„სქემა გააუქმო და დანამატი დატოვო, ეს რანაირად? – სქემის გაუქმება გამოიწვევს იმ დნამატების გაუქმებას“
სსიპ -ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი მზია კახაძე მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის გარშემო კოლეგებს მოსაზრებების გაზიარებას სთხოვს და ასევე, მიიჩნევს, რომ არაერთი მტკივნეული საკითხის განსახილველად მთელი საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა შეხვედრა უნდა შედგეს.
როგორც მზია კახაძემ EDU.ARIS.GE-ს 6 ნოემბერს განუცხადა, მისი კოლეგების გარკვეული ნაწილი სქემის გაუქმებას გაუაზრებლად ითხოვს, თუმცა მიაჩნია, რომ სქემამ ამოწურა თავისი თავი და საჭიროებს მოდიფიცირებას.
“გაუქმება გამოიწვევს იმ დანამატების გაუქმებას, რაც სქემის ფარგლებში მიღებულ სტატუსებზეა მიბმული. მინიჭებული სტატუსის წართმევა არასწორია… ვინც ყველა მოთხოვნა შეასრულა, ურთულესი გამოცდა ჩააბარა, პორტფოლიო დაიცვა და ახლა რას ვეუბნებით?”, – ამბობს პედაგოგი.
ჩვენს კითხვაზე, რატომ აქვს მოლოდინი სტატუსების გაუქმების, როცა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ არავინ არაფერს დაკარგავს, მზია კახაძე კითხვითვე გვპასუხობს:
“სქემა გააუქმო და დანამატი დატოვო, ეს რანაირად? პროფესიული განვითარება ხომ ვერ შეჩერდება? აპროტესტებენ ტრენინგებს მასწავლებლები, მაგრამ ფაქტობრივად, ვიზრდებით ამ რეფორმების კვალდაკვალ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ვისაც არ სურს, მისი პრობლემაა. 10 წლის წინ რომ გაკვეთილს ვატარებდით, ისევ ისეთ გაკვეთილს ხომ ვერ ჩაატარებ?”.
სქემასთან დაკავშირებულ საკითხებს კი მენტორი პედაგოგი ვრცელ წერილში ეხება, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:
დაახლოებით 14 წლის წინ სახელმწიფომ მასწავლებლებს საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარების ვალდებულების პირობა დაუყენა. ბოლო ვადაც განისაზღვრა – 2015 წელი.
იმ დროისთვის კი აღმოჩნდა, რომ პედაგოგთა უმრავლესობამ ეს პირობა ვერ ან არ შეასრულა. კანონის თანახმად, სკოლა უნდა დაეტოვებინა ძალიან ბევრ პედაგოგს, რაც შექმნიდა ქაოსს და კადრების დეფიციტს საგანმანათლებლო სივრცეში.
მოიძებნა გამოსავალი- სქემამ განიცადა ტრანსფორმაცია და პედაგოგებს შესთავაზეს ალტერნატივა, ან გამოცდების 10 კრედიტზე ჩაბარება, ან 1,4,7 კრედიტის მოპოვება და დანარჩენი ვალდებულებების სასკოლო საქმიანობით დასაბუთება. სასკოლო საქმიანობა კი გულისხმობდა საწრეო, საკლუბო მუშაობას, სასწავლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სასწავლო -იტერაქციული რესურსების შექმნას, საკუთარი პედაგოგიური და სკოლის საჭიროების კვლევებს და სხვა. აქ უკვე საჭირო გახდა მასწავლებელთა შესაძლებლობების და განხორციელებული საქმიანობის მიხედვით კატეგორიზაცია, სქემაში გაჩნდა ჩანაწერი : პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი.
მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, სქემას დიდი წვლილი მიუძღვის მასწავლებელთა პროფესიულ წარმატებაში. გამოცოცხლდა სასკოლო ცხოვრება, გაძლიერდა არაფომალური განათლების მიმართულება. ამაღლდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურა ურთიერთდასწრებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებით და სხვა აქტივობებით.
ამ წლების მანძილზე კიდევ ბევრჯერ გახდა საჭირო სქემაში ცვლილებების შეტანა. ასე მოვედით იმ რეალობამდე, რაც ახლა გვაქვს. დაახლოებით 500 მენტორი, 9000- მდე წამყვანი და 40000 -მდე უფროსი მასწავლებელი.
ყველა პედაგოგს ერთნაირად ჰქონდა წინსვლის შესაძლებლობა. მოტივაცია იყო ორი, როგორც შინაგანი, პროფესიული სრულყოფის სურვილი და ასევე გარეგანი, ანუ მომატებული ხელფასი. ბევრმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, ბევრმა არა. პედაგოგების გარკვეული, საკმაოდ დიდი ნაწილი საგნის 1 და 4 კრედიტზე ჩაბარებით გადაურჩა სკოლიდან წასვლას.
პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ბევრ შემთხვევაში უფროსი მასწავლებელი უფრო კარგ გაკვეთილს ატარებს, ვიდრე მენტორი. გაკვეთილის კარგად ჩატარება არის ყველა კატეგორიის მასწავლებლის ვალდებულება. ( თუ ვინმე ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, სკოლამ უნდა აწარმოოს მონიტორინგი).
სტატუსების მიხედვით ვალდებულებებს განმარტავს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, სადაც ხაზგასმით წერია, რომელი კატეგორიის მასწავლებელს რა ვალდებულებას განუსაზღვრა სახელმწიფომ.
მტკივნეულია, იმ პედაგოგს, ვინც წლების მანძილზე ასრულებდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ საქმიანობას, ახლა გამოუცხადო, რომ ეგ არაფერია. არგუმენტად კი მოიყვანო ის დაუსაბუთებელი ფაქტი, რომ ყველა ერთნაირ გაკვეთილს ატარებს. თითოეული მასწავლებლის სტატუსი არის მისი შრომით მოპოვებული ხარისხი. ამ სტატუსების საჭიროების გადახედვა არაეთიკურია. უმაღლეს სასწავლებლებშიც ხომ აკადემიური ხარისხის შესაბამისად არის ხელფასები? რატომ გახდა მასწავლებელის შრომა ასეთი განკითხის საგანი?
წარმატებული და საუკეთესო გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება საუკეთესო ინფრასტრუქტურა და კლასში მოსწავლეთა განსაზღვრული რაოდენობა, ამას კი ჯერ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
ბოლოს, ასევე უნდა შევეხო რამდენიმე სკოლაში მუშაობის შეზღუდვის გაჟღერებულ საკითხს. კარგად არის შესასწავლი საქართველოში რეგიონების რეალური სურათი. რომელ შემთხვევაში მუშაობს პედაგოგი ორ ან სამ სკოლაში:
- როდესაც გვაქვს ამ საგნის კვალიფიციური სპეციალისტის დეფიციტი;
- როდესაც დირექტორს არ სურს ასწავლიდეს მაგ. კომპიუტერული ტექნოლოგიები ბუღალტერმა ან სპორტის მასწავლებელმა;
- როდესაც ფიზიკას და ქიმიას არ უნდა ასწავლიდეს ვინმე არა სპეციალისტი (სამწუხაროდ ასე ფაქტი საკმაოდ არის რეგიონის სკოლებში).
ხომ არ აჯობებდა, ერთი შეხვედრა ჩატარდეს ყველა რეგიონის და ყველა სტატუსის მასწავლებელთა მონაწილეობით და ეს მტკივნეული საკითხები უფრო ძირფესვიანად იქნეს შესწავლილი.
დიდი დაფიქრებაა საჭირო თითოეული პედაგოგის მიერ გაწეული შრომის დასაფასებლად, რაც მას სახელმწიფომ შესთავაზა, პედაგოგმა კი შეასრულა.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კოლეგებო.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება