„სოციალური მუშაკი განათლების სისტემაში“ – რა ნაბიჯები გადადგა ამისთვის სამინისტრომ და როდის დაინერგება სიახლე
“სოციალური მუშაკი განათლების სისტემაში” – საქართველოში მალე მსგავსი მიმართულება დაინერგება. კონკრეტულად სად და რომელ უწყებაში იქნება წარმოდგენილი სოციალური მუშაკი, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ჯერ კიდევ მუშაობს. კრიზისების მართვის შესახებ დოკუმენტი მთავრობაში უკვე წარდგენილია.
„სოციალური ზრუნვა არის ცალკე მიმართულება რაზეც ვმუშაობთ. ქვეყანას სჭირდება ზოგადად ზრუნვის კომპონენტი, სოციალური მუშაკის პოლიტიკის განვითარება. ჩვენ გვაქვს ქეისები სისტემაში, რომელიც სცილდება განათლების და სკოლის ფუნქციას, აქ არის სწორედ სოციალური მუშაკის და სოციალური პოლიტიკის ვალდებულება, მაგრამ მაინც, რატომღაც, განათლების სამინისტროსკენ და სკოლისკენ იშვერენ ხელს”, – ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
ის აღნიშნული პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც სამინისტროში ინკლუზიური განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მაშინ ეკატერინე დგებუაძე აცხადებდა, რომ როდესაც მოსწავლეში ვლინდებოდა რთული ქცევა და საფრთხე ექმნებოდა სხვა მოსწავლეების უსაფრთხოებას, საჭირო იყო ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვა და ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტიც მზადდებოდა. თუმცა ამ ეტაპზე, უკვე საუბარია სოციალური მუშაკის განათლების სისტემაში ინტეგრირებაზე.
“ჩვენ დავწერეთ კრიზისების მართვის დოკუმენტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას გადავუგზავნეთ, ეს დოკუმენტი მიწოდებულია ჯგუფში (იგულისხმება ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფი) არსებულ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მათ შორის იმ სახელმწიფო უწყებებისთვის რომელებიც ჩართულები არიან ამ პროცესში.
“ექსპერტებთან ერთად, ვფიქრობთ თვითონ პოლიტიკაზე. განათლების სისტემას არ ჰქონია გამოცდილება სისტემაში სოციალური მუშაკის არსებობის. რა არის სოციალური მუშაკის ფუნქცია, სად უნდა იყოს სისტემაში და სად ვხედავთ, სწორედ ამ დოკუმენტზე ვმუშაობთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონი ითვალისწინებს სოციალური მუშაკის არსებობას როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მზრუნველობისა და სხვა სისტემებში. ჩვენ უნდა ვთქვათ სად არის ზღვარი, ჩვენი როგორც განათლების სისტემაში არსებული სოციალური მუშაკის და როდის უნდა მოხდეს რეფერირება სხვა უწყებაში არსებულ სოციალურ მუშაკთან. ამ პროცესში ვართ, ეს დოკუმენტი უნდა დაიწეროს”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, სოციალური მომსახურების კუთხით განათლების სამინისტროში უკვე არსებობს სერვისი და გამოცდილება მანდატურის ფსიქო-სოციალური სამსახურის სახით, სადაც მიმართვიანობა საკმაოდ დიდია და ესეც მოწმობს სისტემაში სოციალური მიმართულების საჭიროებას.
“ვიცით, რომ არსებობს მანდატურის სამსახურის ფსიქო- სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც დიდი დატვირთვით მუშაობს და მომართვა არის უამრავი, ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სოციალური მხარდაჭერა. როგორც ფსიქოლოგის, ასევე სოციალური მუშაკის. საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს 11 სკოლაში, რომელიც სწორედ ზრუნვას ეხება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდეს. „ახალი სკოლის“ მოდელით თუ აკადემიური მიმართულებით და სასკოლო კულტურის მიხედვით ვახდენთ იდენტიფიცირებას და ინსტრუმენტის განვითარებაზე კიდევ უფრო ვმუშაობთ. მეორე კომპონენტია ზრუნვის მიმართულება, მაგალითად არის მოსწავლე, რომელიც მუდამ უკან ზის და ხმას არ იღებს. ყველაზე მეტად მას უჭირს, იმიტომ, რომ ის თავის პრობლემებზე ფიქრობს და აქტიური შეიძლება იმიტომაც არ არის. ამის იდენტიფიცირება რომ მოახდინოს კლასის დონეზე მასწავლებელმა, ეს ინსტრუმენტი შევიმუშავეთ. ძალიან რთულ რამეს შევეჭიდეთ ეს არის ძალიან კომპლექსური და მოკლევადიან პერსპექტივაში იდეალურ სკოლას ვერ გვაჩვენებს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მანდატურის სამსახურის ფსიქო- სოციალური მომსახურების ცენტრი კონსულტაციას გარკვეული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს უწევს. მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და რეგიონებში 8 ოფისია წარმოდგენილი.
EDU.ARIS.GE-სთვის მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში 2018 -2019 სასწავლო წელს, როგორც თვითდინებით, ასევე რეფერალური მექანიზმით – 3044 ბენეფიციარი გადამისამართდა; ხოლო 2019 – 2020 სასწავლო წელს (2019 წლის 16 სექტემბრიდან – 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით) – 1494 ბენეფიციარი. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის საჯარო და კერძო სკოლებში სულ 592 000 მოსწავლე სწავლობს. შესაბამისად, მსგავსი მომსახურების მოთხოვნა რეალურად გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს.
EDU.AREIS.GE-სთვის ცნობილია, რომ განათლების სისტემაში სოციალური მუშაკის არსებობის იდეა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო შატბერაშვილს ეკუთვნის. რა ფორმით და როგორ განხორციელდება ეს ინიციატივა, სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შემდეგ გახდება ცნობილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება