GE

სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში ილიაუნის პროფესორთა შედეგები გაუმჯობესდა

სტენფორდის უნივერსიტეტმა და ელსევიერმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის განახლებული რანგირებული სია გამოაქვეყნა.

რეიტინგში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვედარგში მომუშავე მსოფლიოს 100 000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა გამოქვეყნებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლას და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას.

საქართველოდან სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში წარმოდგენილი 5 მეცნიერიდან წელსაც, შარშანდლის მსგავსად, 3 ილიაუნელია.

ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს გარემოს დაცვის ინჟინერიის დარგში. ამასთან პროფესორი ოზგური წელსაც, შარშანდლის მსგავსად, აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 1%-შია;

რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოფესორი, ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი, სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულების მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილი 88 725 ავტორიდან 310-ე ადგილზეა (შარშანდელი შედეგი 518-ე ადგილი);

მერაბ სვანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი, რომელმაც გააუმჯობესა წინა წლის შედეგი და მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილ 109724 ავტორს შორის 1585-ე ადგილს იკავებს (შარშანდელი შედეგი 1631-ე ადგილი).

შედეგები ხელმისაწვდომია ბმულზე

რეიტინგის შესახებ

სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

კვლევისთვის გამოყენებული მონაცემები მოიცავს 2021 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით Scopus სამეცნიერო ბაზაში განთავსებულ პუბლიკაციებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური