GE

176-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ შვილების ჩანთებს ყოველდღიურად შეამოწმებენ

თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში მშობლებს მოსწავლეთა ჩანთების გაკონტროლების მიზნით ხელი მოაწერინეს. როგორც ამავე სკოლის მოსწავლის მშობელმა EDU.ARIS.GE-ისთან საუბარში განაცხადა, ხელისმოწერით მათ დაადასტურეს, რომ მშობლები მოსწავლეებს ჩანთებს სკოლაში წასვლამდე შეუმოწმებენ, რათა ბავშვებმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში რაიმე აკრძალული ნივთები არ წაიღონ.

EDU.ARIS.GE 176-ე სკოლის დირექტორს, ეკა გაბინაშვილს დაუკავშირდა. როგორც დირექტორი აცხადებს, ეს იყო ერთგვარი შეხსენება მშობლებისთვის, რომ მათ გააკონტროლონ ბავშვები ვიდრე სახლიდან სკოლაში გამოუშვებენ. მისივე თქმით, სკოლას 900-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს და მათი გაჩხრეკვის არც უფლება და არც ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაცია მოუწოდებს მშობლებს, რომ გააქტიურდნენ და მოსწავლეებს, სკოლაში წამოსვლის და ასევე სკოლაში დაბრუნების შემდეგაც, შეუმოწმონ ჩანთები.

,,მშობლებისგან მოსწავლეთა ჩანთების კონტროლის შესახებ ხელის მოწერით დადასტურება არ ყოფილა სამინისტროს რეკომენდაცია. ჩვენ როგორც სსიპ-ს გვაქვს ჩვენი შინაგანაწესი, რომლის შედგენის პროცესშიც სამეურვეო საბჭოს წევრმა მშობლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და შინაგანაწესში ისედაც გვიწერია, რომ მშობელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლის ჩანთა არამხოლოდ აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, არამედ იმის შესამოწმებლადაც– მიაქვს თუ არა მოსწავლეს იმ დღის შესაბამისი ცხრილის სახელმძღვანელოები. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსწავლეებში რაიმე აკრძალული ნივთის აღმოჩენის ფაქტი ჩვენს სკოლაში არ დაფიქსირებულა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს იყო უბრალო შეხსენება მშობლებისთვის, რომ სკოლაში წამოსვლის წინაც და სახლში დაბრუნების შემდეგაც შეუმოწმონ ბავშვებს ჩანთები“, – განმარტავს ეკატერინე გაბინაშვილი.

სკოლის მოსწავლეებში ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებები – სტატისტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური