როგორ ჩავირიცხოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში – სორბონის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი აბიტურიენტებს ესაუბრება
ბევრი ახალგაზრდის სურვილი ან ოცნებაა, იცხოვროს უცხოეთში და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლოს. მეოცნებეთა რიგებში, რასაკვირველია, აბიტურიენტებიც არიან. ისინი ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. ის აბიტურიენტები, კი რომლებიც უცხო ენას კარგად ფლობენ გზების ძიებაში არიან, როგორ ჩააბარონ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში. ეს მართლაც ჰგავს ოცნებას, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვის ოჯახსაც საკმარისი ფინანსები არ აქვს და ეძებს გამოსავალს, სწავლის საფასურის გადახდისთვის იმ სასწავლებლებში, სადაც საქართველოსთან შედარებით, გადასახადიც მაღალია და სწავლის ხარისხიც განსხვავებული.
EDU.ARIS.GE იმ სტუდენტს ესაუბრა, რომელმაც თავისი ოცნების რეალობად ქცევა შეძლო და აბიტურიენტებს რჩევებს უზიარებს. ჩვენი რესპონდენტი 24 წლის გიორგი ყარალაშვილია, რომელიც ამჟამად, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის მაგისტრატურის საფეხურზე, ციფრული დიზაინის მიმართულებით სწავლობს.
– გიორგი, გვითხარით, რამდენად რეალურია, რომ მსურველმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტში, თანაც სოლიდური სასწავლო გრანტით ჩააბაროს?
– ნამდვილად რეალურია და არ წარმოადგენს ოცნებას. უცხოეთში სწავლაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, როცა ბაკალავრის საფეხურზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. მაგისტრატურაზე პარიზში ჩაბარებამდე ერთი წელი მოხალისე ვიყავი და ყველას ვურჩევ მსგავსი პაუზის აღებას, კარგად ჩამოყალიბებას იმის შესახებ თუ სად და რა სფეროში უნდათ სწავლის გაგრძელება. სორბონის უნივერსიტეტში სწავლა არასდროს მქონია მიზნად. თუმცა, ჩემი სამომავლო გეგმებისთვის საუკეთესო ვარიანტი იმ მომენტისთვის ეს აღმოჩნდა.
– რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა იმისთვის, რომ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, თუ არის უცხო ენის ფლობა აუცილებელი და რა დონეს უნდა ფლობდეს?
– გარდა ინგლისური ენისა, კარგად უნდა ფლობდეთ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც განათლების მიღებას აპირებთ. აქაურ უნივერსიტეტებში ფრანგულის B2-C1 დონეზე ფლობა ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა. არის ბევრი ინგლისურენოვანი პროგრამაც. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი პროგრამები გაცილებით ძვირია. ენის ცოდნა, არამხოლოდ დაფინანსებების მოპოვებაში, არამედ სტუდენტური და პირადი ცხოვრების უკეთესად წარმართვაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ადგილობრივი ენის სწავლა, გარკვეულწილად, პატივისცემის გამოხატვაცაა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც იმყოფებით. ამას ყველა დადებითად იღებს და ხელს გიწყობს გაუმჯობესებაში, რაც სოციალიზაციის პროცესშიც გეხმარება.
უცხო ენის სრულყოფა ხანგრძლივ მომზადებას მოითხოვს და ნამდვილად ღირს ამაში დროის ინვესტირება. ჩემი პირადი გამოცდილების შესახებ გიამბობთ, ენის სერტიფიკატის ასაღებად რამდენიმე თვე ვემზადებოდი, ვკითხულობდი, ვუსმენდი ფრანგულ მუსიკასა და პოდკასტებს. ბევრი ფრანგი იუთუბერიც მყავდა გამოწერილი. სანამ სორბონის უნივერსიტეტში ჩაბარებას გადავწყვეტდი, ერთი წლით მოხალისე ვიყავი სტრასბურგში, რაც ძალიან დამეხმარა ენის სწავლასა და აქაური ცხოვრების წესთან ადაპტაციაში. თუმცა, უნივერსიტეტში მაინც დამჭირდა რამდენიმე თვე, რომ აკადემიური ფრანგულისთვის ალღო ამეღო. ფრანგულის სრულყოფასთან ერთად კი, სწავლაც, მუშაობაც და ევროპული კულტურის გაცნობაც გაცილებით საინტერესო გახდა.
– რა საბუთების წარდგენაა საჭირო და სად, როგორ გზავნიან ამ დოკუმენტაციას მსურველები, შეგიძლიათ, თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ მომავალ სტუდენტებს?
– სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ და ეს მათ ვებ-გვერდებზე შეგიძლიათ ნახოთ. ყველა პროცედურა ონლაინ მიმდინარეობს, რაც საკმაოდ პრაქტიკულია. ჩემ შემთხვევაში, როგორც ფრანგულ უნივერსიტეტში განათლების მიღების მსურველი “Etudes en France” პლატფორმაზე გავეცანი ყველა მოთხოვნილ დოკუმენტისა და წინაპირობას, სადაც ნათლად იყო გაწერილი თუ რა მევალებოდა აპლიკაციის მომზადების პროცესში. გეტყვით, რომ სასწავლო პროგრამისა და უნივერსიტეტის შესაბამისად, შესაძლოა, განსხვავებული მოთხოვნებიც იყოს, მაგალითად პორტფოლიო ან სამუშაო გამოცდილება, რაც შესაბამისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა გადასამოწმებელი. ზოგადად კი, ენის სერტიფიკატი, სკოლის/ბაკალავრიატის ნიშნები, სივი, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილებიც საკმარისია.
– რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევები საქართველოში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მომავალი სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება თქვენსავით ევროპაში სურს, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან?
– მხოლოდ ენის ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრება არ არის საკმარისი. გარდა იმისა, რომ უნდა ისწავლოთ უცხო ენა და ჩააბროთ გამოცდები, დიდი პლუსია სკოლისა და უნივერსიტეტის მიღმა სხვა აქტივობებში მონაწილეობის ჩვენებაც. მაგალითად, კულტურული გაცვლითი პროგრამები, არაფორმალური განათლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და ა.შ. ამ ყველაფერს, ევროპულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად, თქვენს კანდიდატურაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია;
გქონდეთ ისეთი ჰობი, რისი კეთებაც გსიამოვნებთ და ამის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებასაც შეძლებთ. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, როცა სოციალური მეცნიერებების სწავლასთან ერთად, ფოტოშოპის და ილუსტრატორის სწავლა დავიწყე. ახლა კი, დიზაინის სფეროში ყოფნისას, ეს გამოცდილება ძალიან გამოსადეგია. ყოველთვის ვცდილობ, ისეთ პროექტებზე ვიმუშაო, სადაც ამ ორი სფეროს დაკავშირებას მოვახერხებ;
აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენს შესაძლებლობებში და იცოდეთ რის გამო აკეთებ კონკრეტულ არჩევანს. უნივერსიტეტში გატარებული ორი ან სამი წელი არ არის პატარა დრო, მით უმეტეს ისეთ ასაკში, რომელიც შენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ამ დროს, თვითოეული გადაწყვეტილება კარიერულ და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ამიტომ, გულწრფელი და თავდაჯერებული არჩევანის გაკეთება აუცილებელია – ისეთის, რომლითაც ახლაც და სამომავლოდაც კმაყოფილი იქნები;
თავი დააღწიე რომანტიზებულ წარმოდგენებს! ცოტა ხნის წინ, ისე გამოვიდა, რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს საბუთების გაგზავნა გადავაფიქრებინე, რადგან ზუსტად არ იცოდა, რისი სწავლა უნდოდა, მაგრამ ძალიან უნდოდა საფრანგეთში ჩაბარება. ვურჩიე, რომ შემდეგ წელს შეეტანა საბუთები, სწორი არჩევანითა და უკეთესად მომზადებული აპლიკაციით. მგონია, რომ ქართველებს ხშირად ზედმეტად რომანტიზებული წარმოდგენა გვაქვს უცხოეთში სწავლასა და ცხოვრებაზე. სინამდვილეში ეს პროცესი ბევრი დამღლელი ბიუროკრატიისა და ისეთი სირთულეებისგან შედგება, რასაც მხოლოდ ადგილზე ყოფნის დროს აღმოაჩენ.
– გიორგი, მიმართეთ აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი დღეს მათთვის?
– პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარება დიდი სიხარულია, რადგან ოჯახი, მეგობრები, სანათესაო, ყველა შენით იამაყებს. უნივერსიტეტის პირველივე დღეს კი მიხვდები, რომ განსაკუთრებული ამაში არაფერია, რომ მიწაზე უნდა დაეშვა და გააგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა. სამუშაო ბევრი იქნება, როგორც პროფესიის მხრივ, ასევე იმ უნარების განსავითარებლად, რასაც სხვა არავინ გასწავლის და რაც საკუთარი ინიციატივით აუცილებლად უნდა აითვისო. ყველა აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებ!
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი