სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო ძალადობის 259 ფაქტი – ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში
სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის საკითხს ცალკე თავი ეთმობა და ამ კუთხით არსებულ გარკვეულ პრობლემებზეა საუბარი:
„ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის საკითხი. სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრების რაოდენობა ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს. მისასალმებელია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსმა ცალსახად დაადგინა ბავშვის ფიზიკური დასჯის ყველანაირი ფორმის აკრძალვა.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს პროპორციული და ეფექტიანი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს ბავშვის სხეულებრივი დასჯის აკრძალვის თაობაზე.
„სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის რეაგირების მექანიზმი, დისციპლინური სახდელები, დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ორიენტირებული პრობლემის აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევაში ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და მათ რეაბილიტაციაზე.
„მოწოდებული ინფორმაციით, 914 სკოლაში მოსწავლეთა შორის ჩადენილ შესაძლო ძალადობის 1134, ხოლო 259 შემთხვევაში – სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. სკოლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 198 შემთხვევაზე, რაც შეეხება რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა მოჰყვა 461 შემთხვევას.
„სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში კი, 2019 წელს გადამისამართდა 3434 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევაში გადამისამართების საფუძველი იყო ძალადობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი თბილისზე, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებზე მოდის, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან რეფერირება სააგენტოში მხოლოდ ერთ შემთხვევაზე განხორციელდა. რეფერირების ძირითადი მიზეზები იყო: არასრულწლოვნის შესაძლო უგულებელყოფა, ადრეული ქორწინება/ადრეული ქორწინების რისკი, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა.
„2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კვლავ არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს, არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება