თბილისის საკრებულოში CIU-ს ზამთრის სკოლა გაიხსნა
5 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლა გაიხსნა.
სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი.
რექტორმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა სკოლის მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხის აქტუალობა და ახალგაზრდების განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით, თბილისის საკრებულოს კი მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ზამთრის სკოლის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კი – უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს წევრების გამოცდილება დაეხმარება სტუდენტებს მეტი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. სწორედ ამიტომ შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
დღის ფარგლებში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, დედაქალაქის საკრებულოს მუშაობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა, მეორე ნაწილში კი აუდიტორიის წინაშე წარდგა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი.
სხდომაზე სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკრებულოს წევრებთან განეხილათ დედაქალაქის წინაშე მდგარი აქტუალური საკითხები, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ რეკომენდაციები.
ზამთრის სკოლა 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ძირითად სალექციო დღეებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს, დასკვნითი დღე კი რუსთავის მუნიციპალიტეტში იგეგმება. სკოლის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან დარგის ექსპერტები და სხვადასხვა ქალაქის მერები. თემატიკა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: „მუნიციპალური სამართლის საფუძვლები“; „მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვა“; „ადგილობრივი თვითმმართველობის ჰერალდიკური ნიშნები“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი თეორიულ საკითხებთან ერთად, მრავალფეროვან პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია 200-ზე მეტმა მსურველმა გაიარა, საიდანაც კომისიამ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 35 მონაწილე შეარჩია, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არიან.
ზამთრის სკოლის მხარდამჭერია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
- CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი