სხვა მოთხოვნები რექტორისა და დეკანის არჩევისას – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებები უკვე ამოქმედებულია.
კანონის ახალი დამატებებით, უნივერსიტეტის დეკანის არჩევისა და რექტორობის კანდიდატის განსაზღვრა განსხვავებული იქნება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში. მაგალითად რექტორობის კანდიდატი შესაძლოა იყოს პირი, რომელლსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
დეკანის არჩევის განსხვავებული წესი კონკრეტულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
ვინ შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატად – განსხვავებული წესი
ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.
რას ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებული პუნქტები და ახალი მუხლი:
1. “საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს, აგრეთვე პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს და რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან რომლის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო”.
2. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დიპლომატიის აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს”.
რას გულისხმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებას;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები.
3. ამ კანონსა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს“.
ასევე იხილეთ:
-
როგორ დახარჯა განათლების სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტი – ათვისება 96.6%-ია
by ARIS.GE-განათლება
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება