GE

თსუ-ში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 12 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ისწავლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 12 ქვეყნიდან  ჩამოსული სტუდენტები ისწავლიან. ისინი საქართველოში ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის უნივერსიტეტებიდან ჩამოვლენ, მათ შორის პირველად – ბრაზილიიდან და დანიიდან.

თსუ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილე უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელი ღონისძიება გაიმართა. თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინტერნაციონალიზაცია, ამ სემესტრში 33 უცხოელი სტუდენტი გვყავს. ყველა კონტინენტიდან არიან წარმოდგენილები. შემდეგ სემესტრშიც გვეყოლება უცხოელ სტუდენტთა სერიოზული რაოდენობა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ძალიან კარგია რაც ხდება, ეს ნიშნავს, რომ მობილობა არ არის ცალმხრივი, არის მრავალმხრივი, ჩვენთანაც ჩამოდიან და ჩვენებიც მიდიან“, – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ თეა გერგედავას თქმით, უცხოელი სტუდენტების მხრიდან ინტერესი ყოველწლიურად მზარდია.

„ბოლო სამი წლის დინამიკა გვიჩვენებს, რომ დაინტერესება ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ საკმაოდ მზარდია. ამჯერად, თსუ-ში 33 უცხოელი სტუდენტი ერთ ან ორ სემესტრს გაატარებს. ისინი 12 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. მათ შორის, პირველად გვყავს სტუდენტები ბრაზილიიდან და დანიიდან. სტუდენტების მიერ არჩეული კურსებიც ასევე ძალიან მრავალფეროვანია, ისინი ისწავლიან ყველა ფაკულტეტზე და ასევე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში“,- განაცხადა მან.

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (გერმანია) სტუდენტი მაგალი აგნეს ჰუბერსი ამბობს, რომ მისთვის საინტერსო იყო ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩამოსვლა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა.

„დამაინტერესა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სტუმრობამ, ამიტომ ჩამოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ს აქვს ევროპული კვლევების პროგრამა, რომელსაც მინდა დავესწრო რადგან ამ მიმართულებაზე ვსწავლობ გერმანიაში. ასევე მაინტერესებს სამართალი, პოლიტიკა და კულტურა. საინტერესოა თქვენი პერსპქეტივიდან შევხედო ევროკავშირს. ბევრი რამ არ ვიცოდი საქართველოს შესახებ. ძალიან დაინტერესებული ვარ ამ რეგიონით, საქართველოს კულტურით და ქართული ენის შესწავლასაც ვაპირებ“,- აღნიშნა მან.

შეხვედრაში თსუ-ის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და ასევე, ერასმუსის სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც უცხოელ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ ესაუბრნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური