თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის საპირფარეშოებში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს
თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის საპირფარეშოებში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 176-ე და 115-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აცნობეს. ვიდეომონიტორინგის აპარატურა დაყენებულია მხოლოდ საპირფარეშოს შესასვლელ ოთახებში, იქ სადაც ხელსაბანები მდებარეობს. ფაქტს მშოლები არაერთგვაროვნად აფასებენ, ნაწილი უსაფრთხოების გამკაცრებას მიესალმება,ზოგი ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
დირექტორები განმარტავენ, რომ სათვალთვალო ტექნიკის დამატება სკოლებში დიდი ხანია დაგეგმილი იყო და ეს, უბრალოდ, დროში დაემთხვა დედაქალაქსა და წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას, რომელიც თბილისის შემთხვევაში სწორედ სკოლის საპირფარეშოში გარჩევით დაიწყო და ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა.
115-ე საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია ღამბაშიძე EDU.ARIS.GE–სთან საუბარში განმარტავს, რომ საპირფარეშოს პირველ ოთახში კამერების დაყენების მიზეზი მოსწავლეების ქცევა გახდა. მისი თქმით, ბავშვები იქ განთავსებულ ინვენტარს აზიანებდნენ.
„სკოლის ვიდეომონიტორინგის სისტემას ამ ეტაზე დაემატა ექვსი კამერა. ორი აკონტროლებს გარე პერიმეტრს, ერთი პირველი სართულის დერეფანს და თითო კამერა საპირფარეშოს წინა შესასვლელებს, სადაც ნიჟარები და სასაპნეები დგას. სკოლის ეზო, რასაკვირველია, კონტროლდება უსაფრთხოების გამო. შემოუღობავია და ძალიან დიდი ტერიტორიაა. რაც შეეხება შიდა ნაწილის კონტროლს, კამერები დაემატა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსწავლეები ტეხდნენ სასაპნეებს და ონკანებს, ტუალეტის ქაღალდებს ისროდნენ ეზოში. ამას აკეთებდნენ მე–7-მე–8-კლასელი ბავშვები. სწორედ ამიტომ დაგვჭირდა სათვალთვალო სისტემის დამონტაჟება საპირფარეშოების შესასვლელებში. ჩვენს სკოლაში, საბედნიეროდ, გარჩევები და ფიზიკური დაპირისპირება არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოხდა შელაპარაკება უფროსკლასელებს შორის. ღმერთმა დაგვიფარა, რომ სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდა. ხუთი მანდატური გვყავს და ყველა დასვენებაზე ისედაც აკონტროლებდნენ საპირფარეშოებს“, – ამბობს ფიქრია ღამბაშიძე
მისივე განმარტებით, სათვალთვალო კამერების დამატების ინიციატივა თავად სკოლის ადმინისტრაციას ეკუთვნის და განათლების სამინისტროს მხრიდან ამის შესახებ მითითება არ ყოფილა.
„ვიკრიბებით ხოლმე დირექტორები, ვთანამშრომლობთ სკოლები და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. ითქვა, ხომ არ დაგვემატებინა კამერები და მივიღეთ ასეთი გადწყვეტილება. სკოლას აქვს შემოსავლები და ხარჯვით ნაწილში, რასაკვირველია აქვს თავისუფლება. ვფქრობ, ეს გადაწყვეტილება ბავშვების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრეტენზიით არავის მოუმართავს, სადაც მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი ყველგან არის შესაბამისი ნიშანი. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ მოსწავლეების უფლებებს,“- აცხადებს 115-ე სკოლის დირექტორი.
მოსწავლეების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრობს 176-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკა გაბინაშვილიც, მისივე თქმით, ადმინისტრაციას სათვალთვალო კამერების რიცხვის გაზრდა დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა.
„სკოლის ბიუჯეტს ნოემბერში ვადგენთ ხოლმე და ისედაც ჩადებული გვქონდა, რომ კამერები უნდა დაგვემატებინა. ოთხსართულიანი სკოლაა, მოსწავლეების რაოდენობაც გაზრდილია. იყო კუთხეები, სადაც კამერა საერთოდ არ იდგა და ამიტომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ დამატება. მაგალითად, ბუფეტის მიმდებარე ტერიტორია აქამდე არ კონტროლდებოდა, არადა, იქ ყველა შესვენებაზეა თავშეყრა, ბავშვები ერთმანეთთან უხეშად მოპყრობას ხუმრობას ეძახიან და ყურადღება აუცილებელია. რაც შეეხება საპირფარეშოებს, იქ კონტროლდება მხოლოდ ვინ შედის და ვინ გამოდის, ჩანს მხოლოდ პირსაბანები, ტიხრებს იქეთ, რა თქმა უნდა, გადაღება არ მიმდინარეობს. საპირფარეშოებში ხდება ხოლმე თამბაქოს მოხმარება და ამისთვის უფრო გვჭირდება თვალთვალი. ამ წუთში, სკოლაში გვაქვს 16 კამერა. მიმაჩნია, რომ თუ კანონი არ ირღვევა, რაც უფრო დაცული იქნება ბავშვი, უკეთესია. ვისაც აინტერესებს მობრძანდეს და საკუთარი თვალით ნახოს რაც ჩანს იმ კამერებში. შემთხვევისგან არავინ არ არის დაზღვეული, ბავშვების ქცევას ჩვენ პროგნოზს ვერ გავუკეთებთ, ამიტომ, შეძლებისდაგვარად უნდა დავიცვათ, ოღონდ არ უნდა დაირღვას არავის კანონიერი უფლება“, -ამბობს ეკა გაბინაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
საპირფარეშოების მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეების დიდმა ნაწილმა განაცხდა, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს გადაუღებენ თუ არა, რადგან არაფერს აშავებენ.
„მე არაფერს არ მიშლის, გინდ ეყენოს და გინდ არა. ჭკვიანად ვიქცევი, თუმცა იყო შემთხვევები რომ ბიჭები კაბინის კარებს ფეხებს ურტყამდნენ და ჩამოაგდეს, ჰოდა, ალბათ, ამის გასაკონტროლებლადაც დაგვიყენეს ეს კამერები. ისე, ზოგიერთი ბავშვი კი გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ამის თაობაზე“,- ამბობს 176-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
რაც შეეხება მშობლებს, ამ შემთხვევაშიც გამოკითხულთა დიდი ნაწილი უსაფრთხოების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა ნაწილი ბავშვების უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
„ეს არის დიდი დარღვევა, როგორ შეიძლება საპირფარეშოში მიმდინარეობდეს გადაღება? იქნებ ბავშვი ისე გამოვიდა პირსაბანთან შარვალი შეკრული არ აქვს და მერე წესრიგდება, ვიდეოს უნდა უღებდნენ? თამბაქო კიდევ ვისაც უნდა სადარბაზოში წავა და იქ გააბოლებს. ასე პრობლემას ვერ მოაგვარებენ. უმჯობესია, კლასებში დააყენონ კამერები და თავიანთი მასწავლებლები გააკონტროლონ, რას ასწავლიან და როგორ ექცევიან ბავშვებს“,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
„ცოტა მეუხერხულა ბავშვმა რომ მითხრა საპირფარეშოში კამერები დაამონტაჟესო, მერე რა რომ კაბინები დახურულია, პირსაბანთან თავის მოწესრიგებაც ადამიანის პირადი სივრცეა და არ არის სასიამოვნო ვინმე გაკვირდებოდეს. თუმცა მომხდარი ტრაგედიით იმდენად შევშინდი, რომ თანახმა ვარ გააკონტროლონ. ისიც კარგად მახსოვს ერთ-ერთ სკოლაში გოგონა საპირფარეშოს ფანჯრიდან რომ გადახტა. ჯობია ცოტა პირადი სივრცის შევიწროებას შევეგუოთ, ვიდრე უბედურება მოხდეს, ამიტომ მომწონს ეს გადაწყვეტილება, ალბათ, საჭირო იყო და ამიტომ გააკეთეს,“- აცხადებს 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი თეა გადელია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება