„სტუდენტსაც სჭირდება დასვენება!“ – კურსდამთავრებულის ინსტრუქცია მათთვის, ვინც ხარისხიან დასვენებას გეგმავს
საქართველოში სტუდენტებს სასწავლო წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე აქვთ არდადეგები. როგორც თავად ამბობენ, ყველაზე დიდი ხნით საშობაო და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ისვენებენ.
როცა არდადეგები იწყება, სტუდენტების ყოველდღიურობა იცვლება. ბობოქარი სასწავლო წლის შემდეგ, სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე და ამ დროს არჩევანი უკვე მათზეა – როგორ გავატარო ეს დრო, ძილს მივეცე? მეგობრებთან ერთად გავერთო? Netflix-ის სერიალებს ჩავუჯდე? სოფელს ხომ არ ვესტუმრო? იქნებ სახლში კერძების მომზადებაც კარგი იდეა იყოს? და ვარჯიში?.. ფაქტია, სტუდენტებს არჩევანის ნაკლებობა ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ დასვენების იდეალურად დაგეგმვა არცთუ იოლია.
რატომ არის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ხარისხიანი დასვენება და რა აქტივობებით შეუძლიათ, რომ ყოველდღიურობა დაუვიწყარ დღეებად აქციონ, ამ თემებზე EDU.ARIS.GE -სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წლევანდელი კურსდამთავრებული, ელენე წოწონავა, საუბრობს.
ელენე წოწონავა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი ორ სემესტრად არის გაყოფილი და სემესტრებს შორის, დაახლოებით, 1-თვიანი არდადეგები გვაქვს. სასწავლო წელი საკმაოდ დატვირთულია, საგნების ყოველკვირეული სემინარები, შუალედური და ფინალური გამოცდები საკმაოდ დამღლელია. შესაბამისად, სტუდენტსაც სჭირდება დასვენება… ბოლო გამოცდის შემდეგ, სამყაროს სხვანაირ ფერებში ხედავ. ეს ის მომენტია, როცა იცი, რომ შემდეგ კვირაში იგივე არ გელის, რთული სასწავლო მასალა უკვე შეისწავლე და დახურე. შემდეგ სემესტრში სტუდენტის პროდუქტიულობა დასვენების გარეშე წარმოუდგენელია.
– 2023 წლის კურსდამთავრებული ხართ, პირადად თქვენ რა გეგმები გაქვთ, უკვე დაიწყო თქვენთვის არდადეგები…
– ჩემთვის ახლა ბოლო სემესტრი იყო და ცოტა ხნის წინ ბოლო გამოცდა ვწერე. გულის წყვეტით შევხვდი იმ აზრს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ ვსწავლობ და ჩემს ცხოვრებაში უკვე ახალი ეტაპი იწყება – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტის. ბოლო სემინარიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ ავხედე თსუ-ის მეორე კორპუსს და დღემდე ჩემი ორგანული ნაწილი ისე უცხოდ და დიდად მომეჩვენა, რომ დავსევდიანდი. ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად რთული და დამღლელი იყო, ვინაიდან მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ჩასაბარებლად აუცილებელ ნაბიჯებს ვდგამდი და შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებს შორის დასვენების პერიოდიც საკმაოდ დატვირთული მქონდა. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები დავასრულე და ქულების მოლოდინში მყოფი სტუდენტი ვარ, არდადეგები ჯერ არ დამწყებია, რადგან სამსახურის გრაფიკიც საკმაოდ გადატვირთული მაქვს, თუმცა აგვისტოს თვეს დიდი მოლოდინებით შევყურებ – ბევრი გეგმა დავსახე.
– ელენე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა, რომ არდადეგების პერიოდი მისთვის დაუვიწყარ დროდ აქციოს, არსებობს საამისოდ ინსტრუქცია?
- ნაკლები დრო გაჯეტებს – მეტი ადამიანებს – ვფიქრობ, პირველი, რაც დასვენების დროს უნდა გავაკეთოთ, არის დროის შემცირება გაჯეტებთან და ინტერნეტთან. თანამედროვე ტექნოლოგიებს იმდენად დიდი დრო მიაქვთ გაუაზრებლად, ის დრო, რომელიც შეგიძლია საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას დაუთმო, გაუცნობიერებლად ქრება. სტუდენტმა ადამიანებთან, ცოცხალ ურთიერთობებში მეტი დრო უნდა გაატარო;
- მოგზაურობა და დასვენება – ჩემი აზრით, დროის გატარების საუკეთესო გზა მოგზაურობაა. არ არის აუცილებელი, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს სტუდენტი. ვფიქრობ, საქართველოში მოგზაურობა ზუსტად იმავენაირად საინტერესო და სახალისოა, როგორც სხვა ქვეყანაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ხშირად აწყობს ხოლმე ლაშქრობებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი უნივერსიტეტი ზრუნავს საკუთარი სტუდენტებისთვის დღეების გალამაზებაზე და ეს შანსი სტუდენტებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან;
- მოხალისეობრივი საქმიანობები და პროექტები – ზაფხულში ბევრი ასეთი საერთაშორისო ღონისძიებაა და რატომაც არა?! თუ უცხო ენას კარგად ან საშუალო დონეზე ფლობთ, ნამდვილად გაერთობით და პროდუქტიულადაც გამოიყენებთ ამ დროს;
- პირადი განვითარება – ვფიქრობ, დასვენების პერიოდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საინტერესო ფილმებს უყუროთ და საინტერესო წიგნები წაიკითხოთ, ეს თქვენს პირად განვითარებას შეუწყობს ხელს და იქნებ სამყაროც უკეთესი მოგეჩვენოთ, ვიდრე გგონიათ?!
- ოჯახი და მეგობრები – ყველაზე კარგი ლუკმა ბოლოს შემოვინახე. ჩემთვის ოჯახისთვის გამოყოფილი დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა 1 წლით სასწავლებლად მივდივარ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისთვის დროის გამოყოფა. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების გვერდით გატარებული ყოველი წამი, რადგან ეს ის ხალხია, ვინც მხარს გვიჭერს მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში.
– ელენე, მიმართეთ სტუდენტებს, რა იქნებოდა თქვენი, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, სათქმელი?
– არდადეგების და თავგადასავლის დასაწყისი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გავექცეთ აკადემიურ რუტინას, ჩვენთვის ეს უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად ავითვისოთ ცხოვრება და მისი საოცრებები, აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, ახალი ინტერესები, შევქნათ დაუვიწყარი მოგონებები, შევიძინოთ ახალი მეგობრები. ნუ დავივიწყებთ არდადეგების ჭეშმარიტ არსს – შესაძლებლობას დავუკავშირდეთ მათ, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენს ოჯახსა და მეგობრებს. ყველას არაჩვეულებრივ და დაუვიწყარ დასვენების სეზონს გისურვებთ.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან