GE

სწავლის ძვირადღირებული „კენწერო“ – რა ღირს სკოლის ბანკეტი?!

„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“, – ამ ქართულ ანდაზას მე-12 კლასის მოსწავლეები კიდევ ერთ პასაჟს დაუმატებენ  – „ძვირადღირებული კენწერო“, რომელიც სკოლის ბანკეტით სრულდება და მშობლებისგან კარგ მომზადებას საჭიროებს.

ბოლო ზარი  წელს 39 ათასამდე მე–12 კლასელისთვის დაირეკა. მათი დიდი ნაწილი საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელებაშია, ნაწილმა ეს ბარიერი უკვე გადალახა. წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები და ცხოვრების ახალი ეტაპი – სტუდენტობაა. თუმცა მანამდე სკოლის გამოსაშვები საღამო – ბანკეტია დასაგეგმი, რომლისთვისაც მოსწავლეები და მათი მშობლები ხშირად რამდენიმე თვით ადრე იწყებენ მზადებას. შვილები ჩაცმულობის სასურველ დიზაინზე, რესტორანსა და სასურველ საღამოზე ფიქრობენ, მშობლების საფიქრალი კი ამ საზღვრებს სცდება და აქცენტი შვილების სურვილების ასასრულებელი საჭირო ფინანსების ძიებაზე კეთდება.

საბანკეტო ხარჯები კი ხშირად, საშუალო სტატისტიკური ოჯახისთვის, არცთუ ისე მწირია.

რა უჯდებათ მშობლებს შვილის სკოლის გამოსაშვები საღამო? – ეს მაისის თვის ყველაზე აქტუალური კითხვაა სკოლის გამოცდების შემდეგ იმ ოჯახებში, ვისაც დამამთავრებელი კლასის შვილი ან ახლობელი ჰყავს. EDU.ARIS.GE–მ გადაწყვიტა, ყველა იმ შესაძლო ხარჯთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ დღის აღნიშვნას ახლავს თან.

გოგონები

გოგონები, სასურველ კაბაზე ან ჩაცმულობაზე ფიქრს, რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ყველას უნდა იყოს გამორჩეული, განსხვავებული და, რა თქმა უნდა, ლამაზი. ფასები გემოვნების, სამოსის ბრენდისა და მაღაზიის ადგილმდებარეობის მიხედვით სხვადასხვანაირია. უფრო მეტად წუნიები კი კაბებს საკუთარი დიზაინით იკერავენ.

თუ კარგად ივლი და თბილისის მასშტაბით დაბალი საფასო სეგმენტის ყველა მაღაზიას შემოივლი, შესაძლოა, სასურველი სამოსი – ჩანთა და ფეხსაცმელი – იმაზე ნაკლებ ფასად შეიძინო, ვიდრე ეს ბაზრობებსა და სხვა მაღაზიებშია.

გოგონებისთვის სადღესასწაულო, საღამოს თუ კოქტეილ–კაბების შეძენა, ფასდაკლებების გათვალისწინებით, 60 ლარიდან -150 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ბაზრობებსა და ბაზრობებთან მდებარე მაღაზიებში ეს ფასი შედარებით მაღალია და შესაძლოა 150 ლარსაც გასცდეს და 250 ლარსაც გადააჭარბოს.

რაც შეეხება ბრენდული სამოსის მაღაზიებს, აქ შემოსვლა და სასურველი სამოსის ყიდვა შედარებით ძვირადღირებული სიამოვნებაა. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი შეუზღუდავია. ქართველი დიზაინერების ფეხსაცმელების შეძენაც დაალხოებით ამავე ფასში შეგიძლიათ.

თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი, არც ბაზრობებზე გინდათ შეიძინოთ და გსურთ იყოთ გამორჩეული, მაშინ მოგიწევთ კაბა მკერავს ან დიზაინერს შეაკერინოთ. ფასი ამ შემთხვევაში სურვილების პირდაპირპროპორციულია და დაახლოებით 150-დან 300-400-ლარამდე დაგიჯდებათ.

თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟის, მანიკურისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.  ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულის გათვალისწინებით 70-დან 200-ლარამდე მერყეობს. სალონების ნაწილი მაკიაჟის, მანიკურისა და ვარცხნილობის ერთსა და იმავე სალონში გაკეთების შემთხვევაში გოგონებს ფასდაკლებასაც სთავაზობს.

გამოდის, რომ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 300 ლარიდან 800-ლარამდე დაგიჯდებათ.

ბიჭები

ბიჭებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანტი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ. ბაბოჩკა და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ. ბაბოჩკა. უფრო ინოვატორები და თამამები გამოსაშვებ საღამოზე ბრიჯებსაც იცვამენ. მიუხედავად არჩევანისა და საჭიროებების სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები შეძლებენ.

მომხმარებელთა ინფორმაციით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ ხარისხისა და თანამედროვეობის გათვალისწინებით, 180 ლარიდან 700-ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-დან 200-ლარამდე შეგიძლიათ. პერანგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.

ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე კი ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია. შარვალ-პიჯაკის ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი საკმაოდ შთამბეჭდავ ფასს აღწევს. ფეხსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში ფასდაკლებით 120-ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. პერანგის ფასი კი 50-დან 120-ლარამდე მერყეობს.

ამას ემატება სასურველი მარკის ავტომობილის დაქირავება, რომელიც საათობრივად 50-დან 100-ლარამდე ღირს.

გამოდის, რომ არც ბიჭების მშობლები ხარჯავენ საბანკეტოდ ნაკლებ თანხებს. გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება მათ საშუალოდ 400 ლარიდან 1000-ლარამდე დაუჯდებათ.

კლუბი / რესტორანი

ყველაფერი აქ არ დასრულებულა, წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნოთ. რესტორნის ფასები, მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 10 ლარიდან იწყება და 200-ლარამდე მერყეობს. შედარებით იაფია  სკოლის დამთავრების აღნიშვნა კარაოკე ბარებში ან კლუბში. ამ შემთხვევაში არც საგანგებო დრესკოდი დაგჭირდებათ და არც მასწავლებლისთვის მოგიწევთ თანხის გათვალისწინება. ფასდაკლების საიტებზე მითითებული ფასების გათვალისწინებით, 1 პირისთვის მომსახურების ღირებულება 40-იდან 60-ლარამდე მერყეობს, ფასში დიჯეის მომსახურებაც შედის.

თუ თქვენ გინდათ საღამო „ფლეშმობით“ გაამრავალფეროვნოთ, მაშინ 15-16 პერსონაზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ფოტო/ვიდეო

სკოლის გამოსაშვები საღამო ფოტოსა და ვიდეოგადაღების გარეშე წარმოუდგენელია. მათი ფასები კი საშუალოდ 500-დან 1500-ლარამდეა. ფასდაკლების საიტებზე ამ მომსახურების ფასდაკლებასაც შეხვდებით, სადაც 600 ლარიან მომსახურებას 300-ლარად გთავაზობენ. სერვისები ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვანია. ფოტოხელოვანები სკოლადამთავრებულებს სპეციალურ ფოტოსესიასაც სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ესეც დამატებითი ფასია და დაახლოებით 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ დაიქირაოთ მეორე ოპერატორიც, რაც ცხადია, ფასს გაზრდის.

დღეს ძალიან პოპულალური და სასურველია ე.წ. გიფერის დაქირავება. სასიამოვნო საღამოს, სახალისო გიფებით გამრავალფეროვნება 300 ლარი ეღირება.

ფოიერვერკი/კონფეტი/ფრანები

სასიამოვნო დღე, შთამბეჭდავი დასასრულის გარეშე წარმოუდგენელია. სადღესასწაულო ფოიერვერკი, გასროლების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, 70 ლარიდან 500-ლარამდე შეგიძლიათ შეიძინოთ. დაახლოებით ეს ფასია კონფეტის ყიდვა ან დაქირავება. (კონფეტი – ფერად-ფერადი ქაღალდის პაწაწა მრგვალი ნაჭრები, რომელთაც გასართობად თავზე აყრიან ერთმანეთს ბალებსა და მასკარადებზე). რაც შეეხება ფრანების ფასს, ერთი ცალი ბაზრობებზე 3 ლარიდან 10-ლარამდეა.

საჩუქარი

ეს სიახლეა, როგორც გაირკვა, წელს ეს ინოვაცია ძალიან მოდურია. თბილისშიც და რეგიონებშიც სკოლის დამთავრების აღსანიშნად მასწავლებელს საჩუქარს ჩუქნიან. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ზემოთ ჩამოთვლით ხარჯებთან ერთად, მშობელს ზრუნვა ახლა უკვე ამ საკითხზეც უწევს. როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლადამთავრებულებმა განუცხადეს, მათი ნაწილი ფულს მხოლოდ დამრიგებლისთვის, ნაწილი კი პედაგოგთა უმრავლესობისთვის აგროვებს. საჩუქრის „ფასი“ აქაც მრავალეროვანია და თითო მოსწავლეზე 20 ლარიდან 50-ლარამდე მერყეობს.

თუ მონაცემებს შევაჯამებთ, მშობლებს სკოლის გამოსაშვები საღამოთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 500-დან 1200-ლარამდე დაუჯდებათ. ისიც იმ შემთხვევაში თუ ბანკეტს მხოლოდ შვილი ესწრება. ხოლო თუ მშობელს არ სურს ამ საღამოს გამოაკლდეს, მაშინ თანხები ბუნებრივია მატულობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური