს ეროვნული ინდიკატორები ზოგადი განათლების ხარისხის გაზომვისა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით მოახდინოს შემდგომ ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება.
„წელს პირველად ხდება პილოტირება საჯარო სკოლების თვითშეფასებისა, სადაც სკოლები შიგნიდან შეაფასებენ თავიანთ მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ ეს უფრო ნათელ და ობიექტურ სურათს დაგვანახებს სკოლის საჭიროებებისა. არა სისტემურ დონეზე, არამედ თითოეული სკოლის ინსტიტუციურ დონეზე, რაც, ვფიქრობ, უფრო სწორი მიდგომაა, რადგან ყველანაირი ინტერვენცია გარედან მხარდაჭერისა, მორგებული უნდა იყოს სკოლის საჭიროებებზე და ეს საჭიროება სკოლამ ყველაზე კარგად იცის, ვიდრე გარე შემფასებელმა.
„წლის ბოლოს ჩვენ უფრო მეტი დეტალი შეგვიძლია გითხრათ სისტემის მდგომარეობაზე, თუ რა უშლიდა ხელს, რომ უკეთესი შედეგები ყოფილიყო მიღწეული ზოგადი განათლების სფეროში და ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც უფრო მიზანმიმართული იქნება და დაეფუძნება თვითშეფასების შედეგებს“,- ამბობს კახა ერაძე EDU.ARIS.GE-სთან.
კითხვაზე, რამდენად შეუშალა ხელი სასწავლო პროცესს და განათლების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებს ონლაინ სწავლების რეჟიმმა, რა შედეგები დააყენა ზოგადი განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კახა ერაძემ გვიპასუხა:
„ყველა მედალს ორი მხარე აქვს. ონლაინ სწავლების რეჟიმს თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი ის არის, რომ სერიოზულად დაგვაფიქრა ზოგადად დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობაზე, რასაც აქამდე ჩვენ კატეგორიულად უარვყოფდით. ეს არ იყო ქვეყნისთვის ტრადიციულად მიღებული მიდგომა და ამიტომაც, ამ ფორმატზე გადასვლის მოსამზადებლად, მეტი დრო დაგვჭირდა. ნელ-ნელა იხვეწება სისტემა, ნელ-ნელა მასწავლებელიც ეჩვევა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას. არ ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია ჩაივლის, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით დისტანციური სწავლების რეჟიმს, რადგან შეიძლება ეს გამოყენებული იქნას სკოლებში ისეთი მასწავლებლების არყოფნის კომპენსირებისთვის, თუნდაც მიუწვდომელ მთიან რეგიონებში, სადაც კონკრეტული საგნის მასწავლებელი ჭირს და შეიძლება სწორედ დისტანციური სწავლება გახდეს აქ ამოსავალი წერტილი. ამიტომაც, მოდით, შევხედოთ ამ გამოწვევას, როგორც შესაძლებლობას, რომ სისტემა უკეთეს შედეგებზე გავიდეს.
„ზოგადად, კორონამ ხელი შეუშალა ყველას და არამხოლოდ ქართული განათლების სისტემას, არამედ ეკონომიკის ყველა სფეროს და მთელს მსოფლიოს. ჩვენ ამ შემთხვევაში რაიმე უცნაური არ გვჭირს და არც გამონაკლისები ვართ. არც ისეთი რამ გვჭირს, რასაც ვერ ვძლევთ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო ინტერვენციების ნიადაგზე“, – აცხადებს ერაძე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე თვლის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც ონლაინ სწავლებამ მოიტანა, მოსწავლეთა ფსიქოემოციური მდგომარეობაა და ვირტუალურ რეჟიმში ურთიერთობა ვერ აკომპენსირებს ფიზიკურ კონტაქტს.
„სწავლება მიმდინარეობს. ტენდენციური ვიქნები, რომ სისტემურ დონეზე განზოგადებულ შედეგებზე ვისაუბრო. თუმცაღა, მეც სკოლის მოსწავლის მშობელი ვარ და რასაც ახლა ვხედავ, ეს არის სოციალიზაციის ნაკლები ხარისხი, რაც აბსოლუტურ გავლენას ახდენს ბავშვის არა განათლების დონეზე, არამედ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. სკოლა ხომ მოქალაქეს ზრდის და მოქალაქე სოციალიზაციის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით, რომ ნაკლები ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, თანაკლასელებთან. ვირტუალურ რეჟიმში ურთიერთობა ვერ აკომპენსირებს ფიზიკურ კონტაქტს.
„რაც შეეხება სწავლების ხარისხს, ამას მოგვიანებით გავზომავთ და ვნახავთ შედეგებს. ვთვლი, რომ ამ ყველაფრის კომპენსირება ყოველთვის შეიძლება. ონლაინ სწავლების რეჟიმში ყოფნა აძლიერებს ოჯახის პასუხისმგებლობას, რადგან მხოლოდ სკოლისთვის შვილის მიბარება… სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ასე მიაჩნია მშობელს: სკოლაში რომ შევიყვანე, ამით ჩემი პასუხისმგებლობა მოვიშორე. ასეთი მიდგომა სწორი არ არის. ეს კარგად უჩვენა პანდემიამ და ჰიბრიდულმა სწავლებამ. თუ მშობელი აქტიური არ გახდა სწავლა-სწავლების პროცესში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი სახლში ზის და ისე სწავლობს გაკვეთილებს… გამოწვევები მრავალმხრივია, თუმცა, იდენტიფიცირებადი და გამოსწორებადია. ასე რომ, მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კახა ერაძემ.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება