GE

სტუდენტთა შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია – იხილეთ, ვინ სად მოხვდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) დღეს, 11 სექტემბერს, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოაქვეყნა.

EMIS-ის ცნობით, სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე – პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.

გაითვალისწინეთ, მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე ხორციელდება.

„მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.

EMIS-ის ცნობით, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური