სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ – წესი და პირობები
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრა.
პრემიერის დადგენილებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე, დაუფინანსდებათ ერთი სემესტრის გადასახადი. აღნიშნული დაფინანსება ასევე იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვისაცაა, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ სწავლის საფასურის დავალიანება.
იხილეთ სოციალური დახმარების ოდენობა, გაცემისა და უკან დაბრუნების პირობები:
1. სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად.
2. გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.
3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება არ გამორიცხავს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებას.
4. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:
ა) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით;
ბ) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
6. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას:
ა) თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე;
ბ) თუ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) თუ დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში;
დ) თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.
7. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასარიცხი თანხის გაანგარიშების, ასევე გადარიცხული თანხის (სოციალური დახმარების) უკან დაბრუნების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელსაც ამ წესის საფუძველზე დაუფინანსდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩაეთვლება გამოყენებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორც დადგენილებაშია მოცემული, სოციალურად დაუცველი სტუდენტის აქვს უფლება უარი განაცხადოს ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებაზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დადგენილებაში.
სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დასაფინანსებლად მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება