GE

როდის მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლები ფინანსურ დახმარებას? – საკითხი პარლამენტში განმარტეს

2026 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. ამას მოწმობს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას ეხება და რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 5 მაისს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, კანონმდებლებს წარუდგინა.

დოკუმენტში მოცემული მონაცემებით ირკვევა, რომ განათლების სამინისტროს, ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი 1,443.0 ათასი ლარიდან, ამ მიმართულებით, არაფერი დაუხარჯავს, რაც ბიუჯეტის 0%-იანი ათვისებაა.

„მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ“ – ზოგადი და უმაღლესი განათლება ოკუპირებულ რეგიონებში

როგორც გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა, თანხის გადარიცხვა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა მაისში შეფერხება აღმოიფხვრება.

„გარკვეული პრობლემები შეიქმნა სიებისა და ანგარიშების მოწოდებასთან დაკავშირებით. მოგეხსნებათ, იქ ცოტა რთულია კომუნიკაცია, თუმცა აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო. დაევალა ასევე ამაში ჩართვა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას და ვფიქრობთ, რომ მაისის თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ზუსტი სიები და ანგარიშის ნომრები იქნას წარმოდგენილი. ეს თანხები მზად არის გადასარიცხად, უბრალოდ გარკვეული ტექნიკური პრობლემაა. ამ ნაწილში იყო შეფერხება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე იხილეთ:

ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური