GE

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა ონლაინრეჟიმში უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის გამართა.

გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს:

1. რა ტიპის საკითხებია შეტანილი სპეციალური მასწავლებლის ტესტში?

სპეციალური უფროსი მასწავლებლის საგამოცდო ტესტი პროფესიულ უნარებში ეყრდნობა სტანდარტს (თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი). სტანდარტზე დაყრდნობით წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები. არჩევითპასუხებიანი და შესაბამისობის თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, ხოლო ღია დავალებების – 3. ტესტის სტრუქტურა: საგამოცდო ტესტში სულ 40 დავალებაა. აქედან 30 არის არჩევითპასუხებიანი, 3 – შესაბამისობის, ხოლო 7 – ღია დავალება.

2. რა შემთხვევაში ეთვლება გამოსაცდელს ბარიერი დაძლეულად?

უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

3.დამხმარე მასალები სად შეიძლება რომ მოვიძიოთ?

რაც შეეხება საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე http://inclusion.ge/. გარდა ამისა, ცენტრში შეიქმნა დამხმარე გზამკვლევი/კრებული მასწავლებლებისათვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

4.ეს გამოცდა პირველად ტარდება და ტესტის ნიმუში თუ შეიძლება, რომ ვნახოთ?

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ტესტური დავალებების ნიმუშები.

5.სწავლისა და განვითარების თეორიები თუ შეგვხვდება ტესტში?

სწავლისა და განვითარების თეორიები 2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტში შეტანილი არ არის.

6.მასწავლებლის რა უნარებს ამოწმებს ტესტი?

სპეციალური მასწავლებლისათვის აუცილებელ ზოგად პროფესიულ უნარებს, რაც განსაზღვრულია სტანდარტით. რამდენად შეუძლია პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნა,სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირება/რეფერირება და სხვ.

7.თუ არის შესაძლებელი ტესტის მშობლიურ ენაზე, მაგალითად, სომხურ ენაზე დაწერა?

ტესტი მოგეწოდებათ ქართულ ენაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი პასუხებს სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე დაწერს, ცენტრი უზრუნველყოფს მის თარგმნასა და შემდგომ თარგმანის გასწორებას.

8.თუ შეიძლება რომ ისაუბროთ, რომელი იყო პრეტესტზე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?

ტესტზე მუშაობის დროს გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობას და ზედმიწევნით შეასრულოთ პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები. არ დაწეროთ პასუხების ფურცელზე სახელი, გვარი ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება.

9.გამოცდის დეტალური განრიგი როდის იქნება ხელმისაწვდომი?

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან გამოსაცდელები 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

10.ღია დავალებებში როგორი ტიპის პასუხების გაცემა მოგვეთხოვება?

ტესტში 7 ღია დავალებაა. ღია დავალება აფასებს სიტუაციის ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარებს, აგრეთვე პრობლემის პრევენციასა ან დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების აღწერას და სხვ.

11.რამდენი მასწავლებელი დარეგისტრირდა წელს სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად?

2021 წელს ამ გამოცდის ჩასაბარებლად დაახლოებით 2800 მსურველია დარეგისტრირებული.

12.კანონმდებლობიდან თუ შეგხვდება კითხვები?

სამართლებრივი ტიპის კითხვები 2021 წლის ტესტში შეტანილი არ არის.

ვის შეუძლია გახდეს სპეცმასწავლებელი და უფროსი სპეცმასწავლებელი? – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური