GE

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მოსწავლეებს ონლაინ სწავლების ასარჩევად რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი დასწრებულად სკოლებში უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდება ანუ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც ბავშვები სკოლის კედლებში დაბრუნდებიან.

განათლების სამინისტროს აქამდე მიღებული გადაწყვეტილებით მშობლებს შეუძლიათ სწავლის დასწრებულ რეჟიმში განახლების მიუხედავად, ისევ ონლაინ სწავლება აირჩიონ.
თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა დღემდე შეეხებოდა მხოლოდ შემდეგ ქალაქებს – ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს. 15 თებერვლიდან კი ამ ჩამონათვალს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლები დაემატებიან.

იმ სამ ქალაქში, სადაც სწავლა დასწრებულ რეჟიმში 15 თებერვლიდან განახლდება, მშობლებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებას მოითხოვენ რეგისტრაციის გავლა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge-ზე მიმდინარეობს. რეგისტრაცია 10 თებერვლის 00:00 საათიდან უკვე შესაძლებელია.

“დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://online.emis.ge ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ, ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში, ხოლო თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

შესაძლებელია სკოლაში ყველა ფინანსურ კლასთან (ჩვეულებრივი კლასი, რომლის მასწავლებელსაც სამინისტრო აფინანსებს ავტ.) შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი, რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური/ონლაინ ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები იმ კონკრეტული კლასიდან;

ასევე შესაძლებელია პარალელური კლასებიდან შეიქმნას ერთი დისტანციური კლასი, რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური/ონლაინ ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური