GE

სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება – გორის უნივერსიტეტიის ახალი რექტორის გეგმები

გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ალექსანდრე მღებრიშვილი აცხადებს, რომ ის უნივერსიტეტში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს და აპირებს, რომ ბოლო წლებში აღებული განვითარების გეზი შეინარჩუნოს.

– ბატონო ალექსანდრე, უნივერსიტეტში რექტორად დანიშვნის შემდეგ თქვენი მხრიდან თუ განხორციელდა რაიმე ტიპის ცვლილება, ან თუ გეგმავთ და რა მიმართულებით?

– მე ამ უნივერსიტეტში არ წარმოვადგენ ახალ გუნდს, აქედან გამომდინარე განსაკუთრებული სიახლეები და საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება. ჩვენ ვაგრძელებთ წლების განმავლობაში აღებულ კურსს განვითარებისკენ და ვფიქრობთ, რომ გუნდი, რომელიც ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტს მართავდა, საკმაოდ კარგად აისახა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რისთვისაც ყველა მათგანს მადლობას ვუხდი.

– თუ გაქვთ დაგეგმილი ცვლილებები სტუდენტებისთვის?

– ,,ერასმუს+“- ის ოთხ ახალ პროექტში ჩავერთეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საერთაშორისო ურთიერთობებს, რადგან სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და ნაყოფიერი იყოს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ ევროპულ უნივერსიტეტებთან. განსაკუთრებულად შეიძლება გამოვყო ვარშავის უნივერსიტეტი, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. იქ ახლაც იმყოფებიან ჩვენი სტუდენტები. ასევე ვთანამშრომლობთ, თურქეთის, ლიეტუას, ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ესტონეთის პორტუგალიის და სხვა 50-მდე წამყვან უნივერსიტეტებთან.

– როგორია უნივერსიტეტში საგადასახადო სისტემა, რამდენად არის მორგებული სტუდენტებზე?

– გორის უნივერსიტეტში სწავლის საგადასახადო სისტემა სრულად არის მორგებული სტუდენტებზე. ამ მიმართულებით ადმინისტრაციას ლოიალური პოლიტიკა აქვს შემუშავებული, რადგან ჩვენ ხისტად არ ვთხოვთ სტუდენტს დაფაროს სწავლის გადასახადი და ვყოფთ მას რამდენიმე ნაწილად. ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებს ყველანაირად შეუწყოთ ხელი.

– რა ეტაპზეა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა?

– საერთო საცხოვრებლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ჩვენს კამპუსად კომბინატის დასახლებაში მდებარე კორპუსი ვაქციეთ. ის იქნება საცხოვრებელი ისეთი სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ და ასევე მოემსახურება ხელმოკლე ბავშვებს. ამ ეტაპზე საცხოვრებელში ავეჯია შესატანი და სულ 50 ნომერი იქნება.

– როგორც ვიცით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ აქტივობებში. დეკემბრის თვეში დაანონსდა გორის უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკალათბურთო მოედანი მოეწყობა. რა ეტაპზეა პროექტი?

– სპორტული ცხოვრებით გორის უნივერსიტეტი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ჩვენი სტუდენტები ხშირად ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებაში. საკალათბურთო სივრცე, რომელიც მეორე და მესამე კორპუსებს შორის განთავსდება, ერთობლივი პროექტია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზაზა ფაჩულიას. იგეგმება ძალიან მაღალი სტანდარტების და მაღალი დონის საკალათბურთო მოედნის მოწყობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არამარტო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არამედ ყველა მსურველი შეძლებს მის გამოყენებას.

– ახლოვდება აბიტურიენტებისთვის საგამოცდო პერიოდი. რა არის ის, რისთვისაც აპლიკანტმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უნდა გააკეთოს არჩევანი?

– ჩვენ ვიწყებთ ღია კარის დღეების გასამართად აქტიურ სამზადისს მომავალი კვირიდან. აბიტურიენტებს შევთავაზებთ რიგ სერვისებს, რომლებიც გორის უნივერსიტეტს აქვს. გორის უნივერსიტეტი უნდა აირჩიონ იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი საქართველოში. ბავშვებს აქ ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ ხარისხიანი, მაღალი დონის განათლება ყველა იმ მიმართულებაზე, რომლებსაც ისინი აირჩევენ.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ჩამოდიან ისეთი პროფესორები დედაქალაქიდან, რომლებიც სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიან და საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

– რაც შეეხება გრძელვადიან სამომავლო გეგმებს, ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მზადებას აკრედიტაციის გასავლელად. 2019 წლის შუა პერიოდში ჩვენ გვიწევს პროგრამების შეტანა სააკრედიტაციოდ და იმედი გვაქვს, რომ ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი ისე კარგად ჩაივლის, როგორც წინა წლებში.

ჩვენ სურვილი და მოტივაცია არის ის, რომ უნივერსიტეტის იყოს ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ყველაფერ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნეს იმ რესურსის პირობებში, რომელიც ჩვენს სასწავლებელს გააჩნია. ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში და ამას ვაკეთებთ ახლაც და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ეს კურსი გაგრძელდება. განსაკუთრებული აქცენტი იქნება აღებული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფაზე, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასწავლებლის განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გორის უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე მღებრიშვილი 4 წლის ვადით 15 იანვარს აირჩიეს. მას მხარი აკადემიური საბჭოს 7-მა წევრმა დაუჭირა. ახალმა რექტორმა ამ თანამდებობაზე გიორგი სოსიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც უნივერსიტეტს ორი ვადით, 8 წლის განმავლობაში მართავდა.

გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური