GE

სქემის ფარგლებში, 2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ქვეყანაში მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წელიწადში, საშუალოდ, 11,000,000 ლარი იხარჯება. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი გამოწვევები არსებობს.

სკოლებში სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წელს სახელმწიფომ მასწავლებლის პროფესიის მართვის მექანიზმი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შეიმუშავა. აღნიშნული მასწავლებლების კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვას და მათთვის გადამზადების და ცოდნის გაღრმავების მიზნით ტრენინგების შეთავაზებას გულისხმობს. მიუხედავად ცვლილებებისა, მთელი რიგი საკითხები გამოწვევად რჩება.

2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია და განსაზღვრული საბაზისო საფეხურის შესაბამისად − პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია.

2017-2019 წლების მონაცემების მიხედვით, წამყვანი მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ მხოლოდ 2%-ია, რომლებიც დასაქმებულნი არიან არსებული სკოლების მხოლოდ 25%-ში, ხოლო რაც შეეხება უმაღლეს საფეხურს − მენტორს, ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი განათლების სისტემაში მხოლოდ 0,4%-ია.

ამასთანავე, 2017-2019 წლებში კომპეტენციის დამადასტურებელი პროფესიული გამოცდა მასწავლებლების დიდმა ნაწილმა გადალახა მინიმალური ბარიერით.

2017-2019 წლებში გამოცდაზე 40-50%-იანი ზღვრის გადალახვა საგნობრივი მიმართულებით მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული მიმართულებით − 22%-მა შეძლო, ამასთანავე, გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 0,27%-მა შეძლო საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულის − 90 -100%-იანი შედეგის დაფიქსირება.

2017-2018 წლების მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უფროსი მასწავლებელი გახდა პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 16%, ხოლო 2019-2020 სასწავლო წელს − 40%.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წლიდან წლამდე უარესდება მასწავლებლების როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიულ გამოცდაში დაფიქსირებული შედეგები, თუმცა დაწესებული ზღვრის და არსებული მექანიზმების პირობებში, იმატებს იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც შემდეგ კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.

აუდიტის სამსახურმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომელმაც სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები მოიცვა.

6 დარღვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში – აუდიტის სამსახურმა სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის საქმიანობა შეისწავლა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური